
გავეცნოთ აუდიტორული და საბუღალტრო მომსახურების ბიზნესს შემდეგი რვა ფირმის მაგალითზე:
1️⃣ შპს "ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო" (PwC Georgia)¹
2️⃣ შპს "იუაი" (EY Georgia)
3️⃣ შპს "ქეიფიემჯი ჯორჯია" (KPMG Georgia)
4️⃣ შპს "დელოიტი და ტუში" (Deloitte Georgia)
5️⃣ შპს "ბიდიო საქართველო" (BDO Georgia)
6️⃣ შპს "ნექსია ჯორჯია" (Nexia Georgia)
7️⃣ შპს "ფინანსური მართვის ჯგუფი" (FMG)
8️⃣ შპს "ენთები" (Ants)
*მეთოდოლოგიური შენიშვნა ფისკალური წლების შესახებ. Big 4-ის წევრი ფირმები საქართველოში გლობალური ქსელის ფისკალურ კალენდარს მიჰყვებიან: Deloitte-ის ფინანსური წელი 31 მაისს სრულდება, EY-ისა და PwC-ის 30 ივნისს, KPMG-ის კი 30 სექტემბერს. დანარჩენი ოთხი ფირმა კალენდარულ წელზეა ანგარიშვალდებული. შესაბამისად, ამ მიმოხილვაში Big 4-ის მაჩვენებლები 2025 ფისკალურ წელს ასახავს, დანარჩენი ოთხი ფირმისა კი 2024 კალენდარულ წელს. ეს არის თითოეული ფირმის ბოლო საანგარიშგებო ფისკალური წელი (LFY) და პერიოდები ერთმანეთს მაქსიმუმ 6-9 თვით სცდება (მაგალითად, EY-ისა და PwC-ის 2025 ფისკალური წლის ნახევარი სწორედ 2024 კალენდარულ წელზე მოდის). ზრდის ტემპები და ისტორიული დინამიკა თითოეული ფირმის საკუთარი ფისკალური კალენდრის მიხედვითაა გაანგარიშებული, ამიტომ იქ შეუსაბამობა არ წარმოიქმნება. თითოეული ფირმისთვის გამოყენებულია კონსოლიდირებული ანგარიშგება, სადაც ასეთი არსებობს. ერთადერთი გამონაკლისი EY-ია, რომლის კონსოლიდირებული ანგარიშგება ყირგიზულ შვილობილსაც მოიცავს (დაახლოებით ₾3.7 მილიონი შემოსავალი), ამიტომ ქართული ბაზრის შესადარისობისთვის ამ მიმოხილვაში EY-ის ინდივიდუალური მაჩვენებლებია გამოყენებული.
წარმოდგენილი ფირმების ძირითადი საქმიანობა აუდიტორული, საგადასახადო, ფინანსური საკონსულტაციო და იურიდიული მომსახურებაა. ანალიზში ასევე შესულია ორი კომპანია: Ants, რომლის ძირითადი საქმიანობა საბუღალტრო აუთსორსინგია, და FMG, სადაც, საბუღალტრო აუთსორსინგთან ერთად, შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი პროგრამულ გადაწყვეტებზე მოდის.
განხილული რვა ფირმის ჯამურმა შემოსავალმა ბოლო საანგარიშო წელს ₾130 მილიონი შეადგინა. აქედან Big 4-ზე (PwC, EY, KPMG, Deloitte) დაახლოებით ₾74 მილიონი (წარმოდგენილი რვა კომპანიის შემოსავლების 57%) მოდის.
წყარო: კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები და სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია; finSPOT-ის ანალიზი.
შენიშვნა: ანალიზში წარმოდგენილი კორექტირებული მაჩვენებლები შესაძლოა განსხვავდებოდეს კომპანიების მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებისგან.