
💡 გავეცნოთ ღვინის წარმოების ბიზნესს შემდეგი 7 კომპანიის მაგალითზე:
1️⃣ სს „ბადაგონი“ (Badagoni)
2️⃣ სს „თბილღვინო“ (Tbilvino)
3️⃣ სს „თელიანი ველი“ (Teliani Valley)
4️⃣ სს „თელავის ღვინის მარანი“ (მარანი | Marani)
5️⃣ შპს „წინანდლის ძველი მარანი“ (მილდიანი | Mildiani)
6️⃣ შპს „რთველისი“ (Rtvelisi)
7️⃣ შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ (GWS)
ანალიზი მოიცავს შვიდ კომპანიას, რომელთა 2024 წლის შემოსავალი დაახლოებით ₾20-60 მილიონის ფარგლებშია. კომპანიების ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება, რაც სხვადასხვა ზრდის ტემპის, ლევერიჯისა და გამოცდილების მქონე კომპანიების შედარების შესაძლებლობას გვაძლევს.
მეთოდოლოგიური შენიშვნა: ანალიზი ეფუძნება კომპანიების უახლეს, 2024 წლის ფინანსურ ანგარიშგებებს. შემოსავლების დინამიკის საერთო შესადარისი პერიოდი 2021-2024 წლებია, რადგან ყველა შერჩეული კომპანიისთვის უფრო ძველი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის. „თელიანი ველისა“ და „მილდიანის“ მონაცემები კონსოლიდირებულია; დანარჩენი კომპანიების — ინდივიდუალური. ადგილობრივი, საექსპორტო და ქვეყნების მიხედვით გაყიდვების წილები ნაჩვენებია მხოლოდ იქ, სადაც ანგარიშგება თანხობრივ გაშლას იძლევა; ხარისხობრივი მითითებები პროცენტებად არ არის გარდაქმნილი.
პროდუქტული მიქსის, დაკავშირებულ მხარეებთან ოპერაციებისა და COGS-ში ხელფასების, მარკეტინგის, ცვეთისა და სასოფლო-სამეურნეო მუხლების განსხვავებული კლასიფიკაციის გამო გამოქვეყნებული საერთო მოგებისა და OpEx-ის მარჟები პირდაპირ შესადარისი არ არის. EBITDA კლასიფიკაციის სხვაობების ნაწილს ამცირებს და საოპერაციო შედარებისთვის უფრო ინფორმატიულია, თუმცა სრულად სტანდარტიზებული მაჩვენებელი არც ის არის. „რთველისის“ საერთო მოგების მარჟა, OpEx-ის კოეფიციენტი და მარაგების დღეები ტექსტშიც და თანდართულ ცხრილშიც სარეკლამო ხარჯის COGS-იდან OpEx-ში გადატანის შემდეგაა ნაჩვენები.
„თბილღვინოსა“ და „მილდიანის“ 2024 წლის ანგარიშგებებზე აუდიტორებმა პირობითი მოსაზრება გამოსცეს (ორივე შემთხვევაში — მარაგების ინვენტარიზაციაზე დაუსწრებლობის გამო). „რთველისის“ ანგარიშგებაზე უარყოფითი მოსაზრებაა გაცემული: აუდიტორმა ვერ დაადასტურა 2024 წლის ბოლოს არსებული მარაგები (₾11.9 მილიონი), 2023-2024 წლების თვითღირებულება და ძირითადი საშუალებები (₾12.1 მილიონი). 2024 წელი „რთველისის“ პირველი აუდიტირებული წელია — 2023 წლის ანგარიშგებას აუდიტორული დასკვნა არ ახლდა, ხოლო 2023 წლის შესადარისი მონაცემები 2024 წლის ანგარიშგებაში გადაანგარიშდა. „რთველისი“ FCFF-ის შედარებიდან გამორიცხულია, ხოლო მისი მარჟებისა და ROIC-ის მაჩვენებლები აუდიტორის მიერ დაუდასტურებელ თვითღირებულებას ეყრდნობა. „მილდიანის“ 2021-2022 წლების CapEx ცალკე არ არის გამჟღავნებული; შესაბამისად, მისი კუმულაციური FCFF ეფუძნება იდენტიფიცირებულ კაპიტალურ დანახარჯებს და შესაძლოა გადაჭარბებული იყოს. ყველა რეიტინგი და შედარებითი ფორმულირება მხოლოდ ამ შერჩეულ კომპანიებს ეხება და არა საქართველოს ღვინის მთლიან სექტორს.
კომპანიების წყაროები: შვიდივე კომპანიის 2024 წლის ფინანსური ანგარიშგებები და მმართველობის ანგარიშგებები.