
💡 გავეცნოთ საქართველოს სადაზღვევო სექტორს შემდეგი 7 კომპანიის მაგალითზე:
1️⃣ სს „თიბისი დაზღვევა“ (TBC Insurance)
2️⃣ სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ (GPI Holding)
3️⃣ სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ (Aldagi)
4️⃣ სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“ (Imedi L)
5️⃣ სს „არდი დაზღვევა“ (Ardi)¹
6️⃣ სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ (IRAO)
7️⃣ სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ (Benefits)
მეთოდოლოგიური შენიშვნა. ამ ანალიზში კომპანიების ფინანსები ეყრდნობა არა აუდიტირებულ IFRS ანგარიშგებებს, არამედ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის (ISSSG) წარდგენილ სტანდარტულ ფორმებს (N1 საბალანსო უწყისი და N2 მოგება-ზარალის უწყისი). მიზეზი მარტივია: 2023 წლიდან მზღვეველები IFRS 17-ზე გადავიდნენ და აუდიტირებული ანგარიშგებებიდან მოზიდული პრემია, გამომუშავებული პრემია და ზარალიანობის კოეფიციენტი, ანუ ის მაჩვენებლები, რომლითაც მთელი მსოფლიო მზღვეველებს ადარებს, პრაქტიკულად გაქრა და თითოეული კომპანია ხარჯებს საკუთარი წესით აჯგუფებს. ISSSG-ის ფორმები ყველა კომპანიისთვის ერთნაირია, თუმცა ინდივიდუალური და არააუდიტირებულია, ამიტომ ცალკეული მაჩვენებლები აუდიტირებული ანგარიშგებებისგან განსხვავდება (მაგალითად, TBC Insurance-ის 2025 წლის წმინდა მოგება მარეგულირებლის ფორმით ₾39.8 მილიონია, კონსოლიდირებული IFRS ანგარიშგებით კი ₾41.5 მილიონი).
2025 წელს საქართველოს 19 ლიცენზირებულმა მზღვეველმა ჯამურად ₾1.4 მილიარდის პრემია მოიზიდა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია (2024 წელს ზრდა 18% იყო). წარმოდგენილ შვიდ კომპანიაზე ბაზრის 81% მოდის: მათმა ჯამურმა მოზიდულმა პრემიამ 2025 წელს ₾1.2 მილიარდი შეადგინა, 18%-ით მეტი წინა წელთან შედარებით, ხოლო ხუთწლიანი საშუალო წლიური ზრდა კომპანიების მიხედვით 14%-დან 33%-მდე მერყეობს. ისტორიული ჭრილიც შთამბეჭდავია: ექვსი კომპანიის (2024 წელს დაფუძნებული Ardi-ს გარეშე) ჯამური მოზიდული პრემია 2019 წლიდან 2.5-ჯერ გაიზარდა, ჯამური წმინდა მოგება კი 6.5-ჯერ, ₾15 მილიონიდან ₾101 მილიონამდე.
წყარო: დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (ISSSG) მარეგულირებელი ფორმები N1/N2 და ბაზრის სტატისტიკა, კომპანიების აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებები და სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია; finSPOT-ის ანალიზი.
შენიშვნა: კომპანიების ფინანსები ეფუძნება ISSSG-ისთვის წარდგენილ ინდივიდუალურ, არააუდიტირებულ ფორმებს; საბაზრო წილები და პორტფელის სტრუქტურა — ISSSG-ის 2025 წლის სტატისტიკურ მოზიდულ პრემიას, რომელიც ფინანსური ფორმის მოზიდული პრემიისგან მცირედით განსხვავდება.
შენიშვნა: იხილეთ პასუხისმგებლობის შეზღუდვა www.finspot.ge/disclaimer.
¹ Ardi 2023 წლის დეკემბერში დაფუძნდა და 2024 წლის 1 მაისს სს „ავტოგრაფის“ სადაზღვევო პორტფელი შეიძინა, ამიტომ 2024 წლამდე შესადარისი ისტორია არ არსებობს.
² მარეგულირებელ ფორმებში ფულადი ნაკადების უწყისი არ არის; მფლობელებზე განაწილებული თანხები გამოთვლილია კაპიტალის მოძრაობიდან (წლის დასაწყისის კაპიტალი + წმინდა მოგება + კაპიტალის შენატანები − წლის ბოლოს კაპიტალი) და მოიცავს როგორც ფულად დივიდენდებს, ისე სხვა განაწილებას. სადაც აუდიტირებული ანგარიშგება ხელმისაწვდომია, გამოთვლილი თანხები მას ემთხვევა.
³ Ardi-ს 2025 წლის განაწილება წლის განმავლობაში დაგროვილი მოგების სრულ განაწილებას ასახავს და აუდიტირებული ანგარიშგებით გადასამოწმებელია.
კოეფიციენტების დეფინიციები:
მოზიდული პრემია (GWP): საანგარიშო წელს გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების მთლიანი პრემია გადაზღვევის გამოკლებამდე.
გამომუშავებული პრემია, ნეტო (NEP): მოზიდული პრემია გადამზღვეველებზე გადაცემული პრემიისა და გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის ცვლილების გამოკლებით; ეს არის მზღვეველის „შემოსავალი“ საანგარიშო წელს.
დაკავების კოეფიციენტი: მოზიდული პრემია გადაზღვევის პრემიის გამოკლებით, გაყოფილი მოზიდულ პრემიაზე; აჩვენებს, რისკის რა ნაწილს იტოვებს კომპანია საკუთარ თავზე.
ზარალიანობის კოეფიციენტი: დამდგარი ზარალები, ნეტო გაყოფილი გამომუშავებულ პრემიაზე, ნეტო.
ხარჯების კოეფიციენტი: საოპერაციო ხარჯები (ხელფასები, ადმინისტრაციული ხარჯები, გადასახადები მოგების გადასახადის გარდა, ცვეთა) გაყოფილი გამომუშავებულ პრემიაზე, ნეტო.
საკომისიო კოეფიციენტი: წმინდა საკომისიო ხარჯი (გაცემული საკომისიო გადამზღვეველებისგან მიღებული საკომისიოს გამოკლებით) გაყოფილი გამომუშავებულ პრემიაზე, ნეტო; უარყოფითი მნიშვნელობა ნიშნავს, რომ გადაზღვევის საკომისიო შემოსავალი გაცემულ საკომისიოებს აჭარბებს.
კომბინირებული კოეფიციენტი: ზარალიანობის, ხარჯებისა და საკომისიო კოეფიციენტების ჯამი; 100%-ზე ნაკლები მნიშვნელობა სადაზღვევო საქმიანობის მომგებიანობას ნიშნავს.
საინვესტიციო აქტივები: ფულადი სახსრები, დეპოზიტები, ფასიანი ქაღალდები, გაცემული სესხები და საინვესტიციო ქონება.
საინვესტიციო აქტივების უკუგება: საინვესტიციო შემოსავალი გაყოფილი საშუალო საინვესტიციო აქტივებზე.
ROAE: წმინდა მოგება გაყოფილი საშუალო კაპიტალზე.
ROAA: წმინდა მოგება გაყოფილი საშუალო მთლიან აქტივებზე.
ანდერრაითინგის ლევერიჯი: გამომუშავებული პრემია, ნეტო გაყოფილი საშუალო კაპიტალზე.
5-წლიანი CAGR: მოზიდული პრემიის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 2020-2025 წლებში.