7 July 2026

გავეცნოთ იურიდიული მომსახურების ბიზნესს შემდეგი ექვსი ფირმის მაგალითზე:
1️⃣ შპს "იურიდიული ფირმა ბიელსი" (BLC Law Office)
2️⃣ შპს "ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისიზ ჯორჯია" (BGI Legal)
3️⃣ შპს "ანდერსენ ლიგალ" (Andersen Legal)
4️⃣ შპს "დენტონს საქართველო" (Dentons Georgia)
5️⃣ შპს "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები" (Nodia, Urumashvili & Partners)
6️⃣ კს "კორძაძის საადვოკატო ბიურო" (Kordzadze Law Office)
წარმოდგენილი 6 იურიდიული ფირმის ჯამურმა შემოსავლებმა 2024 წელს ₾20 მილიონს გადააჭარბა. სექტორს ახალი ლიდერიც ჰყავს: BLC-მ ₾5.2 მილიონიანი შემოსავლით პირველ ადგილზე გადაინაცვლა და 60%-იანი წლიური ზრდით BGI-სა და Dentons-ს გადაასწრო.
იურიდიული მომსახურება კლასიკური asset-light ბიზნესია. მთავარი აქტივი პარტნიორების რეპუტაცია, იურისტების ხარისხი, კლიენტებთან წვდომა და განმეორებადი მანდატების პორტფელია — ანუ ის, რაც ბალანსზე არ ჩანს. ამას ციფრებიც ადასტურებს: წარმოდგენილი ფირმების უმეტესობაში შრომის ანაზღაურება შემოსავლის 69%-77%-ს შეადგენს, ხოლო ფული და სავაჭრო მოთხოვნები ექვსიდან ხუთ ფირმაში აქტივების საშუალოდ 85%-ია (გამონაკლისია "კორძაძის ბიურო", რომლის აქტივების ძირითად ნაწილს უძრავი ქონება შეადგენს).
წყარო: კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები და სხვა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია; finSPOT-ის ანალიზი.
შენიშვნა: ანალიზში წარმოდგენილი კორექტირებული მაჩვენებლები შესაძლოა განსხვავდებოდეს კომპანიების მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებისგან.