
გავეცნოთ ქსელური კაფეების 2022 წლის მონაცემებს 3 კომპანიის მაგალითზე:
შპს “ანტრე 2008” (Entrée • ანტრე)
შპს “სკა ჯგუფი” (SKA • სკა)
შპს “ფრენჩ ბეიქერი” (PAUL • პოლი)
სამივე კომპანია პოპულარული რესტორნების ქსელს წარმოადგენს თბილისში. განსხვავებების მიუხედავად, კომპანიები მეტნაკლებად ერთ სამომხმარებლო სეგმენტზე გადიან. ამიტომ საინტერესო იქნება მათი ფინანსურ ჭრილში შედარება.
Entrée და PAUL ძირითადად ფრანგული ტიპის პროდუქციას სთავაზობენ მომხმარებლებს. “ანტრე” საქართველოში შექმნილი ბრენდია, “პოლი” კი ფრანგული საკონდიტრო/საცხობის ფრანჩაიზი. SKA საერთაშორისო რესტორნების ქსელის, JOE & THE JUICE-ის ინსპირაციით შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც პოზიციონირებს როგორც ჯანსაღი კვების ობიექტი.
წარმოდგენილი კომპანიები ასევე მნიშვნელოვან კონკურენციას უწევენ სხვა coffee shop-ებს — ქსელურს თუ ცალკეულ ობიექტებს.
მიუხედავად იმისა რომ კონკურენტებზე გვიან გამოჩნდა ბაზარზე, აგრესიული ზრდითა და პროდუქტების ასორტიმენტის ოპტიმალური გაფართოებით, “სკამ” მალევე მოახერხა კონკურენტუნარიან [grab & go] რესტორნად ჩამოყალიბება. თუ 2021 წელს “პოლი” უსწრებდა “სკას” შემოსავლებით, 2022 წელს “სკამ” მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.
“სკას” შემოსავლების მკვეთრი ზრდა ორი მიზეზით აიხსნება:
(1) ახალი ფილიალების დამატება;
(2) საერთო მოგების მარჟების (gross profit margin) მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც 2022 წელს წლიურად თითქმის 20 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. მარჟების ზრდა შეიძლება აიხსნას როგორც წარმოების მასშტაბების გაზრდით მიღებული ბენეფიტებით (ცენტრალიზებული საწარმოს ხარჯები უფრო მეტ ერთეულზე ნაწილდება), ასევე მზა საკვების ასორტიმენტის გაზრდით (ნაცვლად ინდივიდუალური შეკვეთის შედეგად მომზადებული პროდუქციისა).
სამივე კომპანია მომგებიანია, თუმცა ყველაზე დაბალ მოგების მარჟაზე PAUL ოპერირებს, რაც გამოწვეულია მაღალი საოპერაციო ხარჯებით. ვინაიდან Entrée-სა და SKA-ს მაგიდასთან მიტანის სერვისი არ აქვთ და ძირითადად “grab & go” პრინციპით ოპერირებენ, ნაკლები თანამშრომლების რაოდენობის და ხარჯის საჭიროება აქვთ. “პოლი” კი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ადგილზე შეკვეთის სერვისს, ასევე მაგიდასთან მომსახურებას.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.
2022 წელს Entrée-ს შემოსავლებმა ₾26 მილიონი შეადგინა, რაც 84%-ით და 136%-ით აღემატება წარმოდგენილი კონკურენტების მაჩვენებლებს.
რესტორნების საერთო მოგების მარჟები 50%-60%-ის ფარგლებში მერყეობს. საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში კი 40%-55%-ის ფარგლებშია.
“პოლი” ერთადერთი იყო წარმოდგენილ კონკურენტებს შორის, რომლის მომგებიანობის მაჩვენებლებიც გაუარესდა 2022 წელს. თვითღირებულების ხარჯების მნიშვნელოვანმა ზრდამ გამოიწვია კომპანიის საერთო მოგების მარჟის შემცირება 67%-დან 60%-მდე, საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში კი მხოლოდ 4 პროცენტული პუნქტით შეუმცირდა. შედეგად, “პოლის” საოპერაციო მოგების მარჟა 8%-დან 5%-მდე შემცირდა.
საკმაოდ ეფექტური საბრუნავი კაპიტალის მართვა აქვს “სკას“. საშუალოდ მარაგებს 28 დღეში ყიდის და მომწოდებლებისთვის თანხის გადახდასაც თითქმის ამავე დროს ანდომებს. “პოლის” შემთხვევაში მარაგების ამოყიდვა საშუალოდ 61 დღეში ხდება, მომწოდებლებისთვის თანხის გადახდა კი 41 დღეში უწევს, რაც დამატებითი საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებას ითხოვს.
კომპანიების ზრდის ტემპიდან გამომდინარე იკვეთება, რომ grab & go რესტორნების და საუზმეზე ფოკუსირებული ობიექტების პოპულარობა ჯერ კიდევ მზარდია თბილისში. რეგიონებში კი – ალბათ, მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე – თითქმის აუთვისებელია სექტორია.
“ანტრეს” და “სკას” მაგალითებზე შეიძლება ითქვას, რომ, ხშირ შემთხვევაში, ფრანჩაიზის გაკეთებას, უბრალოდ კარგი ანალოგის გაკეთება ჯობია. ველოსიპედს არ იგონებ და ფრანჩაიზის შეზღუდვების და მკაცრი გაიდლაინების არარსებობიდან გამომდინარე, მეტი ლავირების და ადგილობრივ ბაზარზე ადაპტაციის საშუალება გაქვს.
კომპანიების მფლობელები:
Entrée • ანტრე
კომპანიის მფლობელი:
– თამილა მაისურაძე: 100%
*კომპანიის დამფუძნებელი (და 2020 წლის რეპორტის მიხედვით, აღმასრულებელი დირექტორიც): ევგენი ფიჩხაია
SKA • სკა
კომპანიის მფლობელები:
– გიორგი ტალახაძე: 50%
– ჯეიკობ ალბერტ ჰელარ (აშშ): 30%
– ანა ტალახაძე: 10%
– შოთა ცისკარიშვილი: 10%
PAUL Georgia
კომპანიის მფლობელი:
– გლობალ ლაიფსტაილ ელ-ტე-დე, სეიშელის კუნძულები.
*ამ ოფშორის უკან რომელი ფიზიკური თუ იურიდიული პირი დგას რეპორტში არ არის მითითებული. კომპანია წარმოადგენს ფრანგული ბრენდის “PAUL” ოფიციალურ ფრანჩაიზერს.