🥤 **შპს "სკა ჯგუფი" (SKA)** **2018 წელს** დაფუძნდა და პოზიციონირებს, როგორც **ჯანსაღი სწრაფი კვების…
ქსელი. კომპანია ოპერირებს ბრენდებით "სკა ჯუს ბარი" და "სკა სალად ბარი" და 2025 წლის ბოლოს თბილისში 15 ფილიალს, ცენტრალიზებულ საწარმოსა და საწყობს ითვლიდა, საშუალოდ 297 თანამშრომლით (2024: 311**).
📑 2021-25 წლებში შემოსავალი თითქმის გაოთხმაგდა და ₾23.3 მილიონს მიაღწია (+15% წ/წ; CAGR: 41%). თუმცა ზრდა სწორხაზოვანი არ ყოფილა. 2023 წლის 43%-იანი წლიური ზრდის შემდეგ, 2024 წელს ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა და მხოლოდ 2% შეადგინა. 2025 წელს კი კომპანიის შემოსავლების ზრდა ნორმალიზდა და 15% შეადგინა. ზრდის ასეთი ცვალებადობა გარკვეულწილად ასახავს ფილიალების რაოდენობის ცვლილებასაც (2022: 13; 2023: 17; 2024: 14; 2025: 15). აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ზრდა მხოლოდ ერთი ფილიალის მატებას მოიცავს, დანარჩენი კი არსებულ ფილიალებზე მოდის.
📑 SKA-ს კორექტირებულმა საოპერაციო მოგებამ ₾1.2 მილიონი (მარჟა: 5.0%), EBITDA-მ კი ₾1.9 მილიონი (მარჟა: 8.2%) შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.
📑 მომგებიანობის მაჩვენებლების გაუმჯობესებას სამი ძირითადი ახსნა აქვს: (1) 2025 წელს საერთო მოგების მარჟა მცირედით გაიზარდა და 52.3% შეადგინა (2024: 51.7%); (2) კორექტირებული საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 50.6%-მდე შემცირდა (2024: 53.2%); და (3) 2025 წელს კომპანიას ჰქონდა ₾757 ათასის "სხვა შემოსავალი" (2024: ₾62 ათასი), რომლის ზუსტი წარმომავლობა ან განმეორებადობა ანგარიშგებაში განმარტებული არ არის. ამ უკანასკნელის ეფექტის გამოკლებით, კომპანიის საოპერაციო მარჟა 1.7%, EBITDA მარჟა კი 5.0% იქნებოდა 2025 წელს.
📑 საოპერაციო ხარჯების უმსხვილესი ცალკეული კომპონენტი ხელფასებია, რამაც ₾7.1 მილიონი შეადგინა 2025 წელს, ანუ მთლიანი კორექტირებული საოპერაციო ხარჯების 61% და შემოსავლის 31%. აღსანიშნავია, რომ კომპანიის საოპერაციო ხარჯებში მცირე წილი უჭირავს სარეკლამო/მარკეტინგულ დანახარჯებს, რამაც 2025 წელს მხოლოდ ₾171 ათასი შეადგინა, შემოსავლის 0.7%.
📑 საოპერაციო და EBITDA მარჟების გაუმჯობესების მიუხედავად, კომპანიამ წელი კვლავ ზარალით დახურა და წმინდა ზარალმა -₾975 ათასი შეადგინა. ზარალიანობის ძირითადი მიზეზი სესხის ჩამოწერის ერთჯერადი ხარჯია. 2024-25 წლებში არარეზიდენტ დაკავშირებულ მხარეზე საოპერაციო საქმიანობის დასაფინანსებლად გაცემულ იქნა ₾1.8 მილიონის სესხი. 2025 წლის მარტში კი მსესხებელი კომპანიის ორივე ფილიალი დაიხურა, ანუ საზღვარგარეთ გაფართოების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. კომპანიამ ამ სესხის ჩამოწერილი ხარჯი საოპერაციო ხარჯებში ასახა, finSPOT-ის დაკორექტირებული მონაცემებისა და მარჟების ანალიზისთვის კი ეს ხარჯი არასაოპერაციო ხარჯებშია ასახული.
📑 კომპანიისთვის ზარალიანი იყო 2024 და 2023 წლებიც, რაც მნიშვნელოვანწილად არასაოპერაციო ხარჯებმა განაპირობა ₾792 ათასისა და ₾1.4 მილიონის ოდენობით, შესაბამისად. თუმცა ანგარიშგებაში ამ ხარჯების წარმომავლობა აღწერილი არ არის (2025 კომპანიის პირველი აუდირებული წელია).
📑 კაპიტალი უარყოფითია (-₾2.3 მლნ), ფინანსური ვალი ₾3.1 მილიონი, უზრუნველყოფად კი ძირითადი საშუალებები და დეპოზიტები სრულადაა დატვირთული (ანუ ₾1.9 მლნ დეპოზიტი თავისუფალ ლიკვიდობას არ წარმოადგენს). მიმდინარე ლიკვიდურობის კოეფიციენტი 0.5x-ია, თუმცა მას მთლიანად 2025 წელს გაჩენილი ₾5.2 მილიონის ავანსი განაპირობებს (2024: ₾0), რომელიც მიმდინარე ვალდებულებებშია ასახული. ავანსის კონტრაგენტი, ვადა და დაფარვის ფორმა ანგარიშგებაში გამჟღავნებული არ არის.
📑 აღსანიშნავია, რომ ₾1.9 მილიონი EBITDA-ს ფონზე, კომპანიას ₾5.6 მილიონის საოპერაციო ფულადი ნაკადები ჰქონდა (წმინდა საპროცენტო ხარჯის გადახდის შემდეგ), რაც სწორედ ამ ავანსის შედეგად მიღებულ ფულად შემოდინებას უკავშირდება. მის გარეშე საოპერაციო ფულადი ნაკადები ₾529 ათასი იქნებოდა, რაც თანხვედრაშია 2024 წლის ₾670 ათასთან. სწორედ ავანსმა დააფინანსა 2025 წლის ₾1.7 მილიონი წმინდა ვალის დაფარვა, ₾2.05 მილიონი დეპოზიტის განთავსება და ₾1.5 მილიონი დაკავშირებულ მხარეზე გაცემული სესხი.
💸 დივიდენდი კომპანიას არასდროს გაუცია, რაც დაგროვილი ზარალის პირობებში მოსალოდნელია. თუმცა, ხელმძღვანელთა მთავარი რგოლის ანაზღაურებამ ზარალიან წელს ₾1.5 მილიონი შეადგინა (+45% წ/წ), რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ მფლობელები ეკონომიკურ სარგებელს ხელფასის სახით იღებენ.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾23.3 მლნ (+15% წ/წ; 3.9x 2021 წელთან შედარებით)
- ფილიალების რაოდენობა: 15 (2024: 14; 2023: 17; 2022: 13)
- საერთო მოგების მარჟა: 52.3%
- Adj. საოპერაციო მოგება: ₾1.2 მლნ (მარჟა: 5.0%)
- Adj. EBITDA: ₾1.9 მლნ (მარჟა: 8.2%)
- წმინდა ზარალი: -₾975 ათასი
- საოპერაციო ფულადი ნაკადი ერთჯერადი ავანსის გარეშე: ₾0.5 მლნ
- Net Debt/EBITDA: 1.5x
- საშუალო თანამშრომელთა რაოდენობა: 297 (2024: 311)
