ლოში და McDonald's-ის რესტორნებს ფრანჩაიზის ხელშეკრულებით მართავს. 2025 წლის ბოლოს ქსელში 27 რესტორანი იყო (2024: 25). აქედან 20 თბილისშია, 7 კი ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში. კომპანიის 90%-ს თემურ ჭყონია ფლობს, 10%-ს კი თენგიზ კაპანაძე.
🎯 McDonald's Georgia სწრაფად მზარდი და 2021 წლიდან სტაბილურად მომგებიანი ბიზნესია, თუმცა მისი EBITDA მარჟა ბოლო სამი წელია მცირდება. მთავარი მიზეზი თანამშრომელთა ანაზღაურებაა, რომელიც შემოსავალზე სწრაფად იზრდება. ამავე პერიოდში კომპანიამ ვალის ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა. 2020 წლის ბოლოს მთლიანი ვალი აქტივების 73%-ს შეადგენდა, 2025 წლის ბოლოს კი 25%-ს. ბოლო ხუთი წლის თავისუფალი ფულადი ნაკადი ძირითადად სწორედ ვალის შემცირებას მოხმარდა, დივიდენდად კი მისი დაახლოებით 21% გაიცა. დაბალი ლევერიჯი კომპანიას დივიდენდის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა 2025 წელს საოპერაციო ფულადი ნაკადი თითქმის სრულად კაპიტალურ დანახარჯებს მოხმარდა.
📈 2025 წელს შემოსავალი 16%-ით, ₾327 მილიონამდე გაიზარდა. ტრანზაქციების რაოდენობა 10%-ით, 14.7 მილიონამდე გაიზარდა, საშუალო ჩეკი კი 5%-ით, ₾22.3-მდე. 2019 წლიდან შემოსავალი 3.4-ჯერ გაიზარდა, რესტორნების რაოდენობა კი 16-დან 27-მდე. ერთი რესტორნის საშუალო შემოსავალი 2019 წლიდან გაორმაგდა და 2025 წელს ₾12.1 მილიონი შეადგინა.
📑 2025 წელს საერთო მოგების მარჟამ 58.9% შეადგინა (2024: 60.7%). საოპერაციო ხარჯები (ცვეთის გარეშე) ₾150 მილიონამდე გაიზარდა (+22% წ/წ) და შემოსავლის 45.8% შეადგინა (2024: 43.5%). საოპერაციო ხარჯების უმსხვილესი კომპონენტი კი თანამშრომელთა ანაზღაურებაა, რამაც ₾60.7 მილიონი შეადგინა, შემოსავლის 18.6% (2024: 16.6%). ანაზღაურება კომპანიამ კადრების შესანარჩუნებლად გაზარდა. კიდევ ერთი მსხვილი კომპონენტი როიალტია, რამაც ₾27.8 მილიონი შეადგინა, შემოსავლის 8.5% (2024: 8.3%). შედეგად, EBITDA-მ ₾45.0 მილიონი შეადგინა, EBITDA მარჟამ კი 13.7% (2024: 17.8%).
📊 შედარებისთვის, finSPOT-ზე სწრაფი კვების ექვსი სხვა კომპანიის შემოსავლით შეწონილი EBITDA მარჟა 7.1% იყო (ბოლო ხელმისაწვდომი წელი).
🏦 2025 წლის ბოლოს მთლიანი ვალი, საიჯარო ვალდებულებების ჩათვლით, ₾62.2 მილიონი იყო, რაც აქტივების 25%-ს შეადგენდა. Total Debt/EBITDA 1.4x იყო (2024: 1.3x). ფულადი ნაშთი ₾17.2 მილიონია (2024: ₾21.5 მილიონი). აქტივების ნახევარი, ₾125 მილიონი, საკუთრებაში არსებული მიწა და შენობებია. საკუთარი კაპიტალი ₾168 მილიონია (2024: ₾143 მილიონი), საიდანაც ₾45.9 მილიონი მიწისა და შენობების გადაფასების რეზერვია. კომპანია მფლობელების კიდევ ერთი კომპანიის, ბრედფილდის, საბანკო სესხის გარანტორია.
💵 2021-25 წლებში საოპერაციო ფულადმა ნაკადმა ჯამურად ₾219 მილიონი შეადგინა, კაპიტალურმა დანახარჯებმა (CapEx) კი ₾110 მილიონი. თავისუფალი ფულადი ნაკადი საპროცენტო ხარჯის შემდეგ (FCF) ჯამურად ₾75.1 მილიონი იყო. 2025 წელს CapEx ₾39.2 მილიონამდე გაიზარდა (2024: ₾32.9 მილიონი) და წლის საოპერაციო ფულადი ნაკადი თითქმის სრულად მოიხმარა.
💰 2021-25 წლებში კომპანიამ მფლობელებზე ჯამურად ₾15.6 მილიონის დივიდენდი გასცა, ანუ ამავე პერიოდის ჯამური FCF-ის 21%. სესხების დაფარვასა და საიჯარო გადახდებს კი ₾42.7 მილიონი მოხმარდა. საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ კომპანიამ კიდევ ₾2.0 მილიონის დივიდენდი გამოაცხადა.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾327.1 მლნ (+15.6% წ/წ)
- რესტორნების რაოდენობა: 27 (2024: 25)
- საერთო მოგების მარჟა: 58.9%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 9.6%
- EBITDA: ₾45.0 მლნ
- EBITDA მარჟა: 13.7%
- წმინდა მოგება: ₾26.7 მლნ (მარჟა: 8.1%)
- დივიდენდი (2021-25): ₾15.6 მლნ (2025: ₾2.8 მლნ)