პორტიორი და დისტრიბუტორია. კომპანიას 33 ფილიალი აქვს, რომელთა ნაწილი თბილისში შინაური ცხოველების მაღაზიაა ("ინვეტ ზოო"). ჯგუფი მცხეთის ქარხანაში ფრინველისა და პირუტყვის საკვებსაც აწარმოებს. 2025 წელს ჯგუფს საშუალოდ 332 თანამშრომელი ჰყავდა (2024: 288). კომპანიას 100%-ით დავით შალამბერიძე ფლობს.
🎯 "ინვეტი" სწრაფად მზარდი და ყოველწლიურად მომგებიანი ბიზნესია, რომელიც ბოლო წლებში მსხვილ ინვესტიციებს ახორციელებს. 2024-25 წლებში კაპიტალურმა დანახარჯებმა საოპერაციო ფულად ნაკადს გადააჭარბა. დივიდენდებისა და დაკავშირებულ კომპანიაზე სესხის გაცემამ კი დაფინანსების საჭიროება დამატებით გაზარდა, რისთვისაც ჯგუფმა ახალი სესხები და ფულადი რეზერვი გამოიყენა.
📈 2025 წელს შემოსავალი 22%-ით, ₾79.4 მილიონამდე გაიზარდა. 2019 წლიდან გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება. შემოსავლის დაახლოებით ორი მესამედი მზა საკვებსა და დანამატებზე მოდის.
📑 2025 წელს EBITDA ₾8.0 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა EBITDA მარჟა 10.8%-დან 10.1%-მდე შემცირდა. მიზეზი საერთო მოგების მარჟის კლებაა: 24.1%-დან 23.2%-მდე. საოპერაციო ხარჯების წილი, ცვეთის გარეშე, მცირედით შემცირდა, თუმცა საერთო მარჟის კლება სრულად ვერ დააბალანსა. შედარებისთვის, ცხოველთა საკვების მწარმოებელი "ნუტრიმაქსის" EBITDA მარჟა 2025 წელს 8.5% იყო. "ინვეტის" ROIC-იც (20.1%) "ნუტრიმაქსზე" (14.4%) მაღალია.
🏦 2025 წლის ბოლოს ვალი, იჯარის ჩათვლით, ₾11.4 მილიონი იყო. საბანკო სესხები ერთ წელში გაორმაგდა და ₾9.1 მილიონს მიაღწია. Total Debt/EBITDA 0.9x-დან 1.4x-მდე გაიზარდა.
💵 2024-25 წლებში ₾13.0 მილიონის კაპიტალურმა დანახარჯებმა საპროცენტო გადახდების შემდეგ დარჩენილ საოპერაციო ფულად ნაკადს ₾4.0 მილიონით გადააჭარბა. ამავე პერიოდში გაიცა ₾2.5 მილიონის დივიდენდი და ₾1.8 მილიონის სესხი დაკავშირებულ კომპანიაზე. დაფინანსებისთვის ჯგუფმა წმინდად ₾6.2 მილიონის ახალი საბანკო სესხი მოიზიდა და ფულადი რეზერვიც გამოიყენა. ფულის ნაშთი 2023 წლის ბოლოს არსებული ₾3.8 მილიონიდან ₾0.6 მილიონამდე შემცირდა.
🏭 კაპიტალური დანახარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი საწარმოო გაფართოებას უკავშირდება. გარდაბნის შეძენილ ობიექტსა და მის განახლებაში დაახლოებით ₾6 მილიონი ჩაიდო. ქარხნის სრულად ამოქმედება 2026 წელსაა დაგეგმილი, ამიტომ ამ პროექტის სრული დატვირთვით მუშაობის შედეგს 2025 წლის ფინანსები ჯერ არ ასახავს.
🌍 2025 წელს ჯგუფმა ₾1.8 მილიონის სესხი გასცა საერთო მფლობელობაში მყოფ "პეტით დეველოპმენტზე", 2035 წლამდე ვადით. ცალკე, მმართველობითი ანგარიში აღწერს დაკავშირებული კომპანიის მიერ რუმინეთში მიწის შეძენას ძაღლისა და კატის საკვების ქარხნისთვის. ანგარიშგება ამ პროექტთან სესხის კავშირს პირდაპირ არ ადასტურებს.
💰 2021-25 წლებში ჯგუფმა ჯამურად ₾5.8 მილიონის დივიდენდი გასცა (2025: ₾1.2 მილიონი). დივიდენდების გადახდა 2024-25 წლებშიც გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ საოპერაციო ფული კაპიტალურ დანახარჯებს ვერ ფარავდა.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾79.4 მლნ (+21.8% წ/წ)
- ფილიალები: 33
- საერთო მოგების მარჟა: 23.2%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 8.0%
- EBITDA: ₾8.0 მლნ
- EBITDA მარჟა: 10.1%
- წმინდა მოგება: ₾5.1 მლნ (მარჟა: 6.4%)
- დივიდენდი: ₾1.2 მლნ (2021-25: ₾5.8 მლნ)