🛒 **შპს "ორი ნაბიჯი" (2 ნაბიჯი)** საქართველოს მასშტაბით მოქმედი სუპერმარკეტების ქსელია. 2025 წლის ბ…
ოლოს ქსელი 635 მაღაზიას აერთიანებდა (2024: 529), თანამშრომელთა რაოდენობა კი 5,300-მდე იყო (2024: 4,800-მდე). კომპანიას თანაბრად, დაახლოებით 33-33%-ით, გოჩა ცქიტიშვილი, გიორგი ჩხეიძე და კახი ბექაური ფლობენ.
🎯 2019 წლიდან "ორი ნაბიჯის" შემოსავალი ყოველწლიურად საშუალოდ 32%-ით იზრდება და 2025 წელს ₾1.6 მილიარდს გადააჭარბა. ასეთი ზრდის ტემპი ამ მასშტაბის კომპანიისთვის თავისთავად შთამბეჭდავია, მით უმეტეს, რომ კომპანია ამას მფლობელებისგან დამატებითი საკუთარი კაპიტალის მოზიდვის გარეშე ახერხებს. "ორ ნაბიჯს" სესხი თითქმის არ აქვს, მფლობელები კი 2021 წლიდან ფაქტობრივად მთელ მოგებას დივიდენდად იღებენ. ამის ახსნა ბიზნესმოდელშია. სწრაფად მზარდ ქსელს ყოველი ახალი მაღაზიისთვის ორი რამ სჭირდება: ფართი და საქონელი. ფართი ნაქირავებია, ანუ შენობებში კაპიტალს მეიჯარეები დებენ, კომპანია კი მხოლოდ მოწყობის ხარჯს იხდის და შემდეგ ყოველთვიურ ქირას. საქონელს მომწოდებლები აფინანსებენ: მყიდველი სალაროსთან მაშინვე იხდის, მომწოდებლებს კი ფულს საშუალოდ ორ თვეში უხდიან. ასე რომ, შენობებს მეიჯარეების კაპიტალი აფინანსებს, მარაგებს მომწოდებლების კრედიტი, კომპანიას კი მხოლოდ მაღაზიების მოწყობა რჩება, რასაც საოპერაციო ფულადი ნაკადი მრავალჯერ ფარავს. ამიტომ მფლობელებს მინიმუმ 2018 წლიდან კომპანიაში დამატებითი საკუთარი კაპიტალის ჩადების საჭიროება არ ჰქონიათ. მასშტაბს დამატებითი უპირატესობაც მოაქვს: რაც უფრო დიდია ქსელი, მით მეტ ფასდათმობასა და თაროს საფასურს იღებს მომწოდებლებისგან, და სწორედ ეს ქმნის მთელ საერთო მოგებას.
📈 2025 წელს შემოსავალი 22%-ით, ₾1.63 მილიარდამდე გაიზარდა, მაღაზიების რაოდენობა კი 20%-ით. 2019 წლიდან შემოსავალი საშუალოდ წლიურად (CAGR) 32%-ით იზრდებოდა. საკვები პროდუქტების გაყიდვებმა ₾1,173 მილიონი შეადგინა (+23%), არასაკვებმა ₾238 მილიონი (+19%), სასმელმა კი ₾217 მილიონი (+20%).
📑 2025 წელს საერთო მოგების მარჟამ 18.0% შეადგინა (2024: 18.2%), finSPOT-ზე 15 კონკურენტის შემოსავლით შეწონილი 21.9%-ის ფონზე (ბოლო ხელმისაწვდომი წელი). სამაგიეროდ, საოპერაციო ხარჯების (ცვეთის გარეშე) წილი შემოსავალში მხოლოდ 9.9%-ია (2024: 9.5%), იმავე კონკურენტების 15.2%-თან შედარებით. შედეგად, EBITDA-მ ₾132 მილიონი შეადგინა, EBITDA მარჟამ კი 8.1% (2024: 8.8%), კონკურენტების შეწონილ 6.7%-ზე მეტი. EBITDA წლიურად 13%-ით გაიზარდა, ანუ შემოსავალზე ნელა, რადგან ხელფასები 27%-ით, ₾105 მილიონამდე გაიზარდა.
🤝 "ორი ნაბიჯის" საერთო მოგება რეალურად მომწოდებლებისგან მოდის. 2025 წელს გაყიდული საქონელი მომწოდებლების ფასდათმობებამდე ₾1,733 მილიონი ღირდა, შემოსავალი კი ₾1,628 მილიონი იყო. ანუ ფასდათმობების გარეშე კომპანია საქონელს თვითღირებულებაზე იაფად ყიდის, და ₾294 მილიონის საერთო მოგებას მომწოდებლების საფასური, ფასდათმობები და ფასდაკლებები ქმნის: სარეკლამო აქციების, თაროზე განთავსებისა და მოცულობის საზღაური, ჯამურად ₾399 მილიონი. ეს შესყიდვების 22.6%-ია (2024: 22.1%), ანუ ქსელის ზრდასთან ერთად კომპანია მომწოდებლებისგან უფრო მეტს იღებს. მიუხედავად ამისა, საერთო მოგების მარჟა ოდნავ შემცირდა (18.2%-დან 18.0%-მდე).
🏦 2025 წლის ბოლოს მთლიანი ვალი ₾125 მილიონი იყო, აქტივების 30%. აქედან ₾110 მილიონი მაღაზიების საიჯარო ვალდებულებაა, სესხები კი მხოლოდ ₾14.5 მილიონი. Net Debt/EBITDA 0.6x-ია. საკუთარი კაპიტალი უარყოფითია (-₾2.3 მილიონი), რადგან 2019 წლიდან მფლობელებმა დივიდენდად ₾270 მილიონი მიიღეს, ამავე პერიოდის წმინდა მოგება კი ₾263 მილიონი იყო. ბალანსს მათ ნაცვლად მომწოდებლები აფინანსებენ: სავაჭრო ვალდებულებები ₾270 მილიონია, აქტივების 65%. მარაგი 28 დღეში იყიდება, მომწოდებლებს კი 63 დღეში უხდიან, ამიტომ მათი ფულით ფინანსდება მარაგებიც და წლის ბოლოს ₾46 მილიონის ფულადი ნაშთიც. 2025 წელს მომწოდებლების დავალიანება ₾76 მილიონით გაიზარდა, მარაგები კი მხოლოდ ₾33 მილიონით, ანუ ზრდამ ₾43 მილიონი ფული გამოათავისუფლა. ზრდის შენელება ამ წყაროს შეამცირებს.
💵 2021-25 წლებში საოპერაციო ფულადმა ნაკადმა (პროცენტის შემდეგ, მოგების გადასახადამდე) ჯამურად ₾586 მილიონი შეადგინა, კაპიტალურმა დანახარჯებმა (CapEx) კი ₾153 მილიონი, შემოსავლის მხოლოდ 3%. თავისუფალი ფულადი ნაკადი საპროცენტო ხარჯის შემდეგ (FCF) ₾433 მილიონი იყო, საიჯარო ძირის გადახდის შემდეგ კი ₾326 მილიონი. აქედან ₾255 მილიონი დივიდენდებზე წავიდა, ₾46 მილიონი კი მოგების გადასახადზე.
🏗 2025 წელს "ორი ნაბიჯის" მოდელი შეიცვალა: ჯგუფმა მხოლოდ ქირავნობის ნაცვლად საკუთარი ქონების შეძენა დაიწყო. შედეგად, მიწისა და შენობების ღირებულება ბალანსზე ერთ წელში ₾2.6 მილიონიდან ₾23.6 მილიონამდე გაიზარდა. ქონებას ენერგეტიკაც დაემატა: 2025 წელს ჯგუფმა მზის ენერგიის კომპანიის 77% შეიძინა, 2026 წელს კი ჰიდროელექტროსადგურების ორი მშენებელი. ქირავნობისგან განსხვავებით, საკუთარ ქონებასა და ენერგეტიკას კაპიტალი სჭირდება. სწორედ ამ შვილობილებში გაჩნდა ჯგუფის საბანკო სესხებიც: 2025 წელს სესხები ₾1.4 მილიონიდან ₾14.5 მილიონამდე გაიზარდა.
💰 ბოლო 5 წელში (2021-25) ჯამურად ₾255 მილიონის დივიდენდი განაწილდა მფლობელებზე (2025: ₾59 მილიონი), ანუ ამავე პერიოდის წმინდა მოგების 102%. 2026 წელს დამატებით ₾62 მილიონის დივიდენდი გამოცხადდა და გადაიხადა.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾1,627.6 მლნ (+22.0% წ/წ)
- მაღაზიების რაოდენობა: 635 (2024: 529)
- საერთო მოგების მარჟა: 18.0%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 5.0%
- EBITDA: ₾132.2 მლნ
- EBITDA მარჟა: 8.1%
- წმინდა მოგება: ₾66.0 მლნ (მარჟა: 4.1%)
- დივიდენდი (2021-25): ₾254.7 მლნ (2025: ₾59.5 მლნ)

