
💡 გავეცნოთ ონლაინ აზარტული თამაშების ბიზნესს შემდეგი 6 კომპანიის მაგალითზე:
1️⃣ შპს „მარსი“ (Crystalbet | კრისტალბეთი)
2️⃣ შპს „ეი ბი ჯორჯია“ (Adjarabet | აჭარაბეთი)
3️⃣ შპს „ფულ ჰაუსი“ (Crocobet | კროკობეთი)
4️⃣ შპს „ბეთლაივი“ (Betlive | ბეთლაივი)
5️⃣ შპს „ლიდერ-ბეთ სლოტი“ (Leaderbet | ლიდერბეთი)
6️⃣ შპს „ევროპაბეთი“ (Betsson | ex Europebet)
კომპანიები მომხმარებლებს ონლაინ კაზინოს თამაშებს, სპორტულ ფსონებსა და peer-to-peer თამაშებს სთავაზობენ. ანგარიშგებებში წარმოდგენილი შემოსავალები წარმოადგენს მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მათზე გაცემულ მოგებებს შორის სხვაობას, ასევე მოიცავს საკომისიოებსა და სხვა სათამაშო შემოსავლებს (ბონუსებისა და წამახალისებელი აქციების ეფექტის გათვალისწინებით). შესაბამისად, დადებული ფსონების მთლიანი მოცულობა გაცილებით მეტია ვიდრე აღრიცხული ამონაგები.
2024 წელს ექვსი კომპანიის ერთობლივმა შემოსავალმა თითქმის ₾2.0 მილიარდი შეადგინა, 16%-ით მეტი, ვიდრე 2023 წელს. 2019 წელს მათი ჯამური შემოსავალი ₾773 მილიონი იყო. შესაბამისად, ხუთ წელიწადში კომპანიების მასშტაბი 2.5-ჯერ გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების მასშტაბის ზრდა პირდაპირპროპორციულად არ ასახულა კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლებზე. 2024 წელს წარმოდგენილი კომპანიების ჯამური შემოსავლები ₾266 მილიონით გაიზარდა, კორექტირებული EBITDA და წმინდა მოგება კი მხოლოდ ₾8 მილიონით და ₾5 მილიონით. ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი გაზრდილმა საგადასახადო და მარკეტინგულმა ხარჯებმა წაიღო.
Crystalbet სექტორის ლიდერად რჩება, რომლის შემოსავალმაც 2024 წელს ₾504 მილიონი შეადგინა. მას მხოლოდ ₾7 მილიონით ჩამორჩება Adjarabet, რომლის შემოსავალიც ₾498 მილიონამდე გაიზარდა.
ზომით მესამეა Crocobet - ₾388 მილიონით. შემდეგ მოდიან Betlive - ₾226 მილიონი, Leaderbet - ₾188 მილიონი და Betsson (ex Europebet) - ₾167 მილიონი.
2024 წელს შემოსავლების ზრდა ასე გადანაწილდა:
1️⃣ Betlive: +30%
2️⃣ Adjarabet: +23%
3️⃣ Crocobet: +15%
4️⃣ Crystalbet: +12%
5️⃣ Leaderbet: +8%
6️⃣ Betsson: +1%
ზრდის სიჩქარე მომგებიანობას არ განსაზღვრავს. Crystalbet-სა და Adjarabet-ს თითქმის თანაბარი შემოსავლები აქვთ, მაგრამ Crystalbet-ის EBITDA ₾208 მილიონია, Adjarabet-ის კი ₾94 მილიონი. Crystalbet-ის წმინდა მოგება ₾206 მილიონს აღწევს, Adjarabet-ის - ₾78 მილიონს.
სხვაობის მნიშვნელოვანი ნაწილი ხარჯების სტრუქტურით აიხსნება. Adjarabet-მა მარკეტინგსა და პერსონალზე ჯამურად დაახლოებით ₾130 მილიონი დახარჯა, Crystalbet-მა კი ₾54 მილიონი. ამასთან, ორივე კომპანიას თითქმის ერთნაირი საგადასახადო ტვირთი ჰქონდა სათამაშო საქმიანობაზე - დაახლოებით ₾115-121 მილიონი.
2024 წლის 1 იანვრიდან ონლაინ კაზინოს ადგილობრივ მოთამაშეებზე გენერირებული მთლიანი სათამაშო შემოსავლის (GGR) გადასახადი 10%-დან 15%-მდე გაიზარდა. ტოტალიზატორის საქმიანობა კვლავ ფსონების მოცულობის 7%-ით იბეგრებოდა.
ექვსი კომპანიის სათამაშო საქმიანობასთან დაკავშირებული გადასახადები ₾306 მილიონიდან ₾473 მილიონამდე გაიზარდა - 54%-ით, ანუ ზრდამ ₾167 მილიონი შეადგინა და სექტორის დამატებითი შემოსავლის 63% წაიღო.
მარკეტინგული ხარჯებიც შემოსავალზე სწრაფად გაიზარდა. კომპანიებმა მარკეტინგსა და სარეკლამო აქტივობებზე ჯამურად დაახლოებით ₾150 მილიონი დახარჯეს, 23%-ით მეტი, ვიდრე 2023 წელს.
ყველაზე მაღალი მარკეტინგული ინტენსივობა ჰქონდათ Adjarabet-ს და Leaderbet-ს - შემოსავლის დაახლოებით 12% და 11%. Crocobet-მა მარკეტინგზე შემოსავლის მხოლოდ 3% დახარჯა და ამავე დროს სექტორში ყველაზე მაღალი მოგების მარჟა შეინარჩუნა.
გაზრდილი საგადასახადო ტვირთის მიუხედავად, კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები მაღალია, თუმცა 2023 წელთან შედარებით მარჟიანობა შემცირებულია.
ექვსი კომპანიის კორექტირებული EBITDA ₾615 მილიონი იყო, 1%-ით მეტი, ვიდრე 2023 წელს. შეწონილი EBITDA მარჟა კი 35.7%-დან 31.2%-მდე შემცირდა. კორექტირებული წმინდა მოგებაც 1%-ით, ₾589 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო წმინდა მოგების მარჟა 34.3%-დან 29.9%-მდე შემცირდა.
მარჟების შემცირების მიუხედავად, ბიზნესი კვლავ მაღალი ფულადი ნაკადებით და დაბალი კაპიტალური დანახარჯებით გამოირჩევა.
2024 წელს ექვსმა კომპანიამ საოპერაციო საქმიანობიდან დაახლოებით ₾691 მილიონი ფულადი სახსრები მიიღო, ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების შეძენაზე კი მხოლოდ ₾39 მილიონი დახარჯა. შესაბამისად, თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა დაახლოებით ₾651 მილიონი, ანუ შემოსავლის 33% შეადგინა.
თავისუფალი ფულადი ნაკადების უმსხვილესი გენერატორები იყვნენ Crystalbet - ₾215 მილიონი და Crocobet - ₾174 მილიონი. მათზე სექტორის თავისუფალი ფულადი ნაკადის 60% მოდის.
მხოლოდ 2024 წელს კომპანიებმა ₾535 მილიონი დივიდენდი გადაიხადეს, რაც თავისუფალი ფულადი ნაკადის 82%-ია. 2019-24 წლებში კი ექვსი კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდები ჯამურად დაახლოებით ₾2.5 მილიარდია.
კომპანიების მიერ 2019-24 წლებში გადახდილი დივიდენდები ჯამურად:
1️⃣ Crystalbet: ₾1.08 მილიარდი
2️⃣ Adjarabet: ₾460 მილიონი
3️⃣ Crocobet: ₾404 მილიონი
4️⃣ Betlive: ₾214 მილიონი
5️⃣ Leaderbet: ₾194 მილიონი
6️⃣ Betsson: ₾113 მილიონი
2025 წლიდან ადგილობრივ მოთამაშეებზე გენერირებული ონლაინ კაზინოს GGR-ის გადასახადი კიდევ ერთხელ, 15%-დან 20%-მდე გაიზარდა. 2023 წელთან შედარებით განაკვეთი გაორმაგდა.
ამ ეტაპზე ექვსი კომპანიიდან 2025 წლის ანგარიშგება ორს - Crocobet-სა და Betsson-ს აქვს გამოქვეყნებული, ამიტომ კომპანიების სრული შედარება 2024 წლის მონაცემებზეა დაფუძნებული. თუმცა ორივე მათგანის შედეგი საგადასახადო ზეწოლაზე მიუთითებს.
Crocobet-ის შემოსავალი 2025 წელს 17%-ით, ₾454 მილიონამდე გაიზარდა, სათამაშო გადასახადები კი 41%-ით - ₾129 მილიონამდე. შედეგად, EBITDA მხოლოდ 4%-ით გაიზარდა და ₾178 მილიონი შეადგინა, ხოლო EBITDA მარჟა 44%-დან 39%-მდე შემცირდა. წმინდა მოგება 9%-ით, ₾185 მილიონამდე გაიზარდა, რასაც მნიშვნელოვნად გაზრდილმა საპროცენტო შემოსავალმაც შეუწყო ხელი.
Betsson-ის შემოსავალი 1.5%-ით გაიზარდა, სათამაშო გადასახადი 29%-ით - ₾53 მილიონამდე, წმინდა მოგება კი 29%-ით შემცირდა და ₾19 მილიონი შეადგინა. ორი კომპანიის შედეგი სექტორის პროგნოზი არ არის, მაგრამ უფრო მაღალი საგადასახადო განაკვეთის გავლენას მკაფიოდ აჩვენებს.
2024 წლის დეკემბრიდან უცხოელ მოთამაშეებზე გენერირებული ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის GGR 5%-ით იბეგრება. ეს ოპერატორებს უცხოურ ბაზრებზე ზრდის სტიმულს აძლევს, თუმცა ანგარიშგებების მიხედვით შემოსავლის ძირითადი ნაწილი კვლავ საქართველოში მცხოვრებ მომხმარებლებზე მოდის.
2024 წელს სექტორმა მასშტაბის ზრდა განაგრძო, მაგრამ ღირებულების შექმნის მთავარი განმსაზღვრელი უკვე ხარჯების ეფექტიანობაა. ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიებს ავტომატურად ყველაზე მაღალი მოგება არ აქვთ; საუკეთესო შედეგს ის კომპანიები აჩვენებენ, რომლებიც საგადასახადო წნეხის პირობებში მარკეტინგის, პერსონალისა და მომსახურების ხარჯებს უკეთ აკონტროლებენ.
🟢 ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მსხვილი exit-ები (ბიზნესის გაყიდვა) სწორედ სათამაშო ბიზნესს უკავშირდება — მხოლოდ საჯაროდ ცნობილი გარიგებებით, ქართველმა მფლობელებმა სათამაშო ბიზნესების გაყიდვით ჯამში დაახლოებით ₾1.6 მილიარდი მიიღეს (რეალური ჯამი უფრო მაღალია, რადგან ზოგიერთი გარიგების ღირებულება არ გასაჯაროებულა).
💷 შპს „ატლასის“ (ჰოლდინგური კომპანია, რომელიც adjarabet-ის ბრენდის ქვეშ ახორციელებს ონლაინ აზარტული თამაშების საქმიანობას საქართველოსა და სომხეთის მასშტაბით) გაყიდვით ყოფილმა მფლობელმა* ₾1 მილიარდზე მეტი მიიღო. კომპანიის გაყიდვა 2 ეტაპად მოხდა: 2019 წლის თებერვალში ირლანდიურმა Paddy Power Betfair-მა (დღევანდელი Flutter Entertainment) 51%-იანი წილი £101 მილიონად (≈₾350 მლნ) შეიძინა, ხოლო 2022 წლის ივლისში — დარჩენილი 49% £204 მილიონად (≈₾700 მლნ), წინასწარ შეთანხმებული ფორმულით (2021 წლის EBITDA-ს 7-მაგი). ამ გარიგებას კიდევ ერთი exit-იც მოჰყვა: 2021 წლის სექტემბერში Flutter-მა 100%-ით შეიძინა adjarabet-ის სათამაშო პლატფორმის შემქმნელი, ქართული ფესვების მქონე ტექნოლოგიური კომპანია Singular (გარიგების ღირებულება არ გასაჯაროებულა). ზემოთ წარმოდგენილ ანალიზში შპს „ატლასის“ შვილობილი შპს „ავიატორია“ (2024 წლიდან — შპს „ეი ბი ჯორჯია“) განხილული; ეს უკანასკნელი მხოლოდ საქართველოს ოპერაციებს მოიცავს და შესადარისია წარმოდგენილ კონკურენტებთან.
*შპს „ატლასის“ ყოფილი მფლობელი იყო შპს „სითი ლოფტი“, რომლის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეც თეიმურაზ უგულავა იყო.
💷 Crystalbet-ის (შპს „მარსი“) მფლობელებმა* კომპანიის გაყიდვით ჯამში დაახლოებით ₾400 მილიონი მიიღეს. გაყიდვა აქაც 2 ეტაპად მოხდა: 2018 წლის აპრილში ბრიტანულმა GVC Holdings-მა (დღევანდელი Entain) 51% €41.3 მილიონად (≈₾125 მლნ) შეიძინა, ხოლო 2021 წლის ივლისში — დარჩენილი 49%, სავარაუდოდ ≈€73.5 მილიონად (≈₾270 მლნ), 2018 წელს შეთანხმებული პირობებით (კომპანიის შეფასება: 2020 წლის EBITDA-ს 7-მაგი, მაგრამ არაუმეტეს €150 მლნ-ისა — მაღალი მომგებიანობის გამო სწორედ ეს ჭერი ამოქმედდა).
*Crystalbet-ის საკონტროლო პაკეტის გაყიდვამდე კომპანიის მფლობელები იყვნენ: ლევან ახვლედიანი (60%), კნიაზ დასენი (25%) და გიორგი ჩხეიძე (15%). 2018 წლის გარიგების შემდეგ დარჩენილი 49%-ის ნაწილს (ჯამში 10%-ს) მენეჯმენტიც — კობა და ვანო გიგლემიანები — ფლობდა.
💷 Europebet — ჯერ კიდევ 2015 წელს შვედურმა Betsson-მა კომპანიის 100% ქართველი მეწარმეებისგან შეიძინა: $50 მლნ + $35 მლნ-მდე პირობითი გადახდა (ჯამში $85 მლნ-მდე, ≈₾190 მლნ). 2025 წელს კომპანია „Betsson Georgia“-დ რებრენდირდა.
💷 Crocobet (შპს „ფულ ჰაუსი“) — ნაწილობრივი exit: 2019 წლისთვის კომპანიის დაახლოებით 50% უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს, მათ შორის bwin-ის თანადამფუძნებლებმა ნორბერტ ტეუფელბერგერმა (16.67%) და მანფრედ ბოდნერმა (16.66%), ასევე ისრაელელმა ინვესტორმა გიგი ლევი-ვაისმა (16.67%). დამფუძნებელი თემურ მიქელაძე დღემდე ინარჩუნებს 35%-ს. გარიგების ღირებულება არ გასაჯაროებულა.
1️⃣ შპს „მარსი“ (Crystalbet | კრისტალბეთი)
💼 საბოლოო მაკონტროლებელი: Entain plc - 100%
2️⃣ შპს „ეი ბი ჯორჯია“ (Adjarabet | აჭარაბეთი)
💼 საბოლოო მაკონტროლებელი: Flutter Entertainment plc - 100%
3️⃣ შპს „ფულ ჰაუსი“ (Crocobet | კროკობეთი)
💼 მფლობელები:
4️⃣ შპს „ბეთლაივი“ (Betlive | ბეთლაივი)
💼 მფლობელები:
5️⃣ შპს „ლიდერ-ბეთ სლოტი“ (Leaderbet | ლიდერბეთი)
💼 მფლობელები:
6️⃣ შპს „ევროპაბეთი“ (Betsson | ex Europebet)
💼 საბოლოო მაკონტროლებელი: Betsson AB - 100%
მეთოდოლოგია: თანხები დამრგვალებულია და წარმოდგენილია მილიონ ლარში. EBITDA-ს გამოთვლისას სათამაშო საქმიანობასთან დაკავშირებული გადასახადები საოპერაციო ხარჯად არის მიჩნეული. Betsson-ის (ex Europebet) 2024 წლის კორექტირებული მაჩვენებლები არ მოიცავს შვილობილი კომპანიის გაყიდვიდან მიღებულ ერთჯერად შემოსულობას. თავისუფალი ფულადი ნაკადი დათვლილია როგორც საოპერაციო ფულადი ნაკადი მინუს ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების შეძენა. დივიდენდები ასახავს ფულადი ნაკადების ანგარიშგებებში ფაქტობრივად გადახდილ თანხებს. წყარო: კომპანიების აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები; finSPOT-ის ანალიზი.