ა რადიოლოგიური დიაგნოსტიკა, ონკოლოგია და ქირურგია. 2025 წლის ბოლოს კლინიკას სამი ფილიალი ჰქონდა (ცენტრალური, ვერისა და დიღმის) და 757 თანამშრომელი ჰყავდა (2024: 726). კომპანიის 100%-ს გიორგი დიასამიძე ფლობს.
🎯 "თოდუას კლინიკა" მაღალმარჟიანი და პრაქტიკულად უვალო ბიზნესია, რომელიც ზრდას საკუთარი მოგებით აფინანსებს. ბოლო ორ წელს შემოსავალი წელიწადში 20%-ზე მეტით იზრდება. EBITDA მარჟა დაახლოებით 40%-ია, რაც finSPOT-ზე წარმოდგენილი კლინიკების საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ფული თითქმის სრულად კლინიკის გაფართოებასა და აპარატურაში ბრუნდება, ამიტომ დივიდენდად ჯერჯერობით საოპერაციო ფულადი ნაკადის მხოლოდ მცირე ნაწილი გაიცემა. მაღალი მომგებიანობისა და ვალის არარსებობის გათვალისწინებით, გაფართოების ეტაპის დასრულების შემდეგ კომპანიას მსხვილი დივიდენდის გაცემის შესაძლებლობა ექნება.
📈 2025 წელს შემოსავალი 22%-ით, ₾125 მილიონამდე გაიზარდა (2024: +29%). 2019 წლიდან კი შემოსავალი 2.8-ჯერ გაიზარდა. 2024 წელს გახსნილი დიღმის ფილიალი 2025 წელს უკვე შემოსავლის 10%-ს ქმნიდა. შემოსავლის ძირითადი ნაწილი ამბულატორიულ მომსახურებაზე მოდის (₾73.8 მილიონი), დღის სტაციონარზე ₾27.9 მილიონი, სტაციონარზე კი ₾16.3 მილიონი. დამფინანსებლების მიხედვით, შემოსავლის 41% თვითდინებით მოსულ პაციენტებზე მოდის, 34% საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაზე, 11% კი სადაზღვევო კომპანიებზე.
📑 2025 წელს მთლიანი საოპერაციო ხარჯები (ცვეთის გარეშე) ₾75.1 მილიონამდე გაიზარდა (+20% წ/წ) და შემოსავლის 60.1% შეადგინა (2024: 61.2%). საოპერაციო ხარჯების უმსხვილესი კომპონენტი კი ხელფასებია, რამაც ₾51.1 მილიონი შეადგინა, შემოსავლის 40.9% (2024: 41.5%). კიდევ ერთი მსხვილი კომპონენტი სამედიცინო მარაგების ხარჯია, რამაც ₾10.6 მილიონი შეადგინა, შემოსავლის 8.5% (2024: 8.3%). შედეგად, სხვა საოპერაციო შემოსავლის (₾1.4 მილიონი) გათვალისწინებით, EBITDA-მ ₾51.2 მილიონი შეადგინა, EBITDA მარჟამ კი 41.0% (2024: 39.9%).
📊 შედარებისთვის, finSPOT-ზე წარმოდგენილი საავადმყოფოებისა და მრავალპროფილური კლინიკების შემოსავლით შეწონილი EBITDA მარჟა 18.0% იყო (ბოლო ხელმისაწვდომი წელი), ანუ "თოდუას კლინიკის" მაჩვენებელზე ორჯერ დაბალი.
🏦 კომპანიას ვალი პრაქტიკულად არ აქვს. 2025 წლის ბოლოს მთლიანი ვალი ₾2.4 მილიონი იყო, რაც აქტივების 1%-ია. ფულადი ნაშთი დეპოზიტებთან ერთად ₾7.9 მილიონია (2024: ₾10.4 მილიონი) და ვალს სამჯერ აღემატება. ₾220 მილიონის აქტივების 95% საკუთარი კაპიტალით ფინანსდება.
💵 2021-25 წლებში წმინდა საოპერაციო ფულადმა ნაკადმა ჯამურად ₾163 მილიონი შეადგინა, კაპიტალურმა დანახარჯებმა (CapEx) კი ₾154 მილიონი, ანუ საოპერაციო ნაკადის 95%. შედეგად, თავისუფალი ფულადი ნაკადი საპროცენტო ხარჯის შემდეგ (FCF) ხუთ წელიწადში ჯამურად ₾8.5 მილიონი იყო. ამავე პერიოდში CapEx-მა ცვეთას 3.2-ჯერ გადააჭარბა, ანუ კლინიკა ზრდის აქტიურ ფაზაშია. 2026 წლის ნოემბერში კომპანიამ ახალი 9-სართულიანი ქირურგიული კორპუსი გახსნა, რომელშიც ₾50 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა. შემდეგი პროექტი ახალი ონკოლოგიური ცენტრია, რომლის გახსნაც 2027 წელს იგეგმება.
💰 2021-25 წლებში კომპანიამ მფლობელზე ჯამურად ₾16.4 მილიონის დივიდენდი გასცა, რამაც ამავე პერიოდის ჯამურ FCF-ს 1.9-ჯერ გადააჭარბა. სხვაობა ძირითადად 2021 წელს გათავისუფლებული ₾8.5 მილიონის საბანკო დეპოზიტებით დაფინანსდა. 2025 წელს გადახდილი დივიდენდი ₾6.8 მილიონამდე გაიზარდა (2024: ₾2.5 მილიონი), საანგარიშგებო პერიოდის შემდეგ კი კომპანიამ კიდევ ₾4.9 მილიონის დივიდენდი გამოაცხადა.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾125.0 მლნ (+22.1% წ/წ)
- თანამშრომელთა რაოდენობა (წლის ბოლოს): 757 (2024: 726)
- საოპერაციო მოგების მარჟა: 31.4%
- EBITDA: ₾51.2 მლნ
- EBITDA მარჟა: 41.0%
- წმინდა მოგება: ₾38.2 მლნ (მარჟა: 30.6%)
- დივიდენდი (2021-25): ₾16.4 მლნ (2025: ₾6.8 მლნ)