მპანია ბეჭდავს ეტიკეტებს, სარეკლამო მასალებს, წიგნებს, გაზეთებსა და ჟურნალებს, ამზადებს რბილ და მყარ შეფუთვებს და მომხმარებლებს დიზაინსტუდიის მომსახურებასაც სთავაზობს. თბილისში მდებარე საწარმოში 2024 წელს საშუალოდ 210 ადამიანი მუშაობდა. კომპანიის 100%-ს "გამომცემლობა კოლორი" ფლობს, საბოლოო მაკონტროლებელი პირი ივანე თევდორაშვილია.
🎯 "კოლორპაკი" მზარდი, მომგებიანი ბიზნესია, რომელიც წარმოებაში ინვესტირებას და მფლობელზე დივიდენდების გაცემასაც ახერხებს. თუმცა, კაპიტალური დანახარჯებისა და დივიდენდების ერთობლივი მოცულობა საპროცენტო ხარჯის შემდეგ დარჩენილ საოპერაციო ფულად ნაკადს აღემატება, ამიტომ მათი დაფინანსება საბანკო სესხების მეშვეობით ხორციელდება.
📈 2024 წლის შემოსავალი ₾33.9 მლნ იყო (+9% წ/წ), 2019-24 წლების საშუალო წლიური ზრდა (CAGR) კი 31%.
📑 შემოსავლების 9%-იანი ზრდის მიუხედავად, EBITDA ₾5.6 მლნ-დან ₾4.1 მლნ-მდე შემცირდა, EBITDA მარჟა კი 18%-დან 12%-მდე. მიზეზები: (1) თვითღირებულება 13%-ით გაიზარდა და საერთო მარჟა 28%-დან 26%-მდე დაეცა; (2) მარაგების გაუფასურებამ ₾884 ათასი შეადგინა; (3) ადმინისტრაციული ხელფასები ₾550 ათასით გაიზარდა. finSPOT-ზე შესაფუთი მასალებისა და ბეჭდვის დანარჩენი სამი კომპანიის შემოსავლით შეწონილი EBITDA მარჟა 18%-ია, "კოლორპაკის" მაჩვენებელზე დაახლოებით 6 პროცენტული პუნქტით მეტი.
💵 2020-24 წლებში ჯამურად საოპერაციო ფულადი ნაკადი პროცენტამდე ₾20.7 მლნ იყო, საიდანაც CapEx-ს ₾14.3 მლნ მოხმარდა. თავისუფალმა ფულადმა ნაკადმა (FCFF) ₾6.3 მლნ შეადგინა. პროცენტების გადახდას კიდევ ₾4.4 მლნ დასჭირდა და თავისუფალი ფულადი ნაკადი საპროცენტო ხარჯის შემდეგ ₾2.0 მლნ დარჩა. კაპიტალურმა დანახარჯებმა და პროცენტმა ხუთ წელიწადში საოპერაციო ფულადი ნაკადების დაახლოებით 90% მოიხმარა.
🏦 მთლიანმა ვალმა, საიჯარო ვალდებულებების ჩათვლით, ₾14.7 მლნ შეადგინა, მთლიანი აქტივების 55%. მთლიანი ვალი / EBITDA კოეფიციენტი 3.6x-მდე გაიზარდა (2023: 2.1x). ლევერიჯის ზრდა როგორც ვალის მატებამ, ისე EBITDA-ს შემცირებამ განაპირობა. მიმდინარე ლიკვიდურობა 1.35x-დან 1.06x-მდე შემცირდა, ფულადი ნაშთი მხოლოდ ₾475 ათასი იყო. გაზრდილი ვალის ფონზე ლიკვიდურობის რეზერვი მცირეა.
💰 2020-24 წლებში მფლობელზე გაცემულმა დივიდენდებმა ჯამურად ₾5.2 მლნ შეადგინა (2024: ₾2.3 მლნ), თავისუფალი ფულადი ნაკადების მოცულობა საპროცენტო ხარჯის დაფარვის შემდეგ კი მხოლოდ ₾2.0 მლნ იყო. შესაბამისად, დივიდენდების გაცემა კომპანიის მიერ გამომუშავებულ თავისუფალ ფულად ნაკადს ₾3.2 მლნ-ით აღემატებოდა.
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾33.9 მლნ (+9% წ/წ)
- დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა: 210 (2023: 200)
- საერთო მოგების მარჟა: 26%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 5%
- EBITDA: ₾4.1 მლნ
- EBITDA მარჟა: 12%
- წმინდა მოგება: ₾634 ათასი (მარჟა: 2%)
- დივიდენდი: ₾2.3 მლნ (2020-24: ₾5.2 მლნ)