🏗️ **შპს "ანაგი"** საქართველოში მოქმედი სამშენებლო კონტრაქტორია, რომელიც საცხოვრებელ, სასტუმრო, საზ…
ოგადოებრივ და სამრეწველო შენობებს აშენებს. 2025 წლის ბოლოს ჯგუფში 2,551 თანამშრომელი იყო დასაქმებული (2024: 2,644). კომპანიის 100%-ს ნანა აროშიძე ფლობს, ანგარიშგების მიხედვით კი კომპანიას ფაქტობრივად ზაზა გოგოტიშვილი აკონტროლებს.
🎯 "ანაგის" შემოსავალი ბოლო ორ წელიწადში გაორმაგდა და 2025 წელს მომგებიანობაც გაუმჯობესდა. სამშენებლო კონტრაქტორის ბიზნესში მთავარი კითხვა ისაა, ვინ აფინანსებს მიმდინარე სამუშაოს: დამკვეთი ავანსით, თუ კონტრაქტორი საკუთარი რესურსებითა და სესხებით. 2023-24 წლებში "ანაგის" სამუშაოებს დამკვეთების ავანსები აფინანსებდა და ბანკის ვალი მინიმალური იყო. 2025 წელს ავანსები შემცირდა, დამკვეთების დავალიანება კი გაორმაგდა. შედეგად საოპერაციო ფულადი ნაკადი უარყოფითი გახდა და ვალი ერთ წელში 7-ჯერ გაიზარდა. კომპანია სტაბილური დივიდენდის გაცემასაც ახერხებს. ბოლო ხუთ წელში მოგების დაახლოებით 70% მფლობელზე განაწილდა. ამავე პერიოდში დივიდენდები და დაკავშირებულ მხარეებზე გაცემული სესხები თავისუფალ ფულად ნაკადს აჭარბებდა, ამიტომ სხვაობა ახალი საბანკო სესხებით დაფინანსდა.
📈 2025 წელს შემოსავალი 43%-ით, ₾882 მილიონამდე გაიზარდა. მენეჯმენტის ანგარიშის მიხედვით, ზრდა ახალმა მსხვილმა კონტრაქტებმა განაპირობა, 2026 წელს კი კომპანია თითქმის ₾1 მილიარდის შემოსავალს ელის. 2019 წლიდან შემოსავალი 3.7-ჯერ გაიზარდა, EBITDA კი გაორმაგდა.
📑 "ანაგის" თვითღირებულება სამი ძირითადი ხარჯისგან შედგება: ქვეკონტრაქტორების მომსახურება (35%), სამშენებლო მასალები (34%) და ობიექტებზე დასაქმებული პერსონალის ხელფასები (23%). 2025 წელს ქვეკონტრაქტორების ხარჯი 81%-ით გაიზარდა, მასალების კი 25%-ით, რის შედეგადაც თვითღირებულებაში ქვეკონტრაქტორების წილი გაიზარდა. თვითღირებულება შემოსავალზე ნელა გაიზარდა, ამიტომ საერთო მოგების მარჟა 11.8%-მდე გაუმჯობესდა (2024: 9.8%). საოპერაციო ხარჯმა ₾29 მილიონი შეადგინა, შემოსავლის 3.3% (2024: 3.6%). საოპერაციო ხარჯების უმსხვილესი კომპონენტი ხელფასებია, რამაც ₾21 მილიონი შეადგინა. ხელფასების ჯამური ხარჯი კი (თვითღირებულების ჩათვლით) ₾203 მილიონამდე გაიზარდა (+38% წ/წ), მაშინ როდესაც თანამშრომელთა რაოდენობა 4%-ით შემცირდა. მენეჯმენტის ანაზღაურებამ ₾25.8 მილიონი შეადგინა (2024: ₾18.6 მილიონი), წლის წმინდა მოგების თითქმის ნახევარი. EBITDA-მ ₾72 მილიონი შეადგინა, EBITDA მარჟამ კი 8.2% (2024: 5.5%).
🏦 2025 წლის ბოლოს მთლიანი ვალი ₾148 მილიონი იყო (2024: ₾20 მილიონი), Net Debt/EBITDA კი 1.2x. საკუთარი კაპიტალი ₾166 მილიონია, აქტივების 22%. ვალდებულებების უდიდესი ნაწილი სესხები კი არა, დამკვეთების ავანსები (₾216 მილიონი, 2024: ₾299 მილიონი) და ქვეკონტრაქტორების მიმართ დავალიანებაა (₾143 მილიონი, 2024: ₾47 მილიონი). სავაჭრო და სხვა დავალიანების ₾201 მილიონიდან ₾139 მილიონი დაკავშირებულ მხარეებზე მოდის (2024: ₾42 მილიონი). მეორე მხარეს, შესრულებული, მაგრამ ჯერ გადაუხდელი სამუშაო ₾363 მილიონია და ავანსებს ₾147 მილიონით აჭარბებს. 2024 წელს პირიქით, ავანსები ₾87 მილიონით მეტი იყო. შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მისაღები თანხისა და დამკვეთების ავანსების სხვაობა ერთ წელში ₾234 მილიონით შეიცვალა. დამკვეთებისთვის წარდგენილი, ჯერ აუნაზღაურებელი ანგარიშ-ფაქტურები ₾104 მილიონიდან ₾229 მილიონამდე გაიზარდა. შემცირებული ავანსების ფონზე, კომპანიას შესრულებული სამუშაოს დაფინანსება უფრო მეტად საკუთარი რესურსებითა და სესხებით უწევდა.
🔗 ვალის ზრდის მეორე მიზეზი დაკავშირებულ მხარეებზე გაცემული სესხებია. 2025 წელს კომპანიამ ₾64 მილიონის სესხი გასცა და გაცემული სესხების ნაშთი ₾85 მილიონამდე გაიზარდა (2024: ₾28 მილიონი), საიდანაც ₾80 მილიონი დაკავშირებულ მხარეებზე მოდის. დარიცხული საპროცენტო შემოსავალი ₾9 მილიონი იყო, ფულადი სახით კი მხოლოდ ₾1 მილიონი შემოვიდა. საოპერაციო ფულადი ნაკადის დეფიციტის ფონზე, გაცემული სესხების, დივიდენდებისა და CapEx-ის დაფინანსების ძირითადი წყარო ახალი საბანკო სესხები იყო.
💵 2021-25 წლებში საოპერაციო ფულადმა ნაკადმა ჯამურად ₾159 მილიონი შეადგინა, საპროცენტო ხარჯისა და CapEx-ის შემდეგ კი თავისუფალმა ფულადმა ნაკადმა (FCF) ₾61 მილიონი. დივიდენდები და გაცემული სესხები ამ თანხას აჭარბებდა, სხვაობა კი ძირითადად ₾124 მილიონის წმინდა ახალი სესხებით დაფინანსდა.
💰 2021-25 წლებში კომპანიამ დივიდენდად ჯამურად ₾79 მილიონი გასცა, რაც ამავე პერიოდის FCF-ის 130% და წმინდა მოგების 69%-ია. 2025 წლის დივიდენდი ₾15 მილიონი იყო (2024: ₾17 მილიონი), წლის წმინდა მოგების 28%. წლის დასრულების შემდეგ კომპანიამ დამატებით ₾14 მილიონის დივიდენდი გასცა.
📊 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾881.9 მლნ (+43.1% წ/წ)
- თანამშრომლები (წლის ბოლოს): 2,551 (2024: 2,644)
- საერთო მოგების მარჟა: 11.8%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 7.3%
- EBITDA: ₾72.1 მლნ
- EBITDA მარჟა: 8.2%
- წმინდა მოგება: ₾53.5 მლნ (მარჟა: 6.1%)
- დივიდენდი (2021-25): ₾79.2 მლნ (2025: ₾15.2 მლნ)