
გავეცნოთ სასტუმროების 2022 წლის ფინანსურ მაჩვენებლებს 4 კომპანიის მაგალითზე:
შპს “ბლექ სი რიზორთსი” (Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection)
შპს “ლოპოტა” (Lopota Lake Resort & Spa – ლოპოტა სპა რეზორტი)
შპს “წინანდლის მამულები” (Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel)
შპს “ამბასადორი კაჭრეთში” (Ambassadori Kachreti Golf Resort)
წარმოდგენილი სასტუმროებიდან 2 ადგილობრივი ბრენდია (“ლოპოტა” და “ამბასადორი კაჭრეთი”), დანარჩენი 2 კი მაღალი კლასის ლუქს სასტუმროების ფრანჩაიზებს წარმოადგენს.
“ლოპოტა” 2008 წელს გამოჩნდა ბაზარზე, დანარჩენი 3 სასტუმრო კი 2017-2018 წლებიდან იღებს სტუმრებს.
სასტუმროებს ჯერ სტაბილიზაციის პერიოდისთვის არ მიუღწევიათ და ჯერ კიდევ განვითარების აქტიურ ფაზაში არიან, რაც გამოიხატება მოცულობითი კაპიტალური დანახარჯებით (capex).
სასტუმროების შემოსავლის ძირითად წყაროს სასტუმროს ნომრებიდან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს. ამ მხრივ, Tsinandali Estate, გამონაკლისია, სადაც სარესტორნო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი (54%) მნიშვნელოვნად აჭარბებს სასტუმროს ნომრებიდან მიღებულ შემოსავლებს (38%).
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.
წარმოდგენილ კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალშემოსავლიანი Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection-ია. “პარაგრაფ შეკვეთილის” შემოსავლებმა ₾38 მილიონი შეადგინა 2022 წელს, რაც 8%-ით აღემატება 2021 წლის შემოსავლებს. შემოსავლების ზრდა განაპირობა სასტუმროს დატვირთულობის მაჩვენებლის (occupancy %) გაუმჯობესებამ. დატვირთულობის მაჩვენებელი 5.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 59%-ს მიაღწია 2022 წელს. შემოსავლების ზრდის ტემპი უფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა ნომრის საშუალო დღიური ღირებულების (ADR) 4%-იანი კლება.
კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში (მარაგების თვითღირებულების ჩათვლით) 80%-130%-ის ფარგლებშია. საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვანი წილი მოდის თანამშრომელთა ანაზღაურებაზე, კომუნალურ დანახარჯებზე და, რა თქმა უნდა, ცვეთის ხარჯებზე.
წარმოდგენილ კომპანიებს განსხვავებული კაპიტალის სტრუქტურა აქვთ. “პარაგრაფ შეკვეთილი” სრულად ფინანსდება მფლობელის მიერ კაპიტალში შენატანით, დანარჩენი კომპანიების დაფინანსების გარკვეულ წყაროს კი სესხი წარმოადგენს.
სასტუმროს ბიზნესისთვის მდგრადი სტაბილიზაციის მიღწევა საკმაოდ რთულია. საჭიროა ხშირი პერიოდულობით მოცულობითი კაპიტალის ინვესტირება სასტუმროს ინფრასტრუქტურის შენარჩუნების თუ გაფართოების მიზნით. ამასთანავე, შემოსავლიანობის განმსაზღველი ფაქტორები (დატვირთულობა და ნომრის დღიური ღირებულება) დამოკიდებულია მაკრო და მიკრო ფაქტორებზე, კონკურენციასა და მიწოდება-მოთხოვნის ბალანსზე. შესაბამისად, გრძელვადიანი საიმედო პროგნოზების გაკეთება საკმაოდ რთულია და ამ ბიზნესს უფრო კომპლექსურს ხდის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
კომპანიების მფლობელები:
Paragraph Resort & Spa Shekvetili, Autograph Collection
საბოლოო მშობელი კომპანია (შპს “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის” გავლით):
– საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”
Lopota Lake Resort & Spa – ლოპოტა სპა რეზორტი
კომპანიის მფლობელი:
– შპს „ლოპოტა ინვესტმენტი“: 100% (majority family-owned)
Tsinandali Estate
კომპანიის მფლობელები:
– შპს “წინანდლის სავანე”: 66.57%
– სს “საპარტნიორო ფონდი”: 33.43%
*საბოლოო მშობელი კომპანია “სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ (მალტა) ლიმიტედი” – ფიზიკური პირის, გიორგი რამიშვილის მიერ კონტროლირებული საწარმო.
Ambassadori Kachreti Golf Resort
კომპანიის მფლობელი:
– ეკა კოპალეიშვილი: 100%
“ამბასადორი კაჭრეთის” Fixed Asset Turnover (FAT) მაჩვენებელი არ ასახავს რეალობას, ვინაიდან კომპანიას თავის ბალანსზე არ აქვს ძირითადი საშუალებები / სასტუმროს ოპერირებისთვის საჭირო აქტივები. რეპორტის საფუძველზე გაურკვეველია ვის ეკუთვნის “ამბასადორი კაჭრეთის” ტერიტორიაზე განთავსებული მიწა და შენობა-ნაგებობი, ან ვის მიჰყიდა კომპანიამ ეს აქტივები. ამიტომ, კომპანიის გარკვეული მაჩვენებლები (e.g. Total Debt/Total Assets; FAT ratio) არ არის კონკურენტებთან შესადარისი.