
გავეცნოთ სასათბურე მეურნეობებს შემდეგი ორი კომპანიის მაგალითზე:
შპს “გრინჰაუზ ჰოლდინგი” (პლანტა / Planta)
შპს “ჰერბია” (Herbia)
კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბოსტნეულისა და/ან მწვანილის წარმოება სასათბურე პირობებში და მათი საბითუმო რეალიზაცია.
შპს “გრინჰაუზ ჰოლდინგი” ორი შვილობილი კომპანიის მეშვეობით ოპერირებს: სს “საქართველოს სათბურის კორპორაცია” და შპს “ქართული აგრო სახლი“. “საქართველოს სათბურის კორპორაცია” მართავს 12 ჰექტარზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო სასათბურე კომპლექსს, სადაც ძირითად მოსავალს პომიდორი და კიტრი წარმოადგენს. “ქართული აგრო სახლი” კი ამ პროდუქციის შემფუთავი და დისტრიბუტორი კომპანიაა. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ძირითადად “პლანტას” ბრენდის ქვეშ ხორციელდება.
“ჰერბია“ 3 ჰექტარზე გაშენებული სასათბურე მეურნეობაა, სადაც კომპანია ახდენს მწვანილისა და ბოსტნეულის მოყვანას, დაფასოებას და დისტრიბუციას.
წარმოდგენილი კომპანიების მაგალითზე, სასათბურე მეურნოებაში საოპერაციო მოგების მარჟა 5%-15%-ის ფარგლებშია, EBITDA მარჟა კი 15%-20%.
თუმცა, სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, ორივე კომპანიის შემთხვევაში შეიმჩნევა პრობლემები საბრუნავი კაპიტალის მართვასთან დაკავშირებით. კომპანიებს მალე უწევთ ფულის გადახდა მომწოდებლებთან, თუმცა დიდხანს ელოდებიან ფულის მიღებას საცალო სავაჭრო ობიექტებიდან.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2023 წლის მონაცემებს.
“პლანტას” შემოსავლებმა ₾23 მილიონი შეადგინა. ბოლო 5 წელში (2018-23) კომპანია საშუალოდ წლიურად 10%-ით იზრდებოდა, თუმცა კომპანიის შემოსავლები 2023 წელს 9%-ით შემცირდა.
“ჰერბიას” ბრუნვამ ₾11 მილიონი შეადგინა, 2-ჯერ ნაკლები ვიდრე წამყვანი ბოსტნეულის სასათბურე მეურნეობის. თუმცა, “ჰერბიას” ზრდის ტემპი გაცილებით მაღალი იყო. 2018-23 წლებში, კომპანია საშუალოდ წლიურად 19%-ით იზრდებოდა. 2023 წელს “ჰერბიას” შემოსავლებიც შემცირდა 8%-ით.
“ჰერბიას” საერთო მოგების მარჟა (gross profit margin) 69%-ია. “პლანტას” (“გრინჰაუზ ჰოლდინგი”) თვითღირებულების ხარჯები არ აქვს გამოყოფილი, ამიტომ საოპერაციო ხარჯებში მაქვს თვითღირებულების ხარჯებიც გაერთიანებული შესადარისობისთვის.
კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში (თვითღირებულების ჩათვლით) 85%-95%-ის ფარგლებშია.
“პლანტას” საოპერაციო მოგების მარჟა 5%-ია, “ჰერბიასი” კი 15%. EBITDA მარჟების მხრივ, “პლანტას” მაჩვენებელი 15%-ია, “ჰერბიასი” 20%.
“ჰერბია” გაცილებით მაღალლევერიჯიანი კომპანიაა, ვიდრე “პლანტა”. “პლანტამ” ბოლო წლებში თავისუფალი ფულადი ნაკადების დიდი ნაწილი სესხის გადასაფარად გამოიყენა, შესაბამისად 2023 წლისთვის სესხის წილი აქტივებში 10%-ს შეადგენდა. “ჰერბიას” იგივე მაჩვენებელი კი 59%-ია, ვინაიდან კომპანია სესხზე მომსახურებისთვის და დივიდენდის გასაცემად დამატებით სესხს იღებდა.
“ჰერბიამ” ბოლო სამ წელში (2021-23) მფლობელებზე ჯამურად ₾4.5 მილიონი გასცა, რაც უმეტესად აღებული სესხით დაფინანსდა. ბოლო ექვს წელში (2018-23) კი კომპანიამ ჯამურად ₾5.7 მილიონის მოცულობის დივიდენდი გასცა. “პლანტას” დივიდენდი არ გაუცია.
ვინაიდან სექტორი კაპიტალურად ინტენსიური ბიზნესია, საინტერესოა შევხედოთ კომპანიების მიერ ძირითადი საშუალებების უტილიზაციას და გავიგოთ თუ რამდენად ეფექტურად იყენებენ გრძელვადიან ფიქსირებულ აქტივებს შემოსავლების გენერირებისთვის.
ამის შესაფასებლად შევხედოთ Fixed Asset Turnover (FAT) Ratio-ს, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ კომპანიებს ან დაბალი ეფექტურობის მაჩვენებელი აქვთ, ან ეს კოეფიციენტი დაღმავალ ტრენდზეა:
ქვედა გრაფიკში შეგიძლიათ იხილოთ კომპანიების შემოსავლების დინამიკა 2018-23 წლებში:

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "გრინჰაუზ ჰოლდინგი" (პლანტა)
💼 კომპანიის მფლობელი:
- GCF Luxemburg: 100% ("საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან" დაკავშირებული კომპანია)
საბოლოო მაკონტროლებელი ფიზიკური პირი: ეკატერინე ხვედელიძე
2️⃣ შპს "ჰერბია"
💼 კომპანიის მფლობელები:
- რევაზი ჯანელიძე: 50%
- ზურაბი ჯანელიძე: 25%
- დავითი ჯანელიძე: 25%