"სოფლის ნობათის" ბრენდით რძის პროდუქტებს აწარმოებს და, ამავდროულად, ჯგუფის იმპორტირებულ წასახემსებლებსა (Lay's, Doritos) და წვენებს ანაწილებს. საბოლოო მშობელი NASDAQ-ზე დალისტული PepsiCo, Inc.-ია, პირდაპირი მფლობელი კი რუსული კომპანია სს "ვიმ-ბილ-დანი"**.
📑 2019-24 წლებში შემოსავალი 2.4-ჯერ გაიზარდა და 2024 წელს ₾241.2 მილიონს მიაღწია (CAGR: 18.8%). შემოსავლის 52.6% (₾126.7 მლნ) თვითწარმოებულ, ძირითადად რძის პროდუქტებზე მოდის, დანარჩენი 47.4% (₾114.4 მლნ) კი ჯგუფის იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციაზე.
📑 ცალკეულ პროდუქტებში ყველაზე დიდი წილი იმპორტირებულ ჩიფსებზე მოდის — ₾57.6 მილიონი, ანუ შემოსავლის 23.9%. რძის კატეგორიებიდან კი ლიდერობს არაჟანი (₾34.2 მლნ), პასტერიზებული რძე (₾33.4 მლნ), იოგურტი (₾28.2 მლნ) და მაწონი (₾24.9 მლნ).
📑 მომგებიანობა მკვეთრად გაუმჯობესდა: საოპერაციო მარჟა 2019-20 წლების ფაქტობრივად ნულოვანი დონიდან 2024 წელს 20.6%-მდე ავიდა. 2024 წელს საოპერაციო მოგებამ ₾49.7 მილიონი შეადგინა, EBITDA-მ კი ₾52.9 მილიონი (EBITDA მარჟა: 21.9%). ამას ხარჯების კონტროლმაც შეუწყო ხელი. საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში 2024 წელს 3 პუნქტით, 15.5%-მდე შემცირდა (უმსხვილესი მუხლი: სარეკლამო და მარკეტინგული ხარჯი, ₾13.4 მლნ).
📑 წმინდა მოგებამ 2024 წელს ₾57.1 მილიონს მიაღწია (წმინდა მარჟა: 23.7%), რაც ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. გასათვალისწინებელია, რომ წმინდა მოგების მარჟა აღემატება საოპერაციო მარჟას, რაც ორი არასაოპერაციო მიზეზით აიხსნება: ₾7.4 მილიონი წმინდა ფინანსური შემოსავალი (ძირითადად ჯგუფზე გაცემული სესხისა და ფულადი ნაშთების პროცენტი) და მოგების გადასახადის არარსებობა.
📑 დღევანდელი მდგომარეობა კომპანიის რამდენიმეწლიანი შემობრუნების შედეგია. ისტორიულად კომპანია ზარალიანი იყო — ბოლო ზარალიანი წელი 2020 იყო, როცა საოპერაციო ფულადი ნაკადიც უარყოფითი ჰქონდა (-₾21.9 მლნ), ნაწილობრივ აქციონერი ჯგუფისგან მიღებულ, ₾82-84 მილიონ სესხებზე გაწეული საპროცენტო და საკურსო ხარჯების გამო. 2020-21 წლებში მშობელმა კომპანიამ კაპიტალში შენატანი განახორციელა (ჯამში ₾117 მილიონი) და ამ თანხით სესხები სრულად დაიფარა. დაბალანსებული კაპიტალის სტრუქტურისა და მზარდი მომგებიანობის კომბინაციამ ფულადი ნაკადების გენერირების უნარი იმდენად გააუმჯობესა, რომ კომპანია თვითდაფინანსებადიდან ჯგუფის ლიკვიდურობის მომწოდებლად იქცა და PepsiCo Global Holdings Limited-ს ₾53 მილიონზე მეტი ასესხა.
📑 ბიზნესი შედარებით დაბალკაპიტალტევადია (capital-light). 2019-24 წლებში კაპიტალური დანახარჯები (CapEx) საშუალოდ შემოსავლის მხოლოდ ~3%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი წმინდა რძის პროდუქტების მწარმოებლებზე დაბალია და ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ "ვიმ ბილ დან საქართველოს" შემოსავლის ნახევარი იმპორტირებული პროდუქციაზე (და არა წარმოებაზე) მოდის.
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾241.2 მილიონი (+12.9% წ/წ; CAGR 2019-24: 18.8%)
- საერთო მოგების მარჟა: 35.2%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 20.6%
- EBITDA მარჟა: 21.9%
- წმინდა მოგების მარჟა: 23.7%
- CapEx / შემოსავალი (საშ. 2019-24): ~3%
- სასესხო ვალდებულებები: ₾0
- ფულადი სახსრები: ₾39.0 მილიონი
- დაკავშირებულ მხარეზე გაცემული სესხი: ₾54.9 მილიონი
- დივიდენდები: 0 (2017-24)