💳 **სს "ოპპა" (OPPA | PayBox)** საქართველოს უმსხვილესი არასაბანკო საგადახდო ქსელია. კომპანია 2007 წ…
ელს შეიქმნა, 2014 წლიდან ჩეხური ENERGO-PRO-ს ეკუთვნის და 2025 წლის ბოლოს 8,047 აქტიურ გადახდის ტერმინალს მართავდა. ჯგუფში დაახლოებით 320 ადამიანია დასაქმებული.
🔓 ბიზნესი თვითმომსახურების ტერმინალების ქსელს ეყრდნობა: მომხმარებელი იხდის კომუნალურ გადასახადს, ავსებს მობილურის, ინტერნეტისა და ელექტრონული საფულის ბალანსს ან ფარავს სესხს, კომპანია კი ყოველი ტრანზაქციიდან საკომისიოს იღებს. ქსელი ორნაირად ფუნქციონირებს: (1) კომპანიის საკუთარი ტერმინალებისთვის OPPA თავად ქირაობს ადგილს და საკომისიო მთლიანად რჩება; (2) დილერების მიერ განთავსებულ ტერმინალებზე კი საკომისიოს დიდი ნაწილი დილერს უბრუნდება. გადახდის წერტილების დაახლოებით 38% ჯგუფის საკუთარი ქსელია, დანარჩენს კი დილერები მართავენ.
📍 ანალიზი ეფუძნება OPPA-ს კონსოლიდირებულ ანგარიშგებას და, საგადახდო მომსახურების გარდა, მოიცავს შვილობილ კომპანიებსაც: "ტესო ტექ სოლუშენსსა" (ტერმინალები და ნაწილები) და "ასტერბიტს" (software development). შემოსავალში finSPOT გულისხმობს წმინდა ამონაგებს, ბრუტო ამონაგებს დილერებისა და პროვაიდერების გასამრჯელოს გამოკლებით, ანუ იმას, რაც კომპანიას რეალურად რჩება.
📑 2025 წელს ჯგუფის წმინდა ამონაგები ₾29.1 მილიონამდე გაიზარდა (+15.3% წ/წ). ბრუტო ამონაგები კი მხოლოდ 7%-ით, ₾48.3 მილიონამდე გაიზარდა, საკომისიო შემოსავალი — 2%-ით, ₾40.3 მილიონამდე. განსხვავება იმას ნიშნავს, რომ ზრდა ბრუნვის გაფართოებას კი არა, დილერების წილის შემცირებას მოჰყვა. 2021-25 წლებში წმინდა ამონაგების CAGR 8.2%-ია, ბრუტოსი კი მხოლოდ 2.3%.
📑 ტერმინალების ეკონომიკა ტრანზაქციების დინამიკაზე უკეთ გამოიყურება. 2025 წელს ტრანზაქციების რაოდენობა 8.8%-ით შემცირდა და 2023 წელთან შედარებით 17%-ით ნაკლები იყო, თუმცა საშუალო თანხა ერთ ტრანზაქციაზე 22%-ით გაიზარდა. საკომისიო შემოსავალი მაღალმა საშუალო ჩეკმა შეინარჩუნა, თავად ფიზიკური ტერმინალების გამოყენება კი კლებადია.
📑 EBITDA ₾7.3 მილიონამდე გაიზარდა (+42%), მარჟა კი 20.4%-დან 25.2%-მდე გაუმჯობესდა. ზრდას ორი წყარო აქვს: (1) დილერების საკომისიო 4%-ით, ₾18.3 მილიონამდე შემცირდა და წმინდა საკომისიო შემოსავალი გაიზარდა; და (2) software მიმართულების შემოსავალი 71%-ით გაიზარდა და წმინდა ამონაგების 22% შეადგინა. თუმცა ეს უკანასკნელი მკვეთრად კონცენტრირებულია: ₾6.4 მილიონის software შემოსავალი პრაქტიკულად სრულად დაკავშირებული მხარისგან, ბულგარეთში მოქმედი ერთი მომხმარებლისგან მიიღება. შესაბამისად, EBITDA-ს ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი ENERGO-PRO-ს ჯგუფის შიდა კონტრაქტზეა დამოკიდებული.
📑 ჯგუფის შრომითი დანახარჯები 16%-ით, ₾13.3 მილიონამდე გაიზარდა და წმინდა ამონაგების 45.6% შეადგინა (2024: 45.3%). უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელთა ანაზღაურება ₾2.9 მილიონი იყო (+15% წ/წ), რაც შრომითი დანახარჯების 22%-ს შეადგენს.
📑 წმინდა მოგება ₾5.3 მილიონამდე გაიზარდა (+156%), თუმცა მას დაახლოებით ₾0.9 მილიონით ზრდის საკურსო მოგება (₾562 ათასი) და დაკავშირებულ მხარეზე გაცემული სესხის საპროცენტო შემოსავალი (₾359 ათასი). აღნიშნული სესხი 2025 წელს სრულად დაიფარა, ამიტომ შესაბამისი საპროცენტო შემოსავალი განმეორებადად ვერ ჩაითვლება.
⚠️ მთავარი საოპერაციო რისკი ნაღდი ფულის კონტროლია. 2024 წლის ანგარიშგებით, 2020-24 წლებში გზაში მყოფი ფულიდან ₾1.55 მილიონი იქნა მითვისებული და წინა წლების მონაცემები გადაანგარიშდა. 2025 წელს ტერმინალებიდან დანაკარგი ₾703 ათასამდე გაიზარდა (2024: ₾393 ათასი), EBITDA-ს თითქმის 10%.
📑 ბალანსი ფორმალურად ძლიერია: საბანკო ვალი არ არსებობს, ფული ₾26.7 მილიონია, საიჯარო ვალდებულებები კი ₾5.4 მილიონს შეადგენს. თუმცა ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი თავისუფალ ლიკვიდობას არ წარმოადგენს: ₾12.2 მილიონი ტერმინალებში ან გზაშია, კიდევ ₾2.6 მილიონი კი პროვაიდერების დასაფარად განკუთვნილ შეზღუდულ საბანკო ანგარიშზე ინახება. ამ თანხებისა და იჯარების გამოკლებით, კონსერვატიულად შეფასებული თავისუფალი ფულადი პოზიცია დაახლოებით ₾6.5 მილიონია.
💰 კომპანიას დივიდენდი ჯერ არ გაუნაწილებია და თავისუფალი ფულადი ნაკადების დიდი ნაწილი ბალანსზე ქეშის სახით გროვდება.
📊 2025 წლის ძირითადი კონსოლიდირებული მაჩვენებლები:
- წმინდა ამონაგები: ₾29.1 მლნ (+15.3% წ/წ)
- ბრუტო ამონაგები: ₾48.3 მლნ (+7%)
- EBITDA: ₾7.3 მლნ (მარჟა: 25.2%)
- წმინდა მოგება: ₾5.3 მლნ (მარჟა: 18.1%)
- ROAE: 21.3%
- თავისუფალი ფულადი ნაკადი: ₾2.7 მლნ
- ფული: ₾26.7 მლნ
- საბანკო ვალი: ₾0
- საიჯარო ვალდებულებები: ₾5.4 მლნ
- აქტიური გადახდის ტერმინალები: 8,047