🛏️ **შპს "სანნა"** საქართველოში დანიური **JYSK**-ის ფრენჩაიზია და საყოფაცხოვრებო საქონლის, ავეჯის,…
ტექსტილისა და სახლის აქსესუარების საცალო ქსელს წარმოადგენს. 2024 წლის ბოლოს კომპანია 7 მაღაზიით იყო წარმოდგენილი თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში და ასევე მართავდა ონლაინ მაღაზიას.
📑 2019-24 წლებში "სანნას" შემოსავლები 2.9-ჯერ გაიზარდა და 2024 წელს ₾64.9 მილიონს მიაღწია (CAGR: 24%). 2024 წელს ზრდა შედარებით ნორმალიზდა და შემოსავალი 14%-ით გაიზარდა წ/წ, 2021-22 წლების საკმაოდ მაღალი ზრდის შემდეგ (წლიურად +65%-75%-ის ფარგლებში). შემოსავლების ძირითადი წყარო ავეჯია, რაზეც ₾29.6 მილიონი, ანუ შემოსავლის 46% მოდიოდა. ტექსტილსა და აქსესუარებზე თითოეულზე ~₾15 მილიონი (23%) მოდიოდა; დანარჩენი კატეგორიები ცალ-ცალკე 5%-ს არ აღემატებოდა.
📑 კომპანიის მარჟიანობა მაღალია. საერთო მოგების მარჟა 2019 წლის 37.7%-დან 2024 წელს 51.7%-მდე გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ შემოსავლების ზრდა მხოლოდ გაყიდვების მოცულობით არ მომხდარა და მარჟების ზრდამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
📑 საოპერაციო ხარჯების უმსხვილესი ცალკეული კომპონენტი ადმინისტრაციული და საკონსულტაციო მომსახურებაა, რაც შემოსავლების 9.4%-ს შეადგენდა 2024 წელს. ჯამურმა სახელფასო დანახარჯებმა ₾5.7 მილიონი შეადგინა, ანუ შემოსავლების 8.8%. ფრენჩაიზით სარგებლობისთვის კი "სანნა" JYSK-ის ბრენდის ფრენჩაიზორს ყოველწლიურად საშუალოდ შემოსავლების ~7%-ს უხდის.
📑 2024 წელს საოპერაციო მოგების მარჟამ 11.9% შეადგინა, EBITDA მარჟამ კი 18.8%. 🌍 საერთაშორისო კონტექსტში, "სანნას" ~12%-იანი საოპერაციო მარჟა ფაქტობრივად ემთხვევა გლობალური JYSK Group-ის EBIT მარჟას (FY24/25: ~12%, ბრუნვა €6.2 მილიარდი). ანუ ქართული ფრენჩაიზი გლობალური ქსელის დონის მომგებიანობით ოპერირებს.
📑 წმინდა მოგება 2024 წელს ₾3.6 მილიონამდე შემცირდა (წმინდა მოგების მარჟა: 5.6%). წმინდა მოგებაზე ნეგატიურად იმოქმედა ₾3.0 მილიონამდე არასაოპერაციო/ერთჯერადმა ხარჯებმა, მათ შორის დაკავშირებულ მხარეებზე გაცემული სესხების ₾2.0 მილიონიანმა გაუფასურებამ და ₾0.6 მილიონიანმა ზიანის ანაზღაურების ანარიცხმა. ამ ეფექტების გარეშე კომპანიის წმინდა მარჟა 10%-მდე იქნებოდა.
📑 კაპიტალის სტრუქტურა ზომიერად ლევერიჯიანია. 2024 წლის ბოლოს საბანკო სასესხო ვალდებულებები მხოლოდ ₾3.4 მილიონი იყო, ხოლო საიჯარო ვალდებულებები ₾12.3 მილიონს შეადგენდა. იჯარების ჩათვლით Net Debt / EBITDA დაახლოებით 1.2x იყო, ხოლო მხოლოდ ფინანსური სესხების მიხედვით ლევერიჯი ძალიან დაბალია.
📑 აღსანიშნავია დაკავშირებული მხარეებზე დამოკიდებულება. 2024 წლის ბოლოს საერთო კონტროლქვეშ მყოფ კომპანიებზე გაცემული სესხები ჯამში ₾12.6 მილიონს შეადგენდა, საიდანაც ₾5.5 მილიონი გაუფასურებულია. ამავე წელს კომპანიამ დაკავშირებული მხარეებისგან მიღებულ მომსახურებაში ₾8.9 მილიონი გადაიხადა, შემოსავლების 14%. შესაბამისად, მფლობელის ეკონომიკური სარგებელი მხოლოდ დივიდენდით არ შემოიფარგლება.
💰 2019-24 წლებში მფლობელზე ჯამურად ₾11.9 მილიონი დივიდენდი განაწილდა, მათ შორის ₾3.4 მილიონი 2024 წელს.
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾64.9 მილიონი (+14% წ/წ)
- საერთო მოგების მარჟა: 51.7%
- საოპერაციო მოგების მარჟა: 11.9%
- EBITDA მარჟა: 18.8%
- წმინდა მოგების მარჟა: 5.6%
- სასესხო ვალდებულებები: ₾3.4 მილიონი
- საიჯარო ვალდებულებები: ₾12.3 მილიონი
- Net Debt / EBITDA (იჯარების ჩათვლით): 1.2x
- დივიდენდები 2019-24 ჯამურად: ₾11.9 მილიონი