შედის ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია, საფეხბურთო სკოლა, ფან-შოპი და შპს "დინამო არენა", რომელიც ბორის პაიჭაძის სტადიონს 2060 წლამდე უზუფრუქტით მართავს.
🎯 თბილისის დინამოს კომერციული შემოსავალი სახელფასო დანახარჯებსაც ვერ ფარავს და კლუბი წლებია ტრანსფერებით, სუბსიდიებითა და მფლობელის დაფინანსებით ახერხებს ფუნქციონირებას. ეს სექტორის ნორმაა, finSPOT-ზე წარმოდგენილ ექვსივე ქართულ კლუბს 2024 წელს უარყოფითი EBITDA აქვს, ხუთს კი უარყოფითი კაპიტალიც.
📈 2024 წელს კლუბის ძირითადი საფეხბურთო შემოსავალი ₾7.7 მილიონამდე გაიზარდა (+22% წ/წ). აქედან სტადიონის იჯარიდან მიღებულმა შემოსავალმა ₾3.2 მილიონი შეადგინა, აკადემიიდან ₾2.0 მილიონი, ფეხბურთელის წვრთნისა და აღზრდის/სოლიდარობის კომპენსაციებიდან ₾1.0 მილიონი, რეკლამიდან და სპონსორობიდან ₾728 ათასი, ფან-შოპიდან ₾347 ათასი, დანარჩენმა სხვადასხვა შემოსავლებმა კი ჯამურად დაახლოებით ₾0.3 მილიონი. ძირითადი შემოსავლის გარდა, კლუბმა ფეხბურთის განვითარების ფონდისგან და ფედერაციისგან სუბსიდიების სახით ₾4.5 მილიონი მიიღო (-26% წ/წ). შესაბამისად, 2024 წელს კლუბის მთლიანმა შემოსავალმა ₾12.1 მილიონი შეადგინა (-1.6% წ/წ).
📑 კლუბს წლების განმავლობაში ზარალიანი ოპერაციები აქვს. საოპერაციო ზარალმა 2024 წელს ₾9.7 მილიონი შეადგინა, წმინდა მოგება კი დადებითი, ₾5.2 მილიონი იყო. რისი ძირითადი მიზეზიც ფეხბურთელების ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავალია (ნეტო), რამაც 2024 წელს ₾16.6 მილიონი შეადგინა, კლუბის ყველაზე მაღალი სატრანსფერო მაჩვენებელი მინიმუმ ბოლო 6 წლის განმავლობაში.
💵 2020-24 წლებში ჯამური საოპერაციო ფულადი ნაკადი უარყოფითი იყო (-₾19.2 მილიონი), კაპიტალურმა დანახარჯებმა ₾1.5 მილიონი შეადგინა, თავისუფალმა ფულადმა ნაკადმა (FCFF) კი შესაბამისად -₾20.8 მილიონი. უარყოფითი ფულადი ნაკადების კომპენსირება ფეხბურთელებისა და ქონების გაყიდვამ განაპირობა, რამაც ჯამში ₾20.3 მილიონი შეადგინა.
💰 კლუბის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, დივიდენდი რა თქმა უნდა არ გაცემულა. ხუთი წლიდან სამი ზარალით დასრულდა, დაგროვილი ზარალის მოცულობა კი ₾53 მილიონს აჭარბებს.
🏦 მთლიანი ვალი ₾16.5 მილიონია და მთლიან აქტივებს 52%-ით აღემატება, მოკლევადიანი ვალდებულებები კი მოკლევადიან აქტივებს ₾19.4 მილიონით აჭარბებს. საპროცენტო ხარჯი ფულით არ იხდება და ვალს ერიცხება. აუდიტორი ფუნქციონირებადობის არსებით განუსაზღვრელობას აღნიშნავს, კლუბი კი მფლობელის დაფინანსებაზეა დამოკიდებული, რომელმაც საწესდებო კაპიტალში უკვე ₾41 მილიონზე მეტი შეიტანა.
📍 finSPOT-ის საფეხბურთო კლუბების შემოსავალი მოიცავს სამატჩე, სამაუწყებლო და სხვა კომერციულ შემოსავლებს, და ფეხბურთის განვითარების ფონდიდან და ფედერაციიდან მიღებულ სუბსიდიებს. საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ფეხბურთელის ტრანსფერი შემოსავალი არ არის, მისი წმინდა შედეგი კი არასაოპერაციო ხაზზე აისახება.
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾12.1 მლნ (-1.6% წ/წ)
- სუბსიდიების წილი შემოსავალში: 36.9% (2023: 49.1%)
- ტრანსფერების წმინდა შედეგი: ₾16.6 მლნ (2023: ₾4.1 მლნ)
- საოპერაციო მოგების მარჟა: -80.0%
- EBITDA: -₾8.8 მლნ
- EBITDA მარჟა: -72.5%
- წმინდა მოგება: ₾5.2 მლნ (მარჟა: 43.1%)
- დივიდენდი: არ გაცემულა (2020-24)