🍾 **შპს "ალკორითეილ ჯგუფი" (Alcorium)** 2017 წელს დაფუძნდა და ქვეყნის ყველაზე დიდ სპეციალიზებულ ალკ…
ოჰოლის მაღაზიათა ქსელს "ალკორიუმს" ფლობს. კომპანიას ასევე ეკუთვნის "ვისკის სახლი" და "ღვინის სახლი". 2024 წლის ბოლოს ქსელი 67 მაღაზიას ითვლიდა (2023: 60), თანამშრომელთა საშუალო რაოდენობა 321 იყო, აქტიური მომხმარებლების საშუალო რაოდენობა კი 56,500 (2023: 53,000).
📑 ბოლო ხუთ წელში შემოსავალი 2.6-ჯერ გაიზარდა და 2024 წელს ₾63.0 მილიონი შეადგინა (+10.6% წ/წ). მაღაზიების რაოდენობა 2020 წლის 34-დან 67-მდე გაიზარდა. თითოეულ მაღაზიაზე საშუალო შემოსავალს თუ შევხედავთ კი, კლების ტენდენციას ვხედავთ, რაც მიუთითებს, რომ კომპანიის შემოსავლების ბოლო წლების ზრდა ქსელის გაფართოებამ განაპირობა და არა თითოეული ფილიალის შემოსავლიანობის ორგანულმა ზრდამ. უფრო კონკრეტულად, საშუალო შემოსავალმა ერთ მაღაზიაზე ₾940 ათასი შეადგინა 2024 წელს (2023: ₾949 ათასი; 2022: ₾1.03 მილიონი).
📑 კომპანიას საკმაოდ მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს. 2024 წელს საერთო მოგების მარჟამ ბოლო ექვსი წლის მაქსიმუმს მიაღწია და 35.1% შეადგინა. ასეთმა ზრდამ კი საოპერაციო ხარჯების ზრდა სრულად გადაფარა. შედეგად, EBITDA ₾10.9 მილიონამდე გაიზარდა (+21% წ/წ), EBITDA მარჟამ 17.2% შეადგინა (2023: 15.7%), წმინდა მოგების მარჟამ — 10.2%, ამონაგებმა კაპიტალზე (ROAE) კი — 38.2%.
📑 აღსანიშნავია, რომ "ალკორიუმის" დაკავშირებული მხარეა შპს "გ.დ.ალკო" — ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი უმსხვილესი საბითუმო დისტრიბუტორი. ორ კომპანიას ერთი და იგივე იურიდიული მისამართი აქვს და საერთო მფლობელები ჰყავს. "ალკორიუმი" თითქმის სრულად დაკავშირებული მხარეებისგან მარაგდება: 2024 წელს დაკავშირებული მხარეებისგან მარაგების შესყიდვამ ₾58.2 მილიონი შეადგინა — შემოსავლის 92%. ამას ადასტურებს ისიც, რომ "გ.დ.ალკომ" საკუთარი საცალო ქსელი სწორედ 2017 წელს გაასხვისა — იმავე წელს, როცა "ალკორითეილ ჯგუფი" დაფუძნდა.
📑 შესაბამისად, კომპანიის მარჟიანობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფაქტობრივად, "ალკორიუმის" მარჟა ჯგუფის შიგნით დადგენილ ფასწარმოქმნაზეა დამოკიდებული და არა ბაზარზე მოლაპარაკებულ პირობებზე.
📑 "ალკორიუმს" საბანკო სესხი არ აქვს. მთლიანი ₾7.8 მილიონის ფინანსური ვალი სრულად საიჯარო ვალდებულებაა, Net Debt/EBITDA კი 0.52x (2023: 0.09x). მიუხედავად ამისა, ბალანსი თავისუფალი არ არის — მარაგები, ძირითადი საშუალებები და მთლიანი მოთხოვნები დაგირავებულია დაკავშირებული მხარის სესხის უზრუნველსაყოფად. ამას ემატება "გ.დ.ალკოზე" 13%-ად გაცემული ₾1.5 მილიონის სესხი (2023: ₾379 ათასი). სხვა სიტყვებით, ალკორიუმი არა მხოლოდ ყიდულობს საქონელს დაკავშირებული მხარისგან, არამედ საკუთარი აქტივებით და ფულითაც აფინანსებს მას.
💰 ბოლო სამ წელში "ალკორიუმის" მიერ გენერირებულმა თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა (FCFF) ჯამურად ₾14.6 მილიონი შეადგინა, საიდანაც ნაწილი საიჯარო ვალდებულებების დაფარვას მოხმარდა, ნაწილი კი დივიდენდებად გაიცა — 2022-24 წლებში მფლობელებზე ჯამში ₾4.4 მილიონი განაწილდა. დივიდენდის გარდა "ალკორიუმი" მფლობელებისთვის სესხის უზრუნველყოფისა და დაკავშირებულ მხარეებზე სესხის გაცემის ფუნქციასაც ასრულებს, ამიტომ მფლობელებთან და დაკავშირებულ მხარეებთან კომპანიის ურთიერთობის მასშტაბი მხოლოდ დივიდენდით არ იზომება.
📍 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიის მფლობელები არიან კვიპროსული "მარქითქინ ინვესთმენთს" (95%) და სიმონ ესართია (5%). 2024 წლის ანგარიშგებაში წილები განსხვავებულად იყო გადანაწილებული — "მარქითქინ ინვესთმენთს" 90%, სიმონ ესართია 5% და ლევან ლანდია 5%. თუმცა ამ ოფშორული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელ(ებ)ი ვინ არის, კომპანიის ანგარიშგებაში არ წერია. ვინაიდან ჯგუფს არ გაუმჟღავნებია საბოლოო მაკონტროლებელი მხარე, როგორც ამას IAS 24 მოითხოვს, აუდიტორმა პირობითი მოსაზრება გამოთქვა.
📊 2024 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
- შემოსავალი: ₾63.0 მლნ (+10.6% წ/წ; 2019-24 CAGR: 21.1%)
- მაღაზიების რაოდენობა: 67 (2023: 60)
- თანამშრომელთა საშუალო რაოდენობა: 321
- საერთო მოგების მარჟა: 35.1% (2023: 31.0%)
- EBITDA: ₾10.9 მლნ
- EBITDA მარჟა: 17.2% (2023: 15.7%)
- წმინდა მოგების მარჟა: 10.2% (2023: 8.7%)
- ROAE: 38.2%
- დივიდენდი 2022-24 ჯამში: ₾4.4 მლნ