გავეცნოთ შპს “ჯეო-ოლიმპის” (vitamini.ge), რომელიც სპორტული საკვებდანამატების წამყვანი ქსელია საქართველოში.
ზოგადი მიმოხილვა
“ვიტამინის” ბიზნეს მოდელი ძირითადად მოიცავს საკვებდანამატების, ვიტამინებისა და მინერალების იმპორტს და შემდგომ მის რეალიზაციას ფიზიკური გაყიდვის წერტილების და ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. კომპანია ასევე რამდენიმე საერთაშორისო ბრედნის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და კავკასიის რეგიონში.
ამჟამად კომპანიას 12 ფილიალი აქვს. აქედან 8 ფილიალი თბილისში მდებარეობს, დანარჩენი 4 ფილიალი კი გადანაწილებულია ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში.
“ვიტამინმა” განსაკუთრებულ ზრდას მიაღწია პანდემიურ და პოსტ-პანდემიურ პერიოდში.
2019-22 წლებში კომპანიის შემოსავლები თითქმის 5-ჯერ გაიზარდა, რაც გამოწვეულია როგორც მოთხოვნის ზრდით, ასევე მარჟების გაზრდითა და გაყიდვის წერტილების დამატებით. მოთხოვნის ზრდა, თავის მხრივ, გამოწვეულ იქნა ამ პერიოდში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სავარჯიშო დარბაზების პოპულარობის ზრდით.
მოთხოვნის ზრდასა და სექტორში დაბალ კონკურენციაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ “ვიტამინს” სარეკლამო ხარჯებზე მხოლოდ ₾128 ათასი აქვს გაწეული 2019-22 წლებში კუმულატიურად.
კომპანიის საწყის დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა მფლობელის მიერ კაპიტალში შენატანი. სესხის დამატება კი მცირე რაოდენობით დაიწყო 2019 წლიდან, მაგრამ ამჟამადაც საკმაოდ დაბალ-ლევერიჯიან კომპანიად რჩება, სადაც მთლიანი სესხის წილი აქტივებში 20%-ია, Total Debt/EBITDA მაჩვენებელი კი მხოლოდ 0.4x-ს შეადგენს.
“ვიტამინის” ფინანსები 2019 წლიდან არის ხელმისაწვდომი და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანია ყოველწლიურად მომგებიანია.
კომპანიამ ძალიან მოკლე დროში მოახერხა როგორც კაპიტალში ჩადებული ₾0.6 მილიონის უკან ამოღება, ასევე დამატებით ₾1.3 მილიონის გაცემა დივიდენდის სახით.
კომპანიის ფინანსური ანალიზისთვის გამოვიყენებთ 2022 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
“ვიტამინის” შემოსავლებმა ₾10.3 მილიონი შეადგინა 2022 წელს, რაც თითქმის 80%-ით აღემატება წინა წლის შემოსავლებს, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი შემოსავლები თითქმის გახუთმაგდა (იხ. დასკვნითი სექცია).
კომპანიის შემოსავლების ზრდაში კონტრიბუცია შეიტანა როგორც საერთო მარჟის გაზრდამ, ასევე ახალი ფილიალების დამატებამ. კომპანიამ 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე ფილიალების რაოდენობა გააორმაგა 12-მდე.
იმპორტირებული პროდუქციის გათავალისწინებით, “ვიტამინს” მაღალი 45%-იანი საერთო მოგების მარჟა (gross profit margin) უჭირავს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ საერთო მარჟა 7 პროცენტული პუნქტით გაზარდა 2019-22 წლებში, რამაც საოპერაციო ხარჯების ზრდა მნიშვნელოვნად გაანეიტრალა.
საოპერაციო ხარჯებმა ₾1.9 მილიონი შეადგინა, რაც შემოსავლების 19%-ს წარმოადგენს. 2019-22 წლებში საოპერაციო ხარჯები გაიზარდა როგორც აბსოლუტური მაჩვენებლით, ასევე პროცენტული წილით შემოსავლებში. 2019 წელს საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში მხოლოდ 12%-ს წარმოადგენდა.
- საოპერაციო ხარჯების ყველაზე დიდი ცალკეული შემადგენელი ნაწილი ხელფასებია, რაზეც კომპანიამ ₾954 ათასი დახარჯა. 2019-22 წლებში საოპერაციო ხარჯების ზრდის ძირითადი მიზეზიც სწორედ ხელფასები იყო.
კომპანიას საკმაოდ მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს, რასაც ბოლო 4 წლის განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებს. 2022 წელს EBITDA-მ ₾2.6 მილიონი შეადგინა, EBITDA მარჟამ 25.0%. საოპერაციო მოგებამ კი ₾2.5 მილიონს მიაღწია, რაც 24.5%-იან მარჟას წარმოადგენს.
დაბალი ლევერიჯიდან გამომდინარე, საპროცენტო ხარჯს მცირე ნეგატიური გავლენა აქვს bottom-line მომგებიანობაზე. 2022 წელს წმინდა მოგებამ ₾2.5 მილიონი შეადგინა, წმინდა მოგების მარჟამ კი 24.1%.
2022 წლის ბოლო მონაცემებით, კომპანიის მიერ აღებული სესხი ₾1.0 მილიონს შეადგენს, რაც მთლიანი აქტივების 20%-ს წარმოადგენს. Net Debt/EBITDA კი 0.3x-ს შეადგენს.
საბრუნავი კაპიტალის მართვის კუთხითაც კომპანიას მაჩვენებლები გაუმჯობესებული აქვს. თუ 2019 წელს მარაგების ამოყიდვას საშუალოდ 170 დღეზე მეტს ანდომებდა, 2022 წლის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი თითქმის 100 დღემდე ჩამოვიდა.
დამატებითი ინფორმაცია
🟢 ბიზნესის მაღალმომგებიანობიდან გამომდინარე, ამ სექტორში კონკურენცია სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება.
- ამჟამად უკვე არსებობს რამდენიმე სხვა მოთამაშე, რომლებიც ძირითადად იმპორტირებული საკვაბდანამატების რეალიზაციას ახორციელებენ.
- 2021 წლიდან ასევე გამოჩნდა უშუალოდ საკვებ დანამატების მწარმოებელი კომპანია "კომპავა ჯორჯია", რომელიც სლოვაკური ბრენდის ფრენჩაიზს წარმოადგენს საქართველოში. კომპანია პროტეინებს, ამინომჟავებს, ვიტამინების კომპლექსებსა და სხვა საკვებ დანამატებს აწარმოებს.
შპს "ჯეო-ოლიმპის" (vitamini.ge) შემოსავლებისა და საერთო მოგების მარჟების ისტორიულ ჭრილში გასაცნობად, იხილეთ ქვედა გრაფიკი:

კომპანიის მფლობელი:
აკაკი მოწონელიძე: 100%