გავეცნოთ კერძო კომერციული უნივერსიტეტების ფინანსურ მაჩვენებლებს 3 კომპანიის მაგალითზე:
შპს “საქართველოს უნივერსიტეტი” (The University Of Georgia)
შპს “კავკასიის უნივერსიტეტი” (Caucasus University)
შპს “ალტე უნივერსიტეტი” (Alte University)
ზოგადი მიმოხილვა
სამივე უნივერსიტეტი საგანმანათლებლო მომსახურებას ეწევა, ძირითადად, უმაღლესი განათლების ეტაპზე მყოფი სტუდენტებისთვის. თუმცა, წარმოდგენილი უნივერსიტეტები, სხვა განსხვავებთან ერთად, განსხვავებულ საფასო სეგმენტზე ფოკუსირდებიან.
საქართველოს უნივერსიტეტი საშულო საფასო სეგმენტზე გადის და ყველაზე მაღალშემოსავლიანია კერძო უნივერსიტეტებს შორის. კავკასიის უნივერსიტეტი პრემიუმ სეგმენტის უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მაღალშემოსავალიანია. ალტე უნივერსიტეტი (ყოფილი “თბილისის ღია უნივერსიტეტი”) კი წარმოდგენილ კონკურენტებზე მცირე ბრუნვის მქონე უნივერსიტეტია, რომელიც ხელმისაწვდომ საფასო სეგმენტზე ფოკუსირდება.
ალტე უნივერსიტეტი 2021 წლის დასაწყისში ამჟამინდელმა მფლობელებმა შეიძინეს და კარგ მაგალითად შეიძლება გამოდგეს უნივერსიტეტის, როგორც ბიზნესის, შესაფასებლად.
საქართველოში 2015-’16 სასწავლო წელს უცხოელი სტუდენტები მთლიანი სტუდენტების რაოდენობის 5%-ს წარმოადგენდნენ. 2022-’23 წელს კი მათი წილი 16%-მდე გაიზარდა და ~25,000 შეადგინა. აქედან, 86% ძირითადად მედიცინის პროგრამებსა და მაგისტრატურაზე სწავლობს. ბაკალავრიატზე ჩამოსული უცხოელი სტუდენტების რაოდენობა კი თითქმის უცვლელია 2015-’16 აკადემიურ წელთან შედარებით და 3,500-მდე სტუდენტს ითვლის.
უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა პოზიტიურად აისახება უნივერსიტეტების ფინანსურ შედეგებზე, რადგან საერთაშორისო სტუდენტებისთვის გაცილებით მაღალი სწავლების საფასურია, ვიდრე ადგილობრივებისთვის.
მაგალითად, ალტე უნივერსიტეტში ადგილობრივი სტუდენტისთვის ინგლისურენოვან კომპიუტერულ მეცნიერებაზე სწავლა წლიურად ₾2,950 ღირს, უცხოელი სტუდენტისთვის კი $3,000. ამავე ფაკულტეტზე, საქართველოს უნივერსიტეტში ქართველი სტუდენტისთვის წლიური საფასური ₾4,500-ს შეადგენს, საერთაშორისო სტუდენტისთვის კი $4,000-ს.
სწორედ ამიტომ ვხედავთ უნივერსიტეტების გამძაფრებულ ფოკუსს საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვაზე, განსაკუთრებით სამედიცინო განათლების კუთხით, რადგან სამედიცინო განათლება, როგორც წესი, ყველაზე ძვირია.
საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს საკუთარ მფლობელობაში არსებული კამპუსები აქვთ, ალტე უნივერსიტეტს კი უნივერსიტეტისთვის განკუთვნილი მიწა და შენობა საოპერაციო იჯარის პირობებით აქვს აღებული.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
საქართველოს უნივერსიტეტი ყველაზე მაღალშემოსავლიანი უნივერსიტეტია კერძო უნივერსიტეტებს შორის. 2022 წელს უნივერსიტეტის შემოსავლებმა ₾54 მილიონი შეადგინა, რაც თითქმის 70%-ით აღემატება 2019 წლის შემოსავლებს. კავკასიის უნივერსიტეტის შემოსავლებმა ₾32 მილიონს მიაღწია, რაც 2-ჯერ აღემატება 2019 წლის შემოსავლებს. ალტე უნივერსიტეტის შემოსავლებმა კი, უნივერსიტეტის მცირე ზომიდან გამომდინარე, ₾9 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს თითქმის 3-ჯერ აღემატება.
ბოლო წლების განმავლობაში უნივერსიტეტების შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დიდწილად საერთაშორისო სტუდენტების მატებამ განაპირობა.
ალტე უნივერსიტეტის შემოსავლების ზრდაში, სავარაუდოდ, ასევე დიდი წვლილი შეიტანა კომპანიის რებრენდიგმა და მარკეტინგულმა კამპანიამ. შესყიდვის შემდეგ, 2021-2022 წლებში ალტე უნივერსიტეტის ახალმა მენეჯმენტმა მარკეტინგულ აქტივობებში ₾2.7 მილიონი დახარჯა, თითქმის 3-ჯერ მეტი ვიდრე კავკასიის უნივერსიტეტმა იმავე პერიოდში.
უნივერსიტეტების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში, უმეტეს შემთხვევაში, 70%-ზე მეტს შეადგენს. საოპერაციო ხარჯების ძირითადი წილი მოდის კომპანიაში დასაქმებულთა და ლექტორთა ხელფასებზე.
- საქართველოს უნივერსიტეტის ხელფასებმა ₾28 მილიონი შეადგინა, აქედან ₾3.2 გაცემული იყო ძირითად მენეჯმენტზე. კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის ხარჯებმა ₾13 მილიონი შეადგინა, აქედან მენეჯმენტზე გაცემულმა ანაზღაურებამ ₾3.6 მილიონი შეადგინა. ალტე უნივერსიტეტის სახელფასო დანახარჯებმა კი ₾3.4 მილიონი შეადგინა, რაც შემოსავლების 38%-ს წარმოადგენს (წარმოდგენილ უნივერსიტეტებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი).
აღსანიშნავია რომ საქართველოს უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებლები/მფლობელები კომპანიის მენეჯმენტში არიან, შესაბამისად ხელფასის სახით იღებენ ანაზღაურებას. ალტე უნივერსიტეტის ამჟამინდელი მფლობელების უმეტესობა კი არ არის ჩართული უნივერსიტეტის უშუალო მენეჯმენტში, თუმცა ფინანსურ სარგებელს დივიდენდების სახით იღებენ.
- ალტე უნივერსიტეტის ყიდვიდან პირველივე წელს, მენეჯმენტმა ახალ მფლობელებზე დივიდენდის გაცემა დაიწყო. შესყიდვიდან პირველი 2 წლის განმავლობაში მფლობელებმა უკან ₾4.6 მილიონი აიღეს დივიდენდის სახით. საინტერესოა, რატომ არ გამოიყენეს ეს თანხა კაპიტალური დანახარჯებისთვის, ან რა საინვესტიციო სტრატეგია აქვთ ახალ მფლობელებს. უნივერსიტეტის შესყიდვის ფასი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
უნივერსიტეტებს მაღალი მომგებიანობის მარჟები აქვთ. წარმოდგენილი უნივერსიტეტების საშუალო საოპერაციო მოგების მარჟა 19%-ს შეადგენს, EBITDA მარჯა კი 24%-ს.
იმის გამო რომ უნივერსიტეტებს საქართველოში მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვთ და დადებითი ფულადი ნაკადების გენერირებას ახერხებენ, ქეშის წილი მთლიან აქტივებში საკმაოდ მაღალია. უნივერსიტეტები ამ ქეშის თითქმის მთლიან მოცულობას საბანკო დეპოზიტზე ანთავსებენ. ამ თანხის გარკვეული ნაწილი შესაძლებელია გამოიყენონ ქართული კომპანიების მიერ გამოშვებულ ბონდებში ინვესტირებისთვის, რომლის სარგებელიც გაცილებით მაღალია, ვიდრე საბანკო დეპოზიტზე დარიცხული პროცენტი. ამავდროულად, მსგავსი ობლიგაციები, როგორც წესი, 3 წლის ვადიანობის არის და უნივერსიტეტებს დიდი დროითაც არ მოუწევთ ამ ფულის “გაყინვა”.
მაგალითად, კავკასიის უნივერსიტეტის ბალანსზე არსებულმა ქეშმა 2021 და 2022 წლების ბოლოს ₾3.6 მილიონს და ₾8.1 მილიონს მიაღწია, შესაბამისად. საბანკო დეპოზიტზე განთავსებული ქეშის სარგებელმა კი მხოლოდ 4.6%-ი შეადგინა.
საქართველოს უნივერსიტეტი კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალლევერიჯიანია. კომპანიის მიერ აღებული სესხი მთლიანი აქტივების 47%-ს შეადგენს. კავკასიის უნივერსიტეტის იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ს შეადგენს, რადგან კომპანია საოპერაციო ფულადი ნაკადებით ახერხებს კაპიტალური დანახარჯების (CapEx) დაფინანსებას. ალტე უნივერსიტეტს კი ფინანსური ინსტიტუტიდან სესხი არ აქვს აღებული და CapEx-ისთვის მცირე თანხას ხარჯავს.
საქართველოს უნივერსიტეტის მაღალი ლევერიჯი ძირითადად გამოწვეულია არსებითი ინვესტიციებით უძრავ ქონებაში (ძირითადად – მიწა), რომელზეც კომპანია მშენებლობას აპირებს საოპერაციო გამოყენებისთვის. თუმცა, კომპანია ვერ ახერხებს სათანადო ნებართვების აღებას. შესაბამისად, ვერც დამატებითი ფულადი ნაკადების გენერირება ვერ ხერხდება გაწეული კაპიტალური დანახარჯებით.
დამატებითი ინფორმაცია
🟢 როგორც ვხედავთ, უმაღლესი განათლების სექტორი საკმაოდ მზარდი და მომგებიანია საქართველოში. თუმცა, საერთაშორისო დონეზე ღირებული კონკურენტუნარიანობის მოპოვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება უნივერსიტეტების კვლევითი საქმიანობა და მსხვილი ინვესტიციების განხორციელება მეცნიერებაში.
- "მსოფლიო ბანკის" მიხედვით, საქართველოში კვლევა და განვითარება (R&D) მშპ-ს მხოლოდ 0.25%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მაჩვენებლებს. R&D-ის განვითარებისთვის, თავის მხრივ, ადგილობრივი კომპანიების/ბიზნესების ჩართულობაა მნიშვნელოვანი. ამჟამად ბიზნესების მიერ დაფინანსებული R&D უმნიშვნელო დონეზეა საქართველოში.
- სავარაუდოდ, ლექტორების დეფიციტიც მძაფრად არის. სანაცნობოში ამდენი უნივერსიტეტის ლექტორი რომ გყავს ისე, რომ განათლების სფეროსთან არც შენ და არც მათ უშუალო კავშირი არ გაქვთ, არ ვიცი რამდენად სასიხარულოა:)
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ საქართველოს უნივერსიტეტი
💼 კომპანიის მფლობელები:
- გიული ალასანია: 37.5%
- მანანა სანაძე: 50.0%
- ნიკოლოზ ალასანია: 12.5%
2️⃣ კავკასიის უნივერსიტეტი
💼 კომპანიის მფლობელები:
- ხატია გოგლიძე: 82%
- თორნიკე შენგელია: 10.5%
- ნუგზარ სხირტლაძე: 2.5%
- ბორის ლეჟავა: 2.5%
- მანანა თურქია: 2.5%
3️⃣ ალტე უნივერსიტეტი
💼 კომპანიის მფლობელები (შპს "ველოქს ედიუქეიშენის" გავლით):
- რამაზ კუკულაძე: 32.5%
- დავით წიკლაური: 14.0%
- არჩილ კონცელიძე: 12.5%
- ნიკოლოზ გამყრელიძე: 11.0%
- ავთანდილ ნამიჩეიშვილი: 11.0%
- მარიამ მეღვინეთუხუცესი: 9.5%
- ვანო ბალიაშვილი: 9.5%