გავეცნოთ მედია ბიზნესს რამდენიმე მსხვილი ტელევიზიის მაგალითზე:
შპს “ტელეიმედი” (იმედი • TV Imedi)
შპს “მთავარი არხი” (მთავარი არხი • Mtavari Arkhi)
სს “მედია ჰოლდინგ” (Rustavi 2 • რუსთავი 2)
შპს “ტელეკომპანია პირველი” (TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი)
შპს “ბი ემ ჯი” (BMG • ბიემჯი)
ზოგადი მიმოხილვა
ტელეკომპანიების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სატელევიზიო ბადეში განთავსებული რეკლამები.
საქართველოში არსებული წამყვანი ტელევიზიები ზარალზე მუშაობენ. ხშირ შემთხვევაში, რეკლამიდან მიღებული შემოსავლებით თანამშრომელთა ხელფასების დაფარვასაც ვერ ახერხებენ, სხვა ადმინისტრაციულ და სესხზე მომსახურების ხარჯებს რომ თავი დავანებოთ. ამ ანალიზში “ბიემჯიც” (BMG) განვიხილოთ, რადგან სატელევიზიო მედია სივრცეში იმ იშვიათ მაგალითს წარმოადგენს, რომელიც მომგებიანია.
საკმაოდ დიდი ზარალიანობის პირობებში, ტელეკომპანიები ფუნქციონირების გაგრძელებას ახერხებენ (i) მფლობელების მიერ კაპიტალში შენატანით, და/ან (ii) აღებული სესხით. ვინაიდან ფინანსურად მომგებიანები არ არიან (“ბიემჯის” გარდა) და არსებული ბიზნეს მოდელით ვერც უახლოეს მომავალში გახდებიან, ტელეკომპანიები სესხებს კომერციული ბანკებისგან ვერ იღებენ. შესაბამისად, საკრედიტო რესურსის მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენენ სხვა პარტნიორი იურიდიული პირები და/ან დაკავშირებული მხარეები. “იმედი” და “ბიემჯი” გამონაკლისს წარმოადგენენ და მიღებული აქვთ საკრედიტო რესურსი “ქართუ ბანკისგან” და “თიბისი ბანკისგან”, შესაბამისად.
2022 წლის მარტიდან აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირება, რამაც მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა იქონია ტელევიზიების შემოსავლებზე. მაგალითისთვის, “მთავარი არხის” და “ტვ პირველის” შემოსავლები 2022 წელს 15%-ით და 14%-ით შემცირდა, შესაბამისად. თუმცა, “რუსთავი 2-მა” შემოსავლების 9%-იანი ზრდა დააფიქსირა გასულ წელს.
ვინაიდან “იმედის” და “ბიემჯის” 2022 წლის ანგარიშგებები ჯერ არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, კომპანიების შედარებისთვის გამოვიყენებთ 2021 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
2021 წლის მონაცემებით, “იმედის” შემოსავლებმა ₾32 მილიონი შეადგინა, რაც მეორე ადგილზე მყოფი “მთავარი არხის” შემოსავლებს 2.7-ჯერ აღემატება.
შემოსავლების კუთხით, ორციფრიანი ზრდა დააფიქსირა ყველა ტელეკომპანიამ გარდა “მთავარი არხისა”, რომლის შემოსავლებიც 2021 წელს მხოლოდ 7%-ით გაიზარდა.
ტელევიზიების ხარჯების ყველაზე მსხვილი კომპონენტი თანამშრომელთა ხელფასებია. როგორც ქვემოთ მოცემულ ანალიზში ხედავთ “მთავარი არხის” და “რუსთავი 2-ის” სახელფასო ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება მთლიან შემოსავალს. “იმედისა” და “ტვ პირველის” შემთხვევაში სახელფასო ხარჯები შემოსავლების 90%-ზე მეტს შეადგენს. “ბიემჯი” ამ მხრივ გამონაკლისია და თანამშრომელთა ხელფასები შემოსავლების მხოლოდ 62%-ს შეადგენს, რაც კომპანიის მომგებიანობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.
არასაკმარისი cash flow-ს არსებობის პირობებში, თანამშრომელთა მიმართ სახელფასო დავალიანებებიც საკმაოდ დიდია ორი ტელეკომპანიის შემთხვევაში. წლის ბოლოს სახელფასო ვალდებულებები (ხელფასი, რომელიც გამოიმუშავეს თანამშრომლებმა, მაგრამ ანაზღაურება ჯერ არ მიუღიათ) შემდეგნაირად გამოიყურება:
– “მთავარი არხი“: ₾5.8 მილიონი (₾6.3 მილიონი 2022 წელს)
– “რუსთავი 2“: ₾1.2 მილიონი (₾769K 2022 წელს)
დანარჩენი ტელევიზიების შემთხვევაში სახელფასო ვალდებულებები არ არსებობს ან უმნიშვნელო მოცულობისაა.
ხელფასებთან ერთად, ტელევიზიებს სხვა მოცულობითი ადმინისტრაციული ხარჯებიც აქვთ (მაგ.: ტელეგადაცემების წარმოება, კომუნალური გადასახადები, იჯარა, მაუწყებლობის ხარჯები და ა.შ.). შესაბამისად, ჯამური საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავლებს და კომპანიების ზარალზე მუშაობას იწვევს. მაგალითად, “იმედის” და “მთავარი არხის” მთლიანი საოპერაციო ხარჯები 2-2.5-ჯერ აღემატება შემოსავლებს.
დამატებითი ინფორმაცია
🟢 ცალსახაა რომ საქართველოში პოლიტიკურ ნიუსებზე ფოკუსირებული ტელევიზიები არ არიან მომგებიანები და წლების განმავლობაში ზარალზე მუშაობენ. არსებული ბიზნეს მოდელით და მიდგომებით, მომგებიანობა ალბათ კომპანიების პრიორიტეტების სიის ბოლოში თუ მოიძებნება.
თუმცა, როგორც ვნახეთ, ბიზნეს მედია (BMG-ის სახით) მომგებიანია. ტელევიზიებში ასევე აღსაღნიშნია შპს "სეტანტა სპორტს მედია", რომელსაც 2021 წელს ₾10 მილიონის შემოსავალი ჰქონდა და წმინდა მოგებამ ₾1.5 მილიონი შეადგინა.
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ TV Imedi
💼 კომპანიის მფლობელი:
- შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“: 25%
საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები: ირაკლი (ოთარ) რუხაძე, ბენჯამინ ალბერტ მარსონი და იგორ ალექსეევი
2️⃣ მთავარი არხი • Mtavari Arkhi
💼 კომპანიის მფლობელი:
- ზაზა ოქუაშვილი: 39% ("BGIM" LTD-ის გავლით)
- ბაკურ ჯახაია: 37%
- ნიკა გვარამია: 12%
- ნიკოლოზ სისაური: 3%
- მარი ანა რურუა: 2.5%
- გიორგი რურუა: 2.5%
- შპს საქართველოს უნივერსიტეტი: 2%
- სხვა: 2%
3️⃣ Rustavi 2 • რუსთავი 2
💼 კომპანიის მფლობელები:
- შპს "პრაიმ თაიმ": 90%
- შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2": 10%
4️⃣ TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი
💼 კომპანიის მფლობელი:
- ვახტანგ წერეთელი: 100%
5️⃣ BMG • ბიემჯი
💼 კომპანიის მფლობელები:
- ანა ლაპიაშვილი: 33.4%
- თამრიკო ქემერტელიძე: 33.3%
- ეკატერინე ბაშარული: 33.3%