გავეცნოთ შესაფუთი მასალების ბიზნესს შემდეგი 4 კომპანიის მაგალითზე:
შპს “ფაბრიკა 1900“
შპს “კოლორპაკი” (Color Pack)
შპს “კავკასპაკი” (Caucaspack)
შპს “ჯორჯიან ფექიჯინგი“
ზოგადი მიმოხილვა
განხილული კომპანიების ძირითად საქმიანობას შესაფუთი მასალების წარმოება წარმოადგენს. რიგით შემთხვევებში, წარმოდგენილი კომპანიები ერთმანეთის პირდაპირი კონკურენტები არ არიან, ვინაიდან სხვადასხვა ტიპის სერვისებზე ფოკუსირდებიან:
- “ფაბრიკა 1900” გოფრირებული მუყაოს ყუთების უმსხვილესი მწარმოებელია საქართველოში. კომპანიის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს ალკოჰოლური სასმელების ყუთები წარმოადგენს.
- “კოლორ პაკი” ყველაზე დიდი პოლიგრაფიული საწარმოა რეგიონში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის საცალო პროდუქტებისთვის ბეჭდვითი მომსახურება: ეტიკეტები, რბილი და მყარი შეფუთვები, სარეკლამო პოლიგრაფია, გოფრირებული ყუთები და ა.შ.
- “კავკასფექი” პლასტმასის ერთჯერადი შეფუთვების უმსხვილესი მწარმოებელია ქვეყანაში. დღესდღეობით კომპანია აწარმოებს კვერცხის შესაფუთ კონტეინერებს, კონტეინერებს მზა საკვებისთვის, პლასტმასის ჭიქებს და ა.შ.
- “ჯორჯიან ფექიჯინგი” იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო ქაღალდის შესაფუთი მასალების სრული სპექტრით წარმოება საქართველოში. ამჟამად აწარმოებს ქაღალდის ჭიქებს, პლასტმასის ხუფებს, ქაღალდის ჩანთებს, ქაღალდის პაკეტებს, ქლემშელებს და ა.შ.
ბოლო წლების განმავლობაში შესაფუთი მასალების ბიზნესი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა საქართველოში. ეს განაპირობა, როგორც შიდა ფაქტორებმა (ადგილობრივი კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამრავლფეროვნება და სტანდარტის ამაღალება, საგრანტო/სახელმწიფო პროგრამების ინიცირება), ასევე გარეშე ფაქტორებმა (შესაფუთი მასალების მნიშვნელოვანი წილი რუსეთიდან და უკრაინიდან შემოდიოდა, ომის შემდგომ კი ადგილობრივ ნაწარმზე მოთხოვნა გაიზარდა).
შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიების განვითარების მაღალ ტემპზე მეტყველებს კომპანიების მიერ განხორციელბული კაპიტალური დანახარჯებიც (capex). მაგალითად, 2018-22 წლებში, “ფაბრიკა 1900“-მა კუმულატიურად ₾22 მილიონამდე კაპიტალური დანახარჯი გაწია. იგივე მოცულობის capex ჰქონდა “ჯორჯიან ფექიჯინგს” იმავე პერიოდში.
ამ ეტაპისთვის, კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები სექტორისთვის საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. EBITDA მარჟები 15%-25%-ის ფარგლებშია, წმინდა მოგების მარჟა კი 11%+.
ამავდროულად, კომპანიების უმეტესობას დაბალი ლევერიჯი აქვს, რაც დივიდენდის გაცემის შესაძლებლობასაც იძლევა.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
წარმოდგენილ კომპანიებს შორის ლიდერობს “ფაბრიკა 1900”, რომლის შემოსავლებმაც ₾40.6 მილიონი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დანარჩენი კომპანიების ბრუნვებს.
ბოლო წლებში კომპანიები საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდებოდნენ. 2019-22 წლებში კომპანიების შემოსავლები 1.7x-3.4x-ჯერ გაიზარდა. ზრდის ასეთი მაღალი ტემპი ძირითადად იმპორტის ჩანაცვლების და ადგილობრივი მოთხოვნის ზრდის საფუძველზე მოხდა.
კომპანიების საერთო მოგების მარჟები (gross profit margin) 25%-35%-ის ფარგლებში მერყეობს.
საოპერაციო ხარჯების ეფექტური მართვის ფონზე კი კომპანიები საკმაოდ მიმზიდველი EBITDA მარჟების გენერირებას ახერხებენ, რაც 15%-25%-ის ფარგლებში მერყეობს.
საოპერაციო ხარჯების ყველაზე დიდ ცალკეულ კომპონენტს წარმოადგენს ხელფასები.
“ჯორჯიან ფექიჯინგის” გარდა, კომპანიები დაბალი ლევერიჯით გამოირჩევიან. Total Debt/EBITDA მაჩვენებელები 1.0x-2.1x-ის ფარგლებშია, “ჯორჯიან ფექიჯინგის” ლევერიჯ კოეფიციენტი კი 6.4x-ს აღწევს, რაც აიხსნება ბოლო წლებში საწარმოში განხორციელებული მოცულობითი ინვესტიციით.
მომგებიანი ოპერაციების და დაბალი ლევერიჯის ფონზე, კომპანიებს საკმარისი ფულადი ნაკადები რჩებათ დივიდენდების გასაცემად. კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2019-22 წლებში კუმულატიურად:
– შპს “ფაბრიკა 1900”: ₾10.4 მილიონი
– შპს “კოლორპაკი”: ₾1.5 მილიონი
– შპს “კავკასპაკი”: ₾2.6 მილიონი
– შპს “ჯორჯიან ფექიჯინგი”: ₾0 (არ გაუცია დივიდენდები, ვინაიდან საოპერაციო ფულად ნაკადებს იყენებს კაპიტალური დანახარჯების ნაწილობრივ დასაფინანსებლად. ხშირ შემთხვევაში, კომპანიას დამატებითი სესხის აღებაც უწევს capex-ის დასაფინანსებლად, რის გამოც “ჯორჯიან ფექიჯინგს” კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალი ლევერიჯიც აქვს)
დამატებითი ინფორმაცია
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "ფაბრიკა 1900"
💼 კომპანიის საბოლოო მფლობელები შპს "ISL CAUCASUS" და შპს "ძეგვი ინდასტრიალის" გავლით:
- მირიან ოქროშიაშვილი: 25%
- ლევან ჩიკვილაძე: 18.75%
- ზურაბ ალავიძე: 18.75%
- ზურაბ ბარათაშვილი: 18.75%
- გივი ჯაფარიძე: 18.75%
2️⃣ შპს "კოლორპაკი"
💼 საბოლოო მაკონტროლებელი ფიზიკური პირი შპს "გამომცემლობა კოლორის" გავლით:
- ივანე თევდორაშვილი
3️⃣ შპს "კავკასპაკი"
💼 კომპანიის მფლობელები:
- ტარიელ მახარაძე: 35%
- ვახტანგ სოფრომაძე: 35%
- ამირან ცერცვაძე: 30%
4️⃣ შპს "ჯორჯიან პექიჯინგი"
💼 საბოლოო მაკონტროლებელი ფიზიკური პირი შპს "სეზანის" გავლით:
- ტარიელ შავერდაშვილი