გავეცნოთ ოპტიკური პროდუქციის რეალიზაციის ბიზნესს შემდეგი 5 კომპანიის მაგალითზე:
შპს “რონიკო” (Roniko)
შპს “კენარი” (Kenari)
შპს “ჯემინი” (Optimist)
შპს “თორელი” (Toreli)
შპს “სანი” (SANI)
ზოგადი მიმოხილვა
კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა ოპტიკური პროდუქციის (მზის სათვალეები, ოპტიკური ჩარჩოები, კონტაქტური/კოსმეტიკური ლინზები და ა.შ.) იმპორტი და მათი საცალო და საბითუმო რეალიზაცია.
ოპტიკურ ბაზარზე უპირობო ლიდერია “რონიკო” და მასთან დაკავშირებული 2 ოპტიკური კომპანია – “კენარი” და “ოპტიმისტი“. სამივე კომპანია ეკუთვნის ერთ ფიზიკურ პირს ან მის ოჯახის წევრებს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს “რონიკომ” შეისყიდა საათებისა და სამკაულების რეალიზატორი კომპანია ართთაიმი/Arttime-ის 100%-იანი წილი ₾7.5 მილიონად. რატომღაც “რონიკოს” ჯერ არ აქვს თავის ანგარიშგებაში “ართთაიმი” დაკონსოლიდირებული. ტრანზაქცია სრულად დაფინანსდა კომპანიის მიერ დაგენერირებული ქეშით, სესხის აღების გარეშე.
ამ ტრანზაქციის შედეგად, “რონიკომ”, თავის შვილობილთან და დაკავშირებულ კომპანიებთან ერთად, ლიდერული პოზიცია მოიპოვა ოპტიკისა და აქსესუარების ბაზარზე და ჯგუფის ჯამურმა შემოსავლებმა ₾54 მილიონი შეადგინა (დაჯამებულია ყველა დაკავშირებული მხარის შემოსავლები და არ ითვალისწინებს ელიმინაციებს).
“რონიკოს” და მასთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, ოპტიკურ ბაზარზე შედარებით მცირე ზომის მოთამაშეები გვხვდებიან. მათ შორის 2 კომპანია წარმოდგენილია ანალიზში.
სათვალეებისა და ოპტიკური ჩარჩოების რითეილერებს საკმაოდ მაღალი მარჟები და მომგებიანობის მაჩვენებლები აქვთ. კომპანიების საერთო მოგების მარჟები (gross profit margin) საშუალო შეწონილით 55%-ია, EBITDA მარჟა კი 22%. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიების უმეტესობას საერთოდ არ გააჩნია სასესხო ვალდებულება, საკმარისი თავისუფალი ფულადი ნაკადები რჩებათ დივიდენდის გასაცემად.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2023 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
“რონიკო” ყველაზე მაღალშემოსავლიანი ოპტიკური კომპანიაა საქართველოში. კომპანიის შემოსავლებმა ₾25 მილიონზე მეტი შეადგინა, რაც თითქმის 2-ჯერ აღემატება 2018 წლის ბრუნვას.
“რონიკოსთან” დაკავშირებული ორი კომპანიის, “კენარის” და “ოპტიმისტის” შემოსავლებმა კი ₾10 და ₾5 მილიონი შეადგინა, შესაბამისად. “რონიკოს” მსგავსად, ორივე კომპანიის შემოსავლები თითქმის გაორმაგდა 2018-23 წლებში.
დანარჩენ 2 წარმოდგენილ კომპანიას შედარებით მცირე მოცულობის ბრუნვა და ზრდის ტემპი აქვს. “თორელის” შემოსავლებმა ₾2.3 მილიონი შეადგინა და წლიურად მხოლოდ 0.7%-ით გაიზარდა. “სანის” შემოსავლებმა კი ₾1.4 მილიონი შეადგინა, რაც წლიურ 2.3%-იან ზრდას წარმოადგენს.
ოპტიკური პროდუქციის რეალიზატორების საერთო მოგების მარჟები (gross profit margin) 49%-67%-ის ფარგლებშია.
კომპანიების საოპერაციო ხარჯების უდიდესი ნაწილი მოდის ხელფასებსა და იჯარაზე. სამი უმსხვილესი ოპტიკური პროდუქციის რეალიზატორის საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 30%-55%-ის ფარგლებშია.
მაღალი საერთო მოგების მარჟების და ეფექტურად მართული საოპერაციო ხარჯების ფონზე, კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. საოპერაციო მოგებისა და EBITDA მარჟები საშუალოდ 21% და 22%-ია, შესაბამისად.
კომპანიების უმეტესობას სასესხო ვალდებულება არ აქვს. შესაბამისად, მსხვილ რეალიზატორებს საკმარისი თავისუფალი ფულადი ნაკადები რჩებათ დივიდენდების გასაცემად. კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2018-23 წლებში კუმულატიურად:
რონიკო: ₾7.2 მილიონი
კენარი: ₾2.8 მილიონი
ოპტიმისტი: ₾1.4 მილიონი
თორელი: ₾84 ათასი (გაცემულია 2022-23 წლებში. წინა წლების ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი)
სანი: ₾161 ათასი (გაცემულია 2022-23 წლებში. წინა წლების ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი)
დამატებითი ინფორმაცია
ქვედა გრაფიკში შეგიძლიათ იხილოთ კომპანიების შემოსავლების დინამიკა 2018-23 წლებში. დამატებულია შპს "ართთაიმის" (Arttime) შემოსავლებიც, ვინაიდან კომპანიის 100%-იანი წილი "რონიკოს" ეკუთვნის. ჯერჯერობით, მშობელ კომპანიას არ აქვს "ართთაიმი" ფინანსურ ანგარიშგებაში დაკონსოლიდირებული და ამიტომ გამოვყავი ცალკე. "თორელის" და "სანის" შემთხვევაში, 2022 წლამდე კომპანიების ფინანსური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი:

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ Roniko • რონიკო
💼 კომპანიის მფლობელი:
- როლანდი ჯავახია: 100%
2️⃣ Kenari • კენარი
💼 კომპანიის მფლობელები:
- ირაკლი ჯავახია: 25%
- ნიკოლოზი ჯავახია: 25%
- მზია ფხალაძე: 8%
- ბესიკ სულამანიძე: 7%
- 7 ფიზიკური პირი 5%-იანი წილით: 35%
3️⃣ Optimist • ოპტიმისტი
💼 კომპანიის მფლობელი:
- როლანდი ჯავახია: 100%
4️⃣ Toreli • თორელი
💼 კომპანიის მფლობელები:
- დავით ალიმბარაშვილი: 50%
- ია შოთაძე: 50%
5️⃣ SANI • სანი
💼 კომპანიის მფლობელი:
- ნიკოლოზი სხირტლაძე: 100%