გავეცნოთ ონლაინ აზარტული თამაშების ბიზნესს შემდეგი 6 კომპანიის მაგალითზე:
1️⃣ შპს “მარსი” (Crystalbet | კრისტალბეთი)
2️⃣ შპს “ავიატორი” (Adjarabet | აჭარაბეთი)
3️⃣ შპს “ფულ ჰაუსი” (Crocobet | კროკობეთი)
4️⃣ შპს “ბეთლაივი” (Betlive | ბეთლაივი)
5️⃣ შპს “ლიდერ-ბეთ სლოტი” (Leaderbet | ლიდერბეთი)
6️⃣ შპს “ევროპაბეთი” (Europebet | ევროპაბეთი)
ზოგადი მიმოხილვა
კომპანიები ვებგვერდების საშუალებით მომხმარებლებს სთავაზობენ აზარტული თამაშების პლატფორმებს. ძირითადი პროდუქტები მოიცავს ონლაინ კაზინოს თამაშებს, ონლაინ სპორტულ ფსონებს (ტოტალიზატორი) და ონლაინ peer-to-peer თამაშებს (მაგ.: ონლაინ პოკერი).
ვინაიდან კომპანიები ძირითადად ონლაინ რეჟიმში ოპერირებენ, კოვიდ პანდემიას უარყოფითი გავლენა არ ჰქონია მათ შემოსავლიანობაზე და 2020 წელს და მას შემდეგაც საკმაოდ დიდი ზრდა აჩვენეს.
წარმოდგენილი კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები სულ მცირე – შთამბეჭდავია. EBITDA მაჩვენებლები საშუალო შეწონილით 36%-ია, წმინდა მოგების მარჟა კი 34%. თითოეულ კომპანიაზე გაცემული დივიდენდები 5 წლის განმავლობაში ჯამურად ₾89-₾875 მილიონის ფარგლებშია.
საწყისი ინვესტიცია მიზერულია მიღებულ ამონაგებთან შედარებით. თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად ხდება ონლაინ კაზინოში ჩადებული ინვესტიციის ამოღება, ამის მაგალითად განვიხილოთ Crocobet, რომელმაც 2019 წლიდან დაიწყო სრულად ოპერირება. Crocobet-ის საწყისი ინვესტიცია ₾4 მილიონზე ნაკლებს შეადგენდა (ორ ტრანშად განხორციელებული). უკვე 2020 წელს კი, თითქმის 2 წელში, ინვესტორებმა ₾15.8 მილიონი უკან მიიღეს დივიდენდის სახით, 2020-23 წლებში კი ჯამურად ₾282 მილიონი გაიცა დამფუძნებლებზე.
ტრადიციული კაზინო/სამორინეებისგან განსხვავებით, ონლაინ გემბლინგ კომპანიებს დაბალი კაპიტალური დანახარჯები აქვთ, არ უწევთ ფიქსირებულ აქტივებში (მაგ: უძრავი ქონება) მნიშვნელოვანი ინვესტიცია, მაღალ მარჟაზე ოპერირებენ და მაღალი ქეშის ბალანსიც აქვთ. შესაბამისად, სესხის აღების ნაკლები საჭიროება აქვთ და თავისუფალ ფულად ნაკადებს თითქმის სრულად დივიდენდის სახით გასცემენ.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2023 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
Crystalbet ქვეყნის უმსხვილესი ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიაა, რომლის შემოსავალმაც ₾448 მილიონი შეადგინა 2023 წელს, 72%-ით მეტი ვიდრე 2019 წელს (₾260 მილიონი).
ზომით მეორე და მესამე ონლაინ აზარტული თამაშების მიმწოდებლების – Adjarabet და Crocobet – შემოსავლები ₾404 მილიონი და ₾339 მილიონია, შესაბამისად. დანარჩენი სამი წარმოდგენილი კონკურენტის (Betlive, Leaderbet, Europebet) შემოსავლები კი ₾165-₾175 მილიონის ფარგლებშია.
ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიებს ძალიან მაღალი ზრდის ტემპი აქვთ, განსაკუთრებით მათი მასშტაბის გათვალისწინებით. 2019-23 წლებში, კომპანიების ბრუნვა საშუალოდ წლიურად (CAGR) 30%-ით იზრდებოდა.
საოპერაციო ხარჯები (თვითღირებულების ჩათვლით) შემოსავლების 67%-ს შეადგენს საშუალო შეწონილით. ხარჯების უმსხვილესი ცალკეული კომპონენტი ონლაინ კაზინოს თამაშების მომწოდებლებისთვის გადახდილი თანხებია. მარკეტინგულ აქტივობებში კი კომპანიები საშუალო შეწონილით შემოსავლების 7%-ს ხარჯავენ. 2023 წლის განმავლობაში, წარმოდგენილმა 6 კომპანიამ ჯამურად ₾122 მილიონი დახარჯა მარკეტინგული მიმართულებით.
მომგებიანობა
განხილული კომპანიებიდან თითოეული მაღალი მომგებიანობით გამოირჩევა. EBITDA მარჟა საშუალო შეწონილით 36%-ია.
ვინაიდან ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიების ლევერიჯი მინიმალურია ან საერთოდ არ აქვთ, და ასევე მცირე ცვეთის ხარჯები აქვთ დაბალი ფიქსირებული აქტივების გამო, წმინდა მოგების მარჟაც საკმაოდ მაღალია და საშუალო შეწონილით 34%-ს შეადგენს.
წარმოდგენილ ანალიზში ნახავთ, რომ რამდენიმე კომპანიის შემთხვევაში წმინდა მოგება აღემატება საოპერაციო მოგებას. ამის ძირითადი მიზეზი მაღალი საპროცენტო შემოსავალია, რაც თავის მხრივ მაღალი ქეშის ბალანსით აიხსნება.
ონლაინ აზარტული თამაშების ინდუსტრიაში განსაკუთრებით შთამბეჭდავია თავისუფალი ფულადი ნაკადების მარჟა (Free Cash Flow / Revenue) – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემოსავლის რა ნაწილი გარდაიქმნება თავისუფალ ფულად ნაკადებად. 2019-23 წლებში საშუალოდ კომპანიების FCF მარჟა 29% იყო. ეს თავისუფალი ფულადი სახსრები კი თითქმის სრულად დივიდენდებად გაიცემა.
დივიდენდები
ქართულ ბიზნესებს შორის, წამყვანი ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიები მოწინავე პოზიციებზე არიან როგორც ბრუნვის, ასევე გაცემული დივიდენდების მოცულობების მიხედვით. კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2019-23 წლებში ჯამურად:
1️⃣ Crystalbet: ₾875 მილიონი
2️⃣ Adjarabet: ₾385 მილიონი
3️⃣ Crocobet: ₾282 მილიონი
4️⃣ Betlive: ₾157 მილიონი
5️⃣ Leaderbet: ₾150 მილიონი
6️⃣ Europebet: ₾89 მილიონი
დამატებითი ინფორმაცია
🟢 ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მსხვილი exit-ები (ბიზნესის გაყიდვა) სწორედ სათამაშო ბიზნესს უკავშირდება.
💷 შპს "ატლასის" (ჰოლდინგური კომპანია, რომელიც adjarabet-ის ბრენდის ქვეშ ახორციელებს ონლაინ აზარტული თამაშების საქმიანობას საქართველოს და სომხეთის მასშტაბით) გაყიდვით ყოფილმა მფლობელმა* ₾1 მილიარდზე მეტი მიიღო. კომპანიის გაყიდვა 2 ეტაპად მოხდა 2019 და 2022 წლებში. ზემოთ წარმოდგენილ ანალიზში შპს "ატლასის" შვილობილი შპს "ავიატორია" განხილული; ეს უკანასნელი კი მხოლოდ საქართველოს ოპერაციებს მოიცავს და შესადარისია წარმოდგენილ კონკურენტებთან.
*შპს "ატლასის" ყოფილი მფლობელი იყო შპს "სითი ლოფტი", რომლის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა თეიმურაზ უგულავა.
💷 Crystalbet-ის მფლობელებმა* კი კომპანიის გაყიდვით დაახლოებით ₾400 მილიონი მიიღეს. კომპანიის გაყიდვა აქაც 2 ეტაპად მოხდა 2018 და 2021 წლებში.
* Crystalbet-ის საკონტროლო პაკეტის გაყიდვამდე, კომპანიის მფლობელები იყვნენ: ლევან ახვლედიანი (60%); კნიაზ დასენი (25%); და გიორგი ჩხეიძე (15%).
🟢 finSPOT-ის ნიუსლეთერის შემდგომ გამოშვებაში, გავეცნობით 2013 წელს დაარსებულ დიზაინ პლატფორმას, რომელმაც მაღალი ხარისხის ვიზუალის შექმნა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. ერთ-ერთი რიგითი ავსტრალიური სტარტაპის ნაცვლად, ჩამოყალიბდა $32 მილიარდად შეფასებულ კომპანიად, რომელსაც ამჟამად 220 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰქავს, $2.5 მილიარდი წლიური შემოსავალი, და უახლოეს მომავალში აპირებს IPO-ზე გასვლას. ნიუსლეთერი მხოლოდ გამომწერებისთვისაა ხელმისაწვდომი, ამიტომ გამოიწერე finspot Newsletter.
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "მარსი" (Crystalbet | კრისტალბეთი)
💼 კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი:
- Entain plc (LSE: ENT): 100%
2️⃣ შპს "ავიატორი" (Adjarabet | აჭარაბეთი)
💼 კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი:
- Flutter Entertainment plc (LSE: FLTR): 100%
3️⃣ შპს "ფულ ჰაუსი" (Crocobet | კროკობეთი)
💼 კომპანიის მფლობელები:
- თემურ მიქელაძე: 35%
- ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერი (ავსტრია): 16.67%
- გიგი ლევი-ვაისი (ისრაელი): 16.67%
- მანფრედ ბოდნერი (ავსტრია): 16.67%
- კლაუს ჯემალ რასმუსენი (დანია): 2.5%
- მიჰალი გლოვაცკი: 2.5%
- გურამ დოლიძე: 2.5%
- ზურაბ ერქომაიშვილი: 2.5%
- ბაკურ ხარჩილავა: 2.5%
- გიორგი ბარნაბიშვილი: 2.5%
4️⃣ შპს "ბეთლაივი" (Betlive | ბეთლაივი)
💼 კომპანიის მფლობელები:
- შპს "IT Venture": 40%
- სულიკო ვარსემაშვილი: 38%
- დავით ველიჯანაშვილი: 19%
- თამაზ ხარაიძე: 3%
5️⃣ შპს "ლიდერ-ბეთ სლოტი" (Leaderbet | ლიდერბეთი)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ქართლოს დიასამიძე: 40%
- აკაკი შუბითიძე: 30%
- ბესიკ ხოკერაშვილი: 30%
6️⃣ შპს "ევროპაბეთი" (Europebet | ევროპაბეთი)
💼 კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი:
- Bettson AB (STO: BETS-B): 100%