თხილის ექსპორტიორები (2021)

💡 გავეცნოთ თხილის ბიზნესს 3 მსხვილი ექსპორტიორის მაგალითზე:

1️⃣ შპს “ჯტჯ პლასი”

2️⃣ შპს “ჯორჯიან პროდაქტს რენესანს” (GPR Nuts)

3️⃣ შპს “გლობალ ექსპორტი” (Global Export გლობალ ექსპორტი)

ზოგადი მიმოხილვა

კომპანიებს ექსპორტზე გააქვთ ძირითადად ნედლი თხილის გული და გაუტეხავი თხილი. ასევე ხდება მოხალული და დაჭრილი თხილის, თხილის ფქვილისა და ნაჭუჭის ექსპორტი. ექსპორტირებულ ქართულ თხილს კომპანიები იყენებენ ინგრედიენტად შემდგომი გადამუშავებისთვის როგორც საკონდიტრო ნაწარმში, ასევე სხვადასხვა კერძო ლეიბლების პროდუქციის ინგრედიენტად.

ქვეყნის უმსხვილესი თხილის გადამამუშავებელი საწარმოები მდებარეობს დასავლეთ საქართველოში და ნედლეულის მომწოდებლების უმეტესობაც სწორედ ადგილობრივი ფერმერები არიან. ბოლო წლებში თხილის ბაღების გაშენება დაიწყო კახეთშიც.

ექსპორტირებული თხილის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.

საქართველო თხილის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-5 ადგილზეა — თურქეთის, იტალიის, ჩილეს და შეერთებული შტატების შემდეგ.

ფინანსური მიმოხილვა

3 მსხვილი თხილის ექსპორტიორის ბრუნვამ ჯამურად ₾90 მილიონზე მეტი შეადგინა 2021 წელს. 2018-2021 წლებში კომპანიების საშუალო წლიური ზრდა (CAGR) შემდეგნაირად გამოიყურება:

– შპს “ჯტჯ პლასი”: +41%

– შპს “ჯორჯიან პროდაქტს რენესანს”: +45%

– შპს “გლობალ ექსპორტი”: +14%

თხილის ექსპორტის ბიზნესში თვალშისაცემია საკმაოდ დაბალი საერთო მოგების მარჟა (gross profit margin), რომელიც 4%-8%-მდე მერყეობს. ვინაიდან ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ნედლეულის სახით ხდება, თხილის გადამამუშავებელი საწარმოები მაღალი მარჟის დაჭერას ვერ ახერხებენ. ამასთანავე, ქართული თხილის საწარმოები ფასთწარმოქმნაში მონაწილეობას ვერ იღებენ, განსაკუთრებით იმ პირობებში რომ თურქეთი (მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი) პროდუქტის ხარისხითაც და ფასითაც დიდ კონკურენციას უწევს ქართულ თხილს.

– აღსანიშნავია რომ შპს “გლობალ ექსპორტს” ყველაზე მაღალი საერთო მოგების მარჟა (7.8%) ჰქონდა 2021 წელს, თუმცა 2018-2020 წლებში კომპანიის საერთო მარჟა 2.5%-3.5%-ის ფარგლებში იყო. რთული სათქმელია ზუსტად როგორ მოახერხა შპს “გლობალ ექსპორტმა” საერთო მოგების მარჟის ზრდა 2021 წელს, მაშინ როდესაც კონკურენტების მარჟებს ამავე პერიოდში დაღმავალი ტენდენცია ჰქონდათ.

დაბალი საერთო მოგების მარჟის პირობებში, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების მკაცრი კონტროლი. შესაბამისად, როგორც ქვემოთ მოცემულ ანალიზში ვხედავთ, საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში საკმაოდ დაბალია (1%-4%). საოპერაციო ხარჯების უდიდესი ნაწილი (~60%-ზე მეტი) კი მოდის მიწოდების/ტრანსპორტირების ხარჯებზე.

თხილის ექსპორტიორების EBITDA მარჟა 3%-3.5%-ია. გამოდის რომ თითქმის ₾33 მილიონიანი ბრუნვის მქონე კომპანია მხოლოდ ₾1 მილიონ EBITDA-ზე გადის.

Cash Conversion Cycle (ფულის დაბრუნების პერიოდი) კომპანიებისთვის 60-100 დღის ფარგლებში მერყეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფული “დაბმულია” ოპერაციებში 2 თვეზე მეტ ხანს. იმისათვის რომ ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიებმა უწყვეტლივ განაგრძონ ფუნქციონირება, საჭირო ხდება დამატებითი სახსრების მოძიება.

ამიტომ არის რომ სამივე განხილული თხილის კომპანიის აქტივების 50%-ზე მეტი სესხით არის დაფინანსებული. მაღალი ლევერიჯის მიუხედავად, კომპანიები ახერხებენ სესხზე მომსახურებას, ვინაიდან სარგებლობენ სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით, სადაც პროცენტის გარკვეული ნაწილი თანადაფინანსებულია.

Operating Income / Interest Expense:

შპს “ჯტჯ პლასი”: 3.6x

GPR Nuts: 3.5x

Global Export გლობალ ექსპორტი: 6.3x

კომპანიებისთვის ერთ-ერთი გამოწვევაა უცხოურ ვალუტაში მიღებული შემოსავლები და ადგილობრივ ვალუტაში არსებული თვითღირებულების ხარჯები. განსაკუთრებით იმ პირობებში რომ თხილის შესყიდვისა და გაყიდვის პერიოდი დროში აცდენილია.

🟢 ჩვენს მიერ განხილული კომპანიები ოპერირებენ 2013-2015 წლებიდან, შესაბამისად შედარებით ახალი ბიზნესია და განვითარების პოტენციალიც აქვს.

🟢 მსგავსი ტიპის ბიზნესებში, სადაც საერთო მოგების მარჟა ასე “ბრუტალურად” დაბალია, მნიშვნელოვანია:

1️⃣ დიდ მოცულობაზე გასვლა;

2️⃣ შედარებით მაღალმარჟიანი პროდუქტების ხაზის დამატება. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ქართული თხილის შეთავაზება საბოლოო პროდუქტის სახით საერთაშორისო ბაზარზე. მაგალითად: თხილის პასტა, snack pack (თხილეულის და ჩირის კომბინაციით); ან

3️⃣ შეფუთვის საწარმოო ხაზის დამატება, რისი მეშვეობითაც იმპორტიორ კომპანიებს შესთავაზებენ მათივე ლეიბლებით შეფუთვას და უკვე გასაყიდად მზა პროდუქციის გაგზავნას. ამ შემთხვევაშიც უფრო მაღალი მარჟის დაჭერა იქნება შესაძლებელი.

კომპანიის მფლობელები

შპს "ჯტჯ პლასი"
💼 კომპანიის მფლობელები:
- ბაჩუკი თამლიანი: 50%
- ზაზა ნანავა: 50%

შპს "ჯორჯიან პროდაქტს რენესანს" (GPR Nuts)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ლევან ბოლქვაძე: 60%
- ბაია სალუქვაძე: 40%

შპს "გლობალ ექსპორტი" (Global Export გლობალ ექსპორტი)
💼 კომპანიის მფლობელები:
- კობა დობორჯგინიძე: 100%