გავეცნოთ მიტანის სერვისის წამყვან კომპანიებს საქართველოში 2 კომპანიის მაგალითზე:
შპს „ვოლტ ჯორჯია“ (Wolt / ვოლტი)
შპს „გლოვოაფფ ჯორჯია” (Glovo / გლოვო)
ზოგადი მიმოხილვა
მიტანის სერვისის აპლიკაციები ასრულებენ შუამავლის როლს მომხმარებელს, კურიერებსა და სავაჭრო ობიექტებს შორის.
ბიზნეს მოდელი: შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს საქონლის ღირებულებიდან გარკვეული საკომისიოს მიღება (ჩემი დაშვებით — საშუალოდ 25%). ხარჯების ძირითადი ნაწილი კი მოდის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, კურიერების ანაზღაურებასა და მარკეტინგულ ხარჯებზე.
ვოლტ ჯორჯია 2018 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში. მისი მშობელი კომპანია ფინეთში დაფუძნებული Wolt Enterprises Oy-ია. 2022 წლის ივნისში ამერიკის წამყვანმა მიტანის სერვისის კომპანიამ, DoorDash-მა, Wolt Enterprises Oy იყიდა.
გლოვოც 2018 წლიდან მოქმედებს საქართველოში და მისი მშობელი კომპანია ესპანეთში დაფუძნებული კომპანია Glovoapp 23 SL არის. 2022 წლის ივლისში, Glovoapp 23 SL-ის 94%-იანი წილი მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა მიტანის სერვისის კომპანიამ, Delivery Hero-მ შეისყიდა.
ფინანსური მიმოხილვა
2021 წელს, Wolt და Glovo-ს საშუალებით, სავაჭრო ობიექტებმა ჯამურად ₾274 მილიონის ღირებულების პროდუქცია გაყიდეს. [აქ დაშვებას ვაკეთებ, რომ საშუალოდ 25%-იან საკომისიოს იღებს ორივე კომპანია მერჩანტებისგან].
Wolt და Glovo-ს თითქმის თანაბარი ბაზრის წილი უკავიათ. ვოლტის 2021 წლის შემოსავალმა ₾34.5 მილიონი შეადგინა; გლოვოს შემოსავალმა კი ₾33.9 მილიონი.
ამ ორ ბაზრის მოთამაშეს შორის ძირითადი სხვაობა მათი ზრდის ტემპი და ხარჯების სტრუქტურაა.
თუ 2019 წელს Wolt-ს გაცილებით მცირე დაფარვა ჰქონდა და Glovo-ს შემოსავლების მხოლოდ 64%-ის გენერირებას ახერხებდა, 2 წელში, საკმაოდ სწრაფი ზრდის ტემპით, მოახერხა გლოვოს დაწეოდა.
მიუხედავად თითქმის თანაბარი შემოსავლიანობისა, Wolt-ის ბიზნესი მომგებიანია, Glovo კი ამ ეტაპისთვის ზარალზე მუშაობს.
Glovo-ს შემთხვევაში, მისი ზარალიანი ოპერაციების ძირითადი მიზეზი (i) მაღალი მარკეტინგული ხარჯები (ჩვენს ანალიზში ცალკე გვაქვს გამოყოფილი) (ii) მაღალი საკონსულტაციო ხარჯები, და (iii) მშობელი კომპანიისთვის პროგრამული უზრუნველყოფის თუ სხვა მომსახურებებისთვის გაწეული მაღალი დანახარჯებია. [კომენტარში იხილეთ დამატებითი განმარტება].
Glovo-მ ₾5.2 მილიონით მეტი დახარჯა მარკეტინგულ საქმიანობაში, ვიდრე Wolt-მა. მცირებიუჯეტიანი მარკეტინგული აქტივობების მიუხედავად, ვოლტმა საგრძნობლად დიდი ზრდა შეძლო ბაზარზე.
პროფესიულ/საკონსულტაციო მომსახურებაში, Glovo-მ კონკურენტზე ₾2.3 მილიონით მეტი დახარჯა.
კაპიტალის სტრუქტურა:
- Wolt-ს არ აქვს სესხი ბალანსზე და ძირითადად მშობელი კომპანიის მიერ ჩადებული კაპიტალით ფინანსდება. მთლიანი აქტივების ღირებულება ₾13 მილიონია.
- Glovo-ს დაფინანსების ძირითად წყაროს მშობელი კომპანიისგან მიღებული სესხი წარმოადგენს. სესხის ბალანსმა ₾24.5 მილიონი ლარი შეადგინა 2021 წლის ბოლოს. მთლიანი აქტივების მოცულობა ₾15 მილიონია.
დამატებითი ინფორმაცია
ანალიზის მიხედვით, ვფიქრობ, რომ გლოვოს გამოქვეყნებული “კურიერის მოზიდვის ხარჯები” სრულად არ ასახავს ბიზნესის თვითღირებულას და შესაძლებელია overhead ხარჯები არ აქვთ თვითღირებულებაზე გადანაწილებული. ის რაც ვოლტს თვითღირებულებაში აქვს შეყვანილი, ვფიქრობ, გლოვოს საოპერაციო ხარჯებში აქვს გაშვებული.
თუ ეს ვარაუდი სიმართლეს შეესაბამება, მაშინ საერთო მოგება, საოპერაციო ხარჯები და მათი წილი შემოსავლებში არ არის პირდაპირ შესადარისი ამ ორ კომპანიას შორის.
შესაბამისად, სწორი იქნება მოგება-ზარალის უწყისიდან საოპერაციო მოგებების შედარება, რის მიხედვითაც იკვეთება, რომ გლოვოს ზარალიანი ოპერაციები ძირითადად განპირობებულია მაღალი მარკეტინგული და პროფესიული მომსახურების ხარჯებით.
საინტერესო იქნება ვოლტმა და გლოვომ შემდგომში გამოქვეყნებულ ანგარიშებში შეიტანონ ინფორმაცია შემდეგ მაჩვენებლებზე:
• Gross Order Value (GOV). GOV = მომხმარებლის მიერ გადახდილი პროდუქციის სრული ღირებულება. ეს მაჩვენებელი კრიტიკულია ამ ინდუსტრიის მოთამაშეების ოპერაციების შესაფასებლად.
• შეკვეთების რაოდენობა. იძლევა საშუალებას გამოიკვეთოს შეკვეთის საშუალო მოცულობა ლარებში.
• აქტიური მომხმარებლების რაოდენობა.
ამ მაჩვენებლების გამოქვეყნების ვალდებულება კომპანიებს არ აქვთ, მაგრამ ორივე მოთამაშისთვის მომგებიანი იქნება შეადარონ ეს ინფორმაციები და ჩვენი ცნობისმოყვარეობაც დააკმაყოფილონ.
Glovo-ს მოგება/ზარალის უწყისში, ამონაგების ქვემოთ წერია “სხვა არასაოპერაციო შემოსავალი”. განმარტებით შენიშვნებში კი აღნიშნულია, რომ ეს „საოპერაციო“ შემოსავლებია. 2022 წლის რეპორტისთვის გაითვალისწინეთ, თუ ეთანხმებით ამ კომენტარს.