გავეცნოთ შპს “საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისის” (FC Dinamo Tbilisi) ფინანსურ მაჩვენებლებს, რომელიც ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბია ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
ზოგადი მიმოხილვა
დინამო თბილისის შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფეხბურთელების ლიცენზიების გაყიდვა და იჯარით გაცემა (იხ. ქვემოთ შედარება სხვა ევროპული კლუბების შემოსავლების კომპონენტებთან).
კომპანია ახერხებს შემოსავლების გენერირებას სტადიონის გაქირავებიდანაც. მაგალითად, სხვადასხვა ღონისძიებები/კონცერტები, რომლებიც იმართება სტადიონზე.
თუმცა, საფეხბურთო კლუბი შემოსავლებით ხელფასების დაფარვასაც ვერ ახერხებს, სხვა საოპერაციო და სესხზე მომსახურების ხარჯებზე რომ არაფერი ვთქვათ. შესაბამისად კომპანია წლების განმავლობაში ზარალზე ოპერირებს, მაღალ-ლევერიჯიანია (სესხები 43%-ით აღემატება მთლიან აქტივებს) და მწვავე ლიკვიდურობის პრობლემა აქვს (მიმდინარე ვალდებულებები მნიშვნელოვნად აღემატება მიმდინარე აქტივებს).
არასაკმარისი cash flow-ს გენერირების პირობებში, კლუბს არ აქვს შესაძლებლობა მოიზიდოს ახალი ფეხბურთელები და სკაუტინგისთვის დამატებითი სახსრები გამოყოს, რაც კლუბის განვითარებასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
დამატებით, დინამო თბილისი (ისევე როგორც საქართველოში არსებულ სხვა კლუბები) იღებს დაფინანსებებს ფეხბურთის ფედერაციისგან და ფეხბურთის განვითარების ფონდისგან.
ამ უკანასკნელს დაახლოებით ₾250 მილიონის დაფინანსება აქვს გაცემული 2016 წლიდან 70 სხვადასხვა გუნდზე. ვინაიდან ქართული საფეხბურთო კლუბების უმრავლესობა ფინანსურად “სულს ღაფავს”, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხას ახმარენ საოპერაციო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებას, ნაცვლად კაპიტალური ინვესტიციებისა, რომელიც მომავალში შედეგს გამოიღებს. რამდენად სწორია ყველა გუნდის დაფინანსება განურჩევლად მათი არსებული წარმატებისა თუ პერსპექტივისა? ან რამდენად ეფექტურია კლუბის საოპერაციო ხარჯების დასაფარად ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსები? ამის შეფასება ექსპერტებს მივანდოთ. ეს საკითხი ყველა საფეხბურთო კლუბს ეხება და არა კონკრეტულად დინამო თბილისს.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
დინამო თბილისის შემოსავლებმა ₾9 მილიონი შეადგინა 2022 წელს. აქედან ₾4.4 მილიონის გენერირება მოახერხა ფეხბურთელების ლიცენზიების გაყიდვიდან და ₾2.5 მილიონის სტადიონის იჯარიდან.
საოპერაციო ხარჯებმა ₾21 მილიონი შეადგინა, საიდანაც ₾13 მილიონი შრომის ანაზღაურებაზე მოდის. წინა წლების მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმეტეს შემთხვევაში კომპანიის შემოსავლები ხელფასების გასაცემადაც კი არ არის საკმარისი.
იმის გამო, რომ კომპანია წლების განმავლობაში საოპერაციო ზარალზე ოპერირებს, დაგროვილმა ზარალმა ₾53 მილიონი შეადგინა 2022 წლის ბოლოს. შესაბამისად, კომპანია საჭიროებს მნიშვნელოვან დაფინანსებას, რომელსაც ძირითადად სესხის სახით იღებს დაკავშირებული მხარისგან და/ან კომერციული ბანკისგან. თუმცა ეს დაფინანსებაც ხშირად არ არის საკმარისი. მაგალითად, შექმნილი ფინანსური პრობლემების ფონზე, 2020 წელს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” საკუთრებაში გადაეცა დინამოს ₾8.3 მილიონის ღირებულების ქონება (მიწის ნაკვეთი და შენობები).
კომპანია საკმაოდ მაღალ-ლევერიჯიანია. დაკავშირებული მხარეებისგან და კომერციული ბანკებისგან აღებულმა სესხებმა ₾17 მილიონი შეადგინა, რაც აქტივებს 43%-ით აღემატება.
დამატებითი ინფორმაცია
🟢 უცხოურ კლუბებს თუ შევხედავთ, რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ ფინანსური ანგარიშები, შემოსავლების სხვა სტრუქტურას შევამჩნევთ.
- წარმატებული კლუბების (მაგ: Manchester United, Celtic, Juventus) შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს: (1) თამაშების ტრანსლაციის უფლების გაყიდვა, (2) სპონსორობა და რეკლამა, (3) ბილეთების რეალიზაცია, (4) ბრენდირებული პროდუქციის საცალო გაყიდვა.
- რა ხდება ამ დროს საქართველოში? (1) თამაშების ტრანსლაციის უფლების გაყიდვა არამატერიალურია; (2) რეკლამიდან და სპონსორობიდან მიღებული შემოსავალი საკმაოდ მწირეა; (3) მატჩზე დასასწრები ბილეთები თითქმის არ იყიდება და შესაბამისად შემოსავალიც მიზერულია; (4) საკლუბო მაღაზიიდან (ფან-შოპი) შემოსავლები ასევე არამატერიალურია.
- ეს ყველაფერი ხდება იმის გამო რომ ფაქტობრივად არ არსებობს მოსახლეობის ინტერესი ქართული ფეხბურთისადმი (რამდენმა იცოდით რომ 2023 წელს საქართველოს ჩემპიონი/ეროვნული ლიგის გამარჯვებული "დინამო ბათუმი" გახდა?). ხალხის ინტერესი თუ არ გაზარდე, შემოსავლების ზემოთ ჩამოთვლილ წყაროებსაც ვერ გაზრდი. მეორე მხრივ, გულშემატკივარს თუ საფეხბურთო შედეგი არ აჩვენე, ფეხბურთის მატჩების ყურებით ვერ დააინტერესებ. The Chicken and Egg problem!
🟢 2022 წლის ივლისში ამჟამინდელმა მფლობელმა კლუბის გაყიდვა დაანონსა, მაგრამ, როგორც ჩანს, მსურველების რიგი არ დამდგარა. მოკლე და საშუალოვადიანი მოგების მიღების მიზნით, ამ კლუბს არავინ იყიდის. დიდი ალბათობით, კლუბის სიმბოლურ თანხად გადაცემაზეც კი ბევრი მსურველი არ იქნება. წლების განმავლობაში მრავალმილიონიანი ინვესტიციის გაღების გარეშე, თითქმის წარმოუდგენელი იქნება კლუბისთვის ხელშესახები წარმატების და პოპულარობის მოტანა. თუნდაც ასე მოხდეს და ჩემპიონთა ლიგაზეც კი წარმატებით ვიასპარეზოთ (fingers crossed), კლუბის მომგებიან ბიზნესად ჩამოყალიბება მაშინაც კი გარანტირებული არ იქნება. მაგალითისთვის შევხედოთ Manchester United-ს, რომელმაც ბოლო ოთხი საანგარიშო წელი -£29 მილიონი, -£116 მილიონი, -£92 მილიონი და -£23 მილიონი ზარალით დახურა.
🟢 ვინ შეიძლება დინამო თბილისი იყიდოს? ოთხი პოტენციური ვარიანტი განვიხილოთ:
1️⃣ მომავალი მფლობელი ფეხბურთის დიდი სიყვარულით, ალტრუისტული მიზნებით და/ან სტატუსისთვის ყიდულობს ამ გუნდს.
2️⃣ მეორე ვარიანტია, რომ ეს გუნდი სიმბოლურ თანხად გადაეცეს მომავალ მფლობელს, რომელიც მრავალწლიან და მრავალმილიონიან ინვესტიციას ჩადებს იმ იმედით რომ მომავალში კლუბის ღირებულებას მნიშვნელოვნად გაზრდის და მაღალ ფასად გაყიდის.
3️⃣ მესამე ვარიანტია, ადგილობრივმა მსხვილმა ბიზნეს(ებ)მა იყიდოს და ხარჯი გაწიოს საკუთარი მარკეტინგული მიზნებისთვის.
4️⃣ მეოთხე ვარიანტია, საჯაროდ დაილისტოს და ამ ფორმით გულშემატკივრების ნაწილი გახდეს კლუბის უშუალო მფლობელი. ასე იქნებ ხელიც შევუწყოთ ქართული საფონდო ბირჟის მცირედ გააქტიურებას:)
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
კომპანიის მფლობელები:
- სოფიკო ფიფია: 50%
- ბექა ფიფია: 50%