სარეკლამო სააგენტოები (2022)

💡 გავეცნოთ სარეკლამო სააგენტოებს შემდეგი 5 კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ შპს “რედბერი” (Redberry)

2️⃣ შპს “მოზაიკა პლიუსი” (Mozaika)

3️⃣ შპს “ტოპ გრუპი” (Leavingstone)

4️⃣ შპს “Windfors Georgia”

5️⃣შპს “ბეთერ ფლაი” (BetterFly)

ზოგადი მიმოხილვა

წარმოდგენილი კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარეკლამო დაგეგმარება, მარკეტინგული და საკომუნიკაციო კამპანიების შექმნა, სოციალური მედიის მართვა და ა.შ. რამდენიმე სააგენტო მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ციფრული პროდუქტების განვითარებას (მაგ.: ვებ-გვერდის დამზადება და აპლიკაციების დაწერა).

ვინაიდან განხილული კომპანიების სერვისი მაღალ საფასო სეგმენტზე გადის, კომპანიების ძირითადი მომხმარებლები არიან ქართულ ბაზარზე მოღვაწე მსხვილი ზომის კომპანიები – ხშირ შემთხვევაში, წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები.

საქართველოში სარეკლამო სააგენტოების მომგებიანობის მაჩვენებლები დაბალია და, უმეტეს შემთხვევაში, ზარალზე ოპერირებენ. საშუალო შეწონილი საოპერაციო მოგების მარჟა შეადგენს უარყოფით -8%-ს.

შედარებისთვის, წამყვან საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოებს რომ შევხედოთ, მათი საოპერაციო მოგების მარჟა 15%-ის ფარგლებშია.

ქართული სააგენტოების დაბალი მომგებიანობის/ზარალიანობის ძირითადი მიზეზი ზედმეტად მაღალი საოპერაციო ხარჯებია, რაც თავის მხრივ მაღალი სახელფასო დანახარჯებით აიხსნება. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი დამკვეთი კომპანიების მცირე რაოდენობა იყოს, რაც ფიქსირებული ხარჯების ოპტიმალურად ალოკაციის საშუალებას არ იძლევა.

ზარალიანი ოპერაციებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კომპანიებს არ რჩებათ თავისუფალი ფულადი ნაკადები დივიდენდის გასაცემად. დამფუძნებლები ძირითადად კომპანიის მენეჯმენტში არიან და ხელფასის სახით იღებენ შემოსავლებს.

წარმოდგენილი კომპანიებიდან, ბოლო წლებში მხოლოდ BetterFly-იმ შეძლო ერთჯერადად დივიდენდის გაცემა ₾640 ათასის მოცულობით. ეს მოახერხა არა საკმარისი თავისუფალი ფულადი ნაკადების დაგენერირებით, არამედ გარკვეული აქტივების რეალიზაციით. კომპანიამ გაყიდა ძირითადი საშუალებები ₾1.4 მილიონად, რაც კომპანიას საოპერაციო საქმიანობაში დაეხმარა და, ამავდროულად, დივიდენდის გაცემა გახადა შესაძლებელი.

კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.

ფინანსური მიმოხილვა

2022 წელს, შემოსავლების კუთხით Redberry-ი ლიდერობს. კომპანიის შემოსავლებმა ₾8.2 მილიონი შეადგინა, თუმცა შემოსავლების 64% (₾5.2 მილიონი) მოდის პროგრამულ უზრუნველყოფაზე (შვილობილი კომპანიის Redberry International-ის მეშვეობით) და მხოლოდ 30% (₾2.4 მილიონი) კრეატიულ/სარეკლამო საქმიანობაზე.

Redberry-ის მაღალი ზრდის ტემპიც სწორედ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სერვისებს უკავშირდება.

რაც შეეხება Windfor’s-ის 49%-იან საშუალო წლიურ ზრდას 2019-22 წლებში, ეს გამოწვეულია 2019 წლის შემცირებული შემოსავლით. 2018-22 წლებს რომ შევხედოთ, კომპანიის საშუალო წლიური ზრდის ტემპი ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 15% იყო.

კომპანიების მთლიანი საოპერაციო ხარჯები (თვითღირებულების ჩათვლით), უმეტეს შემთხვევაში, შემოსავლებს აჭარბებს.

სექტორის შესაბამისად, საოპერაციო ხარჯების ყველაზე მსხვილი ცალკეული კომპონენტი ხელფასებია, რომელიც საშუალოდ შემოსავლების 58%-ს შეადგენს.

შესაბამისად, კომპანიების უმრავლესობა საოპერაციო ზარალზე ოპერირებს. საოპერაციო მოგების მარჟები საშუალოდ უარყოფითი -8%-ია.

ზარალიანი ოპერაციების ფონზე, cash-ის რეზერვების ათვისება (burn rate) საკმაოდ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს.

  • მაგალითად, Redberry-ის ₾7.8 მილიონის ქეში ჰქონდა ბალანსზე 2019 წლის ბოლოს, 2022 წლის ბოლო მდგომარეობით კი ₾2.6 მილიონზე იყო ჩამოსული.
  • Leavingstone-ს ₾1.4 მილიონის მოცულობის ქეში ჰქონდა 2017 წლის ბოლოს, 2022 წელს კი სულ რაღაც ₾9 ათასი.
  • BetterFly-ის 2018 წლის ბოლოს არსებული ₾818 ათასი ქეშიდან დარჩენილი ჰქონდა ₾90 ათასზე ნაკლები.
  • Mozaika და Windfor’s დაბალ, მაგრამ შედარებით სტაბილურ მომგებიანობაზე არიან და აქ მსგავსი cash burn-ი არ არის.
🟢 სარეკლამო სააგენტოების სფეროში ალბათ ყველაზე დიდი ტრანზაქცია იყო Georgia Capital (GCAP)-ის მიერ Redberry-ის 60%-იანი წილის შესყიდვა.

- Georgia Capital-მა, ქვეყნის უმსხვილესმა საინვესტიციო კომპანიამ, 2019 წელს ₾9 მილიონად შეისყიდა Redberry-ის საკონტროლო პაკეტი. აქედან, ₾1.2 მილიონად ორი დამფუძნებლისგან იყიდა კომპანიის 60%, დანარჩენი ₾7.6 მილიონით კი კაპიტალში შენატანი განახორციელა.

- შესყიდვის მთავარი მიზანი იყო Redberry-ის პლატფორმაზე დაყრდნობით ახალი ციფრული სტარტაპების შექმნა/განვითარება და ამით სწრაფად მზარდ ციფრულ ინდუსტრიაში წამყვანი მოთამაშის შექმნა.

- ვინაიდან, შესყიდვის შემდეგ სარეკლამო სააგენტოს მოცულობითი უარყოფითი ფულადი ნაკადები ჰქონდა, GCAP-ის მიერ დამატებითი კაპიტალში შენატანი უმეტესად გამოყენებულ იქნა კომპანიის საოპერაციო საქმიანობის დასაფინანსებლად.

- საინვესტიციო თვალსაზრისით, ხელშესახები შედეგი დადო 2021 წელს დაფუძნებულმა შვილობილმა კომპანიამ Redberry International, რომელმაც კომპანიას შემოსავლების ზრდის შესაძლებლობა მისცა. Redberry International პროგრამირების და ვებ-მომსახურების აუთსორსინგული კომპანიაა.

- 2023 წელს - სავარაუდოდ, როდესაც დამატებით კაპიტალში შენატანის განხორციელების დრო დადგა - GCAP-მა გაყიდა თავისი 60%-იანი წილი კომპანიის თანადამფუძნებლებზე. თუმცა, GCAP-ს რეპორტში არ დაუკონკრეტებია ამ ტრანზაქციის დეტალები: რა ფასად დაუბრუნა დამფუძნებლებს ეს წილი ან რა იყო კომპანიიდან გამოსვლის მიზეზი. ჩადებულ ₾9 მილიონიან ინვესტიციას რომ ვერ ამოიღებდა, ცხადია.

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "რედბერი" (Redberry)
💼 კომპანიის მფლობელები:
- გაგა დარსალია: 50%
- ლევან კეცხოველი: 50%

2️⃣ შპს "მოზაიკა პლიუსი" (Mozaika)
💼 კომპანიის მფლობელები:
- სალომე კობალაძე: 40%
- ანა ჩოდრიშვილი: 40%
- ქეთევან ჟორჟოლიანი: 20%

3️⃣ შპს "ტოპ გრუპი" (Leavingstone)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ლევან ლეფსვერიძე: 25%
- ირაკლი თევზაძე: 25%
- ვახტანგ ვახტანგიშვილი: 25%
- გიორგი ბურჭულაძე: 25%

4️⃣ შპს "Windfors Georgia"
💼 კომპანიის მფლობელი:
- თამარ ცქიტიშვილი: 100%

5️⃣შპს "ბეთერ ფლაი" (BetterFly)
💼 კომპანიის მფლობელი:
- დავით ჯაში: 100%