პარფიუმერიის ბიზნესი (2021)

💡 გავეცნოთ პარფიუმერიის ბიზნესს 3 მსხვილი საცალო ქსელის მაგალითზე:

1️⃣ შპს “პრესტიჟი” (ICI PARIS • ისი-პარი)

2️⃣ შპს “ივერია ფრანსი” (Lutecia • ლუტეცია)

3️⃣ შპს “სტაილი” (Voulez-Vous • ვულე ვუ)

ზოგადი მიმოხილვა

კომპანიები ახდენენ პარფიუმერული და კოსმეტიკური ნაწარმის იმპორტს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებისგან და შემდგომ მის რეალიზაციას საკუთარი სავაჭრო ქსელების მეშვეობით. კომპანიები ასევე ეწევიან საბითუმო რეალიზაციასაც, როგორც უშუალოდ კონკურენტებთან, ასევე სააფთიაქო ქსელებთან და სხვა საცალო სავაჭრო ობიექტებთან.

ICI PARIS საქართველოში პარფიუმერული და კოსმეტიკური ნაწარმის ვაჭრობის სფეროში არსებული ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელია, რომელიც როგორც ბრუნვით, ასევე მომგებიანობის მაჩვენებლებით მნიშვნელოვნად აღემატება კონკურენტებს.

პანდემიის პირველ წელს (2020) სამივე კომპანიის ბრუნვა შემცირდა, თუმცა ICI PARIS-მ და Lutecia-მ 2021 წელს საკმაოდ დიდი ზრდა დააფიქსირეს და 2019 წლის მაჩვენებელსაც მნიშვნელოვნად გაასწრეს. Voulez-Vous ამ მხრივ გამონაკლისი იყო და 2021 წელს შემოსავლები 6%-ით კვლავ შეუმცირდა და ბაზრის წილიც მნიშვნელოვანად დაკარგა.

კომპანიების შედარებისთვის გამოვიყენებთ 2021 წლის მონაცემებს. “ისი-პარის” უკვე გამოქვეყნებული აქვს 2022 წლის ფინანსური ანგარიშგება, რომელიც ქვემოთ მოცემულ ანალიზშიც წარმოდგენილია შედარებისთვის.

ფინანსური მიმოხილვა

2021 წელს ICI PARIS-ს შემოსავლებმა ₾42 მილიონი შეადგინა, რაც 24%-ით და 235%-ით აღემატება Lutecia-ს და Voulez-Vous-ს შემოსავლებს, შესაბამისად.

ისი-პარის” ასევე დიდი უპირატესობა აქვს გეოგრაფიული დაფარვით. ფილიალების რაოდენობით თითქმის ორჯერ აღემატება კონკურენტებს.

კომპანიების შემოსავლების ძირითად წყაროს სუნამოების გაყიდვა წარმოადგენს. პარფიუმერიის წილი შემოსავლებში:

1️⃣ ICI PARIS: 73%

2️⃣ Lutecia: 63%

3️⃣ Voulez-Vous: 77%

შემოსავლების დანარჩენი წილი მოდის კოსმეტიკურ ნაწარმსა და თავის მოვლის საშუალებებზე.

კონკურენტებს შორის ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი Lutecia-ს აქვს. პანდემიის მიუხედავად, 2018-2021 წლებში კომპანია საშუალოდ წლიურად (CAGR) 19%-ით იზრდებოდა, მაშინ როდესაც “ისი-პარის” ზრდის ტემპი 14% იყო, ხოლო “ვულე ვუსი” მხოლოდ 3%.

პარფიუმერიის სექტორში საერთო მოგების მარჟები 38%-47%-ის ფარგლებში მერყეობს. ICI PARIS-ის ყველაზე მაღალი, 47%-იანი მარჟა უჭირავს. როგორც მოცემულ ანალიზში ხედავთ, 2022 წელს კიდევ უფრო გაზარდა და 53%-იან მარჟაზე ავიდა. Lutecia-ს კი ყველაზე დაბალი საერთო მოგების მარჟა აქვს.

მაღალი საერთო მარჟისა და ოპტიმალური საოპერაციო ხარჯების დამსახურებით, ICI PARIS ყველაზე მომგებიანი კომპანიაა კონკურენტებს შორის. Voulez-Vous-ს კი ყველაზე დაბალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს, რისი ძირითადი მიზეზიც მაღალი საოპერაციო ხარჯებია. “ვულე ვუს” საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 41%-ია, მაშინ როდესაც კონკურენტების მაჩვენებლები 28%-30%-ის ფარგლებშია. “ვულე ვუს” საოპერაციო ხარჯების ყველაზე დიდი წილი ხელფასებზე მოდის.

ვულე ვუს” მომგებიანობაზე ასევე უარყოფითად აისახება კომპანიის მაღალი ლევერიჯი. სესხები და საიჯარო ვალდებულებები მთლიანი აქტივების 85%-ს შეადგენს. კონკურენტების იგივე მაჩვენებელი კი 16%-23%-ის ფარგლებშია.

საბრუნავი კაპიტალის მართვის კუთხით, ყველაზე ეფექტური “ლუტეციაა“, ყველაზე არაეფექტური კი – “ვულე ვუ“. ეს უკანასკნელი პროდუქციის ამოყიდვას 224 დღეს ანდომებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფული დაბმულია მარაგებში/თაროებზე 7 თვეზე მეტ ხანს. მომწოდებლებს კი თანხას უხდის 81 დღეში (3 თვეზე ნაკლებში). შედარებისთვის, “ლუტეცია” მარაგებს ყიდის საშუალოდ 177 დღეში (6 თვეში), თუმცა მომწოდებლებს ფულს უხდის საშუალოდ 150 დღეში (5 თვეში).

💼 კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2018-2021 წლებში კუმულატიურად შემდეგნაირად გამოიყურება:

1️⃣ ICI PARIS • ისი-პარი: ₾10.3 მილიონი1*

2️⃣ Lutecia • ლუტეცია: ₾1.4 მილიონი

3️⃣ Voulez-Vous • ვულე ვუ: ₾99K (გაიცა 2020-ში)

  1. *დამატებით, 2022 წლიდან 2023 წლის აგვისტომდე, “ისი პარის” კომპანიის მფლობელებზე გაიცა ₾7.9 მილიონი ↩︎
🟢 კომპანიების განვითარების ერთ-ერთი შემდგომი ეტაპი შეიძლება იყოს პროდუქციის გამოშვება კერძო ლეიბლების ქვეშ. საერთაშორისო მაგალითი რომ ავიღოთ, Sephora-ს წარმატების ერთი-ერთი ძირითადი მიზეზი Sephora Collection-ია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ხელმისაწვდომ ალტერნატივას საკუთარი ბრენდის ქვეშ. ეს იძლევა ფასების და მარჟის მეტ კონტროლს. იმის გათვალისწინებით თუ რამდენი ადამიანი სტუმრობს თითოეულ წარმოდგენილ პარფიუმერულ მაღაზიას, ამ foot traffic-ის მეტი უტილიზაციაა შესაძლებელი.

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "პრესტიჟი" (ICI PARIS • ისი-პარი)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ნინო ალიბეგაშვილი: 25%
- პაატა გიგაური: 25%
- გიორგი მედულაშვილი: 25%
- დავით მედულაშვილი: 25%

2️⃣ შპს "ივერია ფრანსი" (Lutecia • ლუტეცია)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ლერი ფხაკაძე: 60%
- გელა ქობესაშვილი: 40%

3️⃣ შპს "სტაილი" (Voulez-Vous • ვულე ვუ)
💼 კომპანიის მფლობელები:
- გიორგი კეკელიძე: 66.7%
- თეიმურაზ ინაშვილი: 33.3%