სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიები (2021)

💡 გავეცნოთ 3 უმსხვილეს სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიას:

1️⃣ შპს “ალტა” (Alta)

2️⃣ სს “ელიტ ელექტრონიქსი” (Elit Electronics)

3️⃣ შპს “ზუმერი ჯორჯია” (zoommer)

ზოგადი მიმოხილვა

zoommer-ის ძირითადი ფოკუსი ციფრული ტექნიკაა, Alta და Elit Electronics კი მომხმარებლებს სთავაზობენ როგორც ციფრულ/საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკას.

სამივე კომპანიის შემთხევევში პროდუქციის 85%-ზე მეტი იმპორტირებულია.

საცალო გაყიდვების პარალელურად, Alta და zoommer ოპერირებენ საბითუმო სეგმენტზე, რისი მეშვეობითაც ამარაგებენ სხვადასხვა მცირე და საშუალო ზომის კომპანიებსა და დილერებს.

კომპანიები წარმოდგენილნი არიან ყველა დიდ ქალაქსა და რეგიონულ ცენტრში. ფილიალების რაოდენობა:

Alta: 19 (მოიცავს 4 “მეტრომარტის” ფილიალს, სადაც კომპანიას 50%-იანი წილი აქვს).

Elit Electronics: 23 (მოიცავს 5 ფრანჩაიზულ მაღაზიას).

zoommer: 20

2009 წლის დეკემბრიდან (ამჟამინდელი აქციონერების მიერ კომპანიის გამოსყიდვამდე) Elit Electronics, კრედიტორების მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით, იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში. რეაბილიტაციის რეჟიმი წესით 2022 წელს უნდა დასრულებულიყო.

ფინანსური მიმოხილვა

საქართველოში 3 წამყვან სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიას ₾850 მილიონზე მეტი ბრუნვა აქვს. 2021 წელს ალტას შემოსავლებმა ₾381 მილიონი შეადგინა, რაც ბაზრის მეორე და მესამე მონაწილის შემოსავლებს 56%-ით და 61%-ით აღემატება, შესაბამისად.

ზრდის ტემპით ზუმერი მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტებს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ზუმერის შემოსავლების საშუალო წლიურმა ზრდამ (CAGR) 33% შეადგინა, კონკურენტების ზრდა კი 11%-19%-ის ფარგლებში იყო.

საერთო მოგების მარჟებზე (gross profit margin) დაკვირვებით იკვეთება, რომ ზუმერის ბაზრის წილის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი დაბალი ფასებია. 2018-2021 წლებში, კომპანიის საერთო მოგების მარჟა 2.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული 7.8%-მდე. შედარებისთვის, ამავე პერიოდში, ალტას საერთო მოგების მარჟა გაიზარდა 10%-დან 17%-მდე, ელიტ ელექტრონიქსი კი მარჟებს სტაბილურად ინარჩუნებდა 21%-ის ფარგლებში.

დაბალი საერთო მოგების მარჟიდან გამომდინარე და სასურველ მომგებიანობაზე გასასვლელად, ზუმერს ყველაზე დაბალი საოპერაციო ხარჯების წილი აქვს შემოსავალთან მიმართებაში (6.3%). შესაბამისად, უფრო ნაკლებსაც ხარჯავს თანამშრომლების ხელფასებსა და მარკეტინგულ აქტივობებში. ალტას და ელიტ ელექტრონიქსის საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალაში კი 11%-13%-ის ფარგლებშია.

ალტას და ელიტ ელექტრონიქსს თითქმის 9%-იანი EBITDA მარჟები აქვთ, მაშინ როდესაც ზუმერის EBITDA მარჟა 3%-ზე ნაკლებია.

ელექტრო ტექნიკის სექტორი საჭიროებს დიდი რაოდენობით საბრუნავ კაპიტალს, რათა საჭიროებისამებრ მოხდეს იმპორტი და მარაგების შევსება. შესაბამისად, დაბალმომგებიანობისა და არასკმარისი ქეშის გენერირების შემთხვევაში, კომპანიას უწევს მაღალი ლევერიჯით ოპერირება. სწორედ ამიტომაა რომ ზუმერი ყველაზე მაღალ-ლევერიჯიანია და სესხის წილი აქტივებში 58%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც ალტას შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 17%-ია. რაც შეეხება ელიტ ელექტრონიქსს, კომპანია 2009 წლიდან რეაბილიტაციის რეჟიმში იყო და უწევდა ძველი დაგროვილი ვალდებულებების გადახდა, რაც სესხის მოცულობასა და დარიცხულ პროცენტზეც აისახება.

საინტერესოა შევხედოთ მარაგების ბრუნვადობას (Days Inventory Outstanding). ზუმერი მარაგების ამოყიდვას გაცილებით სწრაფად (21 დღეში) ახერხებს, რაც კომპანიის პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარეობს. ალტას და ელიტ ელექტრონიქსის პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, რომლის გაყიდვაც არ ხდება ისე სწრაფად როგორც მობილური და სხვა საინფორმაციო ტექნიკის.

კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2018-2021 წლებში კუმულატიურად შემდეგნაირად გამოიყურება:

ალტა: ₾29 მილიონი.

ელიტ ელექტრონიქსი: ₾0. კომპანია რეაბილიტაციის რეჟიმში იყო, შესაბამისად არ ჰქონდა დივიდენდის გაცემის უფლება რეაბილიტაციის გეგმით დაკისრებული ვალდებულებების დაფარვამდე.

ზუმერი: ₾3 მილიონი.

კომპანიის მფლობელები:
შპს "ალტა" (Alta • ალტა)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ირაკლი კაკაბაძე (შპს "დაგეტა კაპიტალის" გავლით): 47.50%
- თეა კაკაბაძე: 29.36%
- სხვადასხვა 11 ფიზიკური პირი (10%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით): 23.14%

სს "ელიტ ელექტრონიქსი" (Elit Electronics • ელიტ ელექტრონიქსი)
💼 კომპანიის მფლობელები:
- შპს ბრიმაგ დიჯითალ ეიჯ: 51%
- შპს სი5 ინთეგრეიშენ: 49%
* კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი პირია შაულ სილბერსტეინი, ისრაელის მოქალაქე.

შპს "ზუმერი ჯორჯია" (zoommer • ზუმერი)
💼 კომპანიის მფლობელები:
- გიორგი მუშკუდიანი: 24%
- ვაჟა რეხვიაშვილი: 20%
- დიმიტრი კიკაჩეიშვილი: 20%
- გოჩა სამხარაძე: 16%
- ლევან გაფრინდაშვილი: 10%
- დავითი კვარაცხელია: 6%
- გიორგი თუთარაშვილი: 4%