გავეცნოთ შოკოლადისა და ტკბილეულის წარმოების ბიზნესს საქართველოში 3 კომპანიის მაგალითზე:
შპს “ბარამბო” (Barambo)
შპს “ვასაძის პური” (სანდომი • Sandomi)
შპს “ტკბილი ქვეყანა” (Sweet Country)
ზოგადი მიმოხილვა
სამივე კომპანიის ძირითადი საქმიანობა საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაა. “ბარამბო” ფოკუსირებულია შოკოლადის, ნაყინისა და ვაფლის წარმოებაზე, “ტკბილი ქვეყანა” და “სანდომი” კი ძირითადად სხვადასხვა ტიპის ორცხობილებსა და მშრალ ნამცხვრებს აწარმოებენ. თითოეული კომპანია ასზე მეტი დასახელების პროდუქტით არის ბაზარზე წარმოდგენილი.
წარმოდგენილ კომპანიებს შორის ყველაზე მაღალშემოსავლიანია “ბარამბო” ₾65 მილიონიანი ბრუნვით, მაშინ როცა “სანდომისა” და “ტკბილი ქვეყნის” შემოსავლები ₾37-₾38 მილიონის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 5 წელში ყველაზე სწრაფი ზრდა “სანდომს” ჰქონდა – კომპანიამ შემოსავლები გააორმაგა, მაშინ როცა “ბარამბოს” და “ტკბილი ქვეყნის” ბრუნვა ამავე პერიოდში 34% და 48%-ით გაიზარდა, შესაბამისად.
“სანდომის” ასეთი სწრაფი ზრდის ერთ-ერთი შესაძლო განმაპირობებელი ფაქტორია მნიშვნელოვნად გაზრდილი მარკეტინგული დანახარჯები. ბოლო 5 წელში კომპანიამ მარკეტინგში ₾24 მილიონზე მეტი დახარჯა, “ტკბილმა ქვეყანამ” — ₾20 მილიონი, ხოლო “ბარამბომ” მხოლოდ ₾2.7 მილიონი.
სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომგებიანობის მაჩვენებლები შედარებით მაღალია და 2024 წელს საშუალო EBITDA მარჟა დაახლოებით 16%-17% იყო, წმინდა მოგების მარჟა კი 8%-9%-ის ფარგლებში. გამონაკლისია “სანდომი“, რომელსაც განსაკუთრებით მაღალი მარკეტინგული დანახარჯების (შემოსავლების 28%) და მაღალი ლევერიჯის ფონზე მომგებიანობის გაცილებით დაბალი მაჩვენებლები ჰქონდა.
რაც შეეხება დივიდენდებს, წარმოდგენილი სამი კომპანიიდან ორი გასცემდა დივიდენდს. 2019-24 წლებში ერთ-ერთმა მათგანმა ჯამურად ₾9.5 მილიონი გაანაწილა, ხოლო მეორემ ₾1.6 მილიონი. თუმცა, მეორე შემთხვევაში დივიდენდის გასაცემად კომპანიას საკმარისი თავისუფალი ფულადი ნაკადები არ ჰქონდა და განაწილება პრაქტიკულად დამატებითი სესხით ფინანსდებოდა.
ფინანსური მიმოხილვა
შემოსავლები და ზრდის ტემპი
2024 წელს “ბარამბოს” შემოსავლებმა ₾65 მილიონი შეადგინა, მაშინ როცა “სანდომისა” და “ტკბილი ქვეყნის” ბრუნვები ₾38 და ₾37 მილიონს გაუტოლდა, შესაბამისად.
2019-24 წლებში ყველაზე სწრაფი ზრდა “სანდომს” ჰქონდა — კომპანიამ შემოსავლები გააორმაგა. ამავე პერიოდში “ტკბილი ქვეყნის” ბრუნვა 48%-ით გაიზარდა, “ბარამბოსი” კი 34%-ით. შედეგად, ბაზრის წილებიც შეიცვალა: თუ 2019 წელს “სანდომი” 26%-ით ჩამოუვარდებოდა “ტკბილ ქვეყანას” და მესამე პოზიციას იკავებდა, 2024 წლისთვის უკვე 3%-ით უსწრებდა უახლოეს კონკურენტს და მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
“სანდომის” ამ ტემპის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შესაძლოა იყოს მნიშვნელოვნად გაზრდილი მარკეტინგული აქტივობები. კომპანიამ 2019-24 წლებში მარკეტინგში ₾24 მილიონზე მეტი დახარჯა, მაშინ როცა “ტკბილმა ქვეყანამ” ამავე პერიოდში ₾20 მილიონი, “ბარამბომ” კი მხოლოდ ₾2.7 მილიონი. აღსანიშნავია “ტკბილი ქვეყნის” ასევე საკმაოდ მაღალი მარკეტინგული დანახარჯებიც, რაც ზრდის ტემპზე პირდაპირპროპორციულად ვერ აისახა.
მარჟები და მომგებიანობა
სექტორში მონაწილე კომპანიებს შორის ყველაზე მაღალი, 51%-იანი საერთო მოგების მარჟა “სანდომს” აქვს. “ტკბილი ქვეყანა” 43%-იანი სარეალიზაციო მარჟით ოპერირებს, ხოლო “ბარამბოს” იგივე მაჩვენებელი 25%-ია. “ბარამბოს” დაბალ მარჟაზე გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ საწარმო სრული დატვირთვით არ მუშაობს და კომპანიას გამოუყენებელი სიმძლავრეებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ზედნადები ხარჯები უგროვდება. ამ ხარჯების გამოკლების შემთხვევაში, 2024 წელს “ბარამბოს” საერთო მოგების მარჟა დაახლოებით 33% იქნებოდა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შოკოლადის სეგმენტში ძლიერი კონკურენციაა იმპორტირებული ბრენდებისგან, რაც კომპანიას საშუალებას არ აძლევს მაღალი მარჟა დაადოს, მიუხედავად კაკაოს შედარებით მაღალი თვითღირებულებისა.
მიუხედავად იმისა, რომ “სანდომს” ყველაზე მაღალი საერთო მოგების მარჟა აქვს, მაღალი საოპერაციო ხარჯები და ლევერიჯი საბოლოო შედეგს მნიშვნელოვნად ამცირებს. კომპანიის EBITDA მარჟა მხოლოდ 8%-ს შეადგენს, წმინდა მოგების მარჟა კი 2%-ს. შედარებისთვის, “ბარამბოს” და “ტკბილი ქვეყნის” EBITDA მარჟები 16%-17%-ის ფარგლებშია, ხოლო წმინდა მოგების მარჟები დაახლოებით 8%-9%-ს აღწევს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სანდომის მაღალი საოპერაციო ხარჯების ძირითადი მიზეზი მნიშვნელოვნად გაზრდილი მარკეტინგული დანახარჯებია, როგორც აბსოლუტური, ასევე პროცენტული მაჩვენებლებით. შედარებისთვის, კომპანიების მარკეტინგული დანახარჯები 2024 წელს შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
ბარამბო: ₾0.8 მილიონი (შემოსავლების 1%)
სანდომი: ₾10.6 მილიონი (შემოსავლების 28%)
ტკბილი ქვეყანა: ₾5.6 მილიონი (შემოსავლების 15%)
აქტივების ეფექტიანობა
სექტორის მონაწილეების შესაფასებლად მნიშვნელოვანია გავიგოთ რამდენად ეფექტურად იყენებენ კომპანიები ფიქსირებულ / გრძელვადიან აქტივებს. ამისათვის შეხვედოთ Fixed Asset Turnover (FAT) მაჩვენებელს.
ამ მხრივ “ტკბილ ქვეყანას” საუკეთესო მაჩვენებელი აქვს – 3.0x. “ტკბილი ქვეყანა” ₾37 მილიონის გენერირებას ₾13 მილიონის ღირებულების ძირითადი საშუალებებით ახერხებს. უხეშად რომ ვთქვათ, ძირითად საშუალებებზე დახარჯული ₾1-დან, ₾3 ლარის შემოსავალს იღებს. “სანდომის” შემთხვევაში იგივე მაჩვენებელი 2.2x-ს შეადგენს. “ბარამბოს“ FAT კოეფიციენტი კი შედარებით დაბალია და 1.4x-ს შეადგენს. გასათვალისწინებელია, რომ ბოლო წლებში “ბარამბოს” კონკურენტებზე გაცილებით მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული ძირითად საშუალებებში და როგორც ჩანს ჯერ ვერ ახერხებს ამ ინვესტიციის წარმადობასა და ეფექტიანობაში გადათარგმნას. ცნობისთვის, “ბარამბომ” ₾29 მილიონამდე კაპიტალური დანახარჯები (capex) გაწია 2019-24 წლების განმავლობაში.
კაპიტალის სტრუქტურა და ლევერიჯი
“სანდომი” კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალლევერიჯიანია. კომპანიის სესხის მოცულობა ₾20 მილიონს შეადგენს (მთლიანი აქტივების 62%), Total Debt / EBITDA მაჩვენებელი კი 6.5x-ია.
“სანდომის” მაღალი ლევერიჯი განპირობებულია კომპანიის საბრუნავი კაპიტალის არაეფექტური მართვით, რაც წლების განმავლობაში უარყოფით საოპერაციო ფულად ნაკადებში აისახებოდა. ამ დანაკლისის დასაფინანსებლად კი კომპანია დამატებით სესხს იღებდა, რომლის ნაწილიც დივიდენდების გასაცემადაც გამოიყენებოდა.
“ბარამბოს” და “ტკბილი ქვეყნის” ლევერიჯი კი საკმაოდ დაბალია და Total Debt / EBITDA მაჩვენებელი 1.2x-1.3x-ის ფარგლებშია.
დივიდენდები
დივიდენდები ბოლო ხუთ წელში (2019-2024) ჯამურად:
ბარამბო: ₾01
სანდომი: ₾1.6 მილიონი
ტკბილი ქვეყანა: ₾9.5 მილიონი
- “ბარამბოს” წლების განმავლობაში დადებითი საოპერაციო ფულადი ნაკადები ჰქონდა, თუმცა მიღებული თანხების უმეტესი ნაწილი კვლავ საწარმოში ინვესტირდებოდა. 2019-24 წლებში კომპანიამ ₾29 მილიონის კაპიტალური ინვესტიციები განახორციელა და ამავდროულად ლევერიჯი მნიშვნელოვნად შეამცირა, რის შედეგადაც დივიდენდების გასაცემად თავისუფალი ფულადი ნაკადები აღარ რჩებოდა. ↩︎
დამატებითი ინფორმაცია
შემოსავლების დინამიკა
🟢 2018-2024 წლებში ტკბილეულის მწარმოებლების შემოსავლების დინამიკა წარმოდგენილია ქვედა გრაფიკში, სადაც ნათლად ჩანს "სანდომის" ზრდის ტემპი და ბაზრის ცვლილების დინამიკა:

FEASTABLES by MrBeast
🟢 როდესაც შოკოლადზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო case study ამ სფეროში უკავშირდება MrBeast-ს — YouTube-ზე ყველაზე მეტი გამომწერის მქონე კრეატორს (ამ დროისთვის 452 მილიონი გამომწერი).
Feastables-ის ისტორია კარგად აჩვენებს, რომ ისეთ ტრადიციულ და კონკურენტულ სექტორშიც კი, სადაც გიგანტები დომინირებენ, შესაძლებელია სწრაფი და მასშტაბური წარმატების მიღწევა. MrBeast-მა 2022 წელს შექმნილი შოკოლადის ბრენდი Feastables წარმატებულ ბიზნესად აქცია სამი ძირითადი კომპონენტის სინერგიით: (1) უზარმაზარი და უშუალოდ კონტროლირებადი აუდიტორია, (2) მისიის თვალსაზრისით გამორჩეული პროდუქტი და (3) კრეატულად დაგეგმილი ჩაშვება, სადაც თითოეული ფილა გათამაშების ბილეთად ითვლებოდა. ტრადიციული მარკეტინგული დანახარჯების გარეშე, სულ რაღაც 72 საათში კი $10 მილიონის პროდუქცია გაიყიდა.
შედეგად, მხოლოდ 2 წელიწადში Feastables ერთ-ერთ ყველაზე ფართო დისტრიბუციის მქონე საცალო ბრენდად იქცა, დაახლოებით $250 მილიონიანი წლიური ბრუნვით და $20 მილიონამდე მოგებით. არაერთ წყაროზე დაყრდნობით, Feastables დღეს უკვე MrBeast-ის იმპერიის ყველაზე მომგებიან ბიზნესად მიიჩნევა და, სავარაუდოდ, Youtube-იდან მიღებულ შემოსავალსაც აჭარბებს.
ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს შეცვლილ თამაშის წესებს: ბრენდის შექმნის ძალა იქ გადადის, სადაც აუდიტორია და, შესაბამისად, დისტრიბუციაა. ამიტომაც, მომდევნო წლებშიც ახალი ძლიერი ბრენდების შექმნა დიდი ალბათობით სწორედ კრეატორებისგან იქნება მოსალოდნელი და არა ტრადიციული კორპორაციებისგან.
P.S. რაც შეეხება Feastables-ის გემოვნურ თვისებებს, გამოვიწერე — საინტერესოა, რეალურად გამორჩეული შოკოლადია თუ უბრალოდ კარგად გაყიდული ჰაიპი:)

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "ბარამბო"
💼 კომპანიის მფლობელები:
- მარი ჩოჩელი: 66.25%
- უჩა კაპანაძე: 22.50%
- ინგა ხუციშვილი: 11.25%
2️⃣ შპს "ვასაძის პური" (სანდომი)
💼 კომპანიის მფლობელები:
- მერაბი ვასაძე (33001005109): 92%
- მერაბი ვასაძე (33001073636): 8%
3️⃣ შპს "ტკბილი ქვეყანა"
💼 კომპანიის მფლობელი:
- ამირანი ქორთიაშვილი: 100%


