ყავის ინდუსტრიული მწარმოებლები (2023)

💡 გავეცნოთ ყავის ინდუსტრიული წარმოების ბიზნესს შემდეგი 3 კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ შპს “მეამა” (Meama)

2️⃣ შპს “ბბ კომპანი” (მონდო | Mondo)

3️⃣ შპს “ჩერი” (Cherie)


ზოგადი მიმოხილვა

ყავის ინდუსტრიული წარმოების წარმატებული ბიზნეს მოდელის შექმნა პატარა ქვეყანაში, სადაც მომხმარებელი ფასზე მეტად მგრძნობიარეა და იმპორტირებული გლობალური ბრენდები ჭარბად არის წარმოდგენილი, საკმაოდ რთული ამოცანაა. ამას ნათლად აჩვენებს წარმოდგენილი კომპანიების ფინანსური მაჩვენებლებიც.

მეამას“, “ჩერის” და “მონდოს” ძირითად საქმიანობას ყავის წარმოება წარმოადგენს. “მონდოს” შემთხვევაში, შემოსავლების ჩაშლა არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, თუმცა ფინანსური მაჩვენებლები მიანიშნებს, რომ კომპანიის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი, სავარაუდოდ, იმპორტირებული ყავის, აპარატებისა და აქსესუარების რეალიზაციაზე მოდის.

ქვეყანაში მოქმედი ორივე “pure-play” ყავის ინდუსტრიული მწარმოებელი – “მეამა” და “ჩერი” – ზარალზე ოპერირებს და ამ ეტაპზე მომგებიანი ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება ვერცერთმა ვერ შეძლო.

განსაკუთრებით რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია “ჩერი”. კომპანიის აქტივების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა გირავნობითა და სავალდებულო აღსრულების ნიშნით არის დატვირთული, ხოლო 2023 წლის ოქტომბერში შემოსავლების სამსახურმა კომპანიის მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა დაარეგისტრირა. 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში, კომპანიის არამატერიალური აქტივები (მათ შორის ბრენდი) გადაეცა სადისტრიბუციო კომპანია “დიპლომატ ჯორჯიას”, რომელსაც ამ აქტივებზე გირავნობითი უფლება ჯერ კიდევ 2023 წლიდან ჰქონდა. როგორც ჩანს, “ჩერიმ” ვერ მოახერხა ვალდებულებების შესრულება, რის შედეგადაც “დიპლომატ ჯორჯიამ” უზრუნველმყოფი უფლების საფუძველზე დაისაკუთრა აღნიშნული აქტივები.

ჩერის” ამჟამინდელი საოპერაციო სტატუსი ბუნდოვანია. კომპანიის პროდუქცია ფაქტობრივად ამოწურულია როგორც საცალო ქსელებში, ისე ონლაინ პლატფორმებზე, ხოლო კომპანიის სოციალური ქსელები არააქტიურია 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ.

“ჩერი” დაარსების დღიდან ზარალიანია – მინიმუმ იმ პერიოდში, რომლის ფინანსებიც ხელმისაწვდომია (2018-’23). ამავდროულად, 2023 წლის ბრუნვა 16%-ით ჩამოუვარდებოდა 2018 წლის მაჩვენებელს. ზარალის დასაფარად, კომპანია დამატებით იღებდა სესხებს, რის შედეგადაც საკმაოდ მაღალლევერიჯიან კომპანიად ჩამოყალიბდა.

ამ ფონზე გასაგები ხდება, თუ რატომ აქვს კომპანიას აქტივების უმეტესობა დაყადაღებული და რატომ გადაეცა “ჩერის” არამატერიალური აქტივები “დიპლომატ ჯორჯიას“.

ჩერის” მსგავსად, ქვეყნის უმსხვილესი ყავის მწარმოებელი “მეამაც” ზარალზე ოპერირებს. თუმცა, ამ შემთხვევაში, როგორც ჩადებული ინვესტიცია, ისე ზარალიანობის მასშტაბი გაცილებით მაღალია. მიუხედავად უარყოფითი ფინანსური შედეგებისა, კომპანია ოპერირების გაგრძელებას მფლობელების მიერ კაპიტალში დამატებითი შენატანებით ახერხებს. მხოლოდ 2023 წელს, “მეამას” მფლობელებმა საკუთარ კაპიტალში ₾11 მილიონის შენატანი განახორციელეს. კომპანიაში ჯამური ინვესტიცია (საკუთარი კაპიტალი და სესხები ერთად) კი ₾100 მილიონს მნიშვნელოვნად აღემატება.

წარმოდგენილ კონკურენტებს შორის “მონდო” ერთადერთია, რომელიც, პანდემიის პირველი წლის გარდა, მომგებიანი იყო 2018-22 წლებში. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, კომპანიის მომგებიანობას სავარაუდოდ დიდწილად განაპირობებს იმპორტირებული იტალიური ყავისა და აღჭურვილობის რეალიზაცია (და არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოება).

კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2023 წლის მონაცემებს.

ფინანსური მიმოხილვა

“მეამას” შემოსავლებმა 2023 წელს ₾14 მილიონი შეადგინა, რაც 5%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ოპერირების მეოთხე წელს შემოსავლების კლების დინამიკა შესაძლოა მიუთითებდეს კომპანიის ბიზნეს მოდელის, პოზიციონირების ან მართვის (ან ამ ყველაფრის ერთობლივად) პრობლემებზე. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიაში ₾100 მილიონზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მარკეტინგში გაწეული ხარჯი ₾4.6 მილიონს აღწევს.

2023 წელს “მეამას” შემოსავლების 57% საცალო რეალიზაციაზე მოდიოდა, 39% იურიდიულ პირებზე გაყიდვებზე, 4% კი ექსპორტზე.

ჩერისშემოსავლები 2023 წელს 10%-ით შემცირდა და ₾6.1 მილიონი შეადგინა. კომპანიის შემოსავლების შემცირების ტენდენცია ისტორიულ ჭრილშიც აშკარაა. 2018 წელთან შედარებით შემოსავალი 16%-ით არის შემცირებული.

წარმოდგენილ კომპანიებს შორის შემოსავლების ზრდა მხოლოდ “მონდომ” დააფიქსირა. 2023 წელს კომპანიის ბრუნვა 18%-ით გაიზარდა და ₾8.3 მილიონს მიაღწია, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 74%-ით აღემატება. ზრდას ხელს უწყობდა სარეალიზაციო მარჟის გაუმჯობესებაც – ბოლო 5 წლის განმავლობაში მაჩვენებელი თითქმის 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. როგორც უკვე აღვნიშნე, “მონდო” არ არის მხოლოდ ადგილობრივი ყავის მწარმოებელი; ის აქტიურად არის ჩართული იტალიური ყავის ბრენდებისა და შესაბამისი აღჭურვილობის იმპორტსა და რეალიზაციაში.

კომპანიების სარეალიზაციო მარჟები მკვეთრად განსხვავდება და 2023 წელს 26%-დან 66%-მდე მერყეობდა.

მეამას” სარეალიზაციო მარჟა ყველაზე მაღალია და 66%-ს შეადგენს, თუმცა შედარება წინა წელთან არარელევანტურია. 2022 წელს კომპანიის იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 11.4% იყო, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია კონკრეტული ხარჯების რეკლასიფიკაციით. აუდიტირებული ანგარიშგება 2022 წლის ციფრებს ახალი მეთოდოლოგიით არ ასწორებს, რის გამოც რთულია “მეამას” მარჟების ისტორიული დინამიკის ან კონკურენტებთან შედარების სანდო შეფასება.

მოდოს” სარეალიზაციო მარჟა 2023 წელს 41.2% იყო. ამ მხრივ კომპანიაში პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა: 2018 წელს მარჟა 36.4% შეადგენდა, 2022 წელს კი – 37.6%. ბოლო 5 წელში, შესაბამისად, თითქმის 5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

“ჩერის” შემთხვევაში სარეალიზაციო მარჟა ყველაზე დაბალია: 26.2%. კომპანიის ფოკუსი დაბალფასიან სეგმენტზე იყო, რაც, როგორც ჩანს, არ აძლევდა არც მარჟის ზრდის და არც შენარჩუნების შესაძლებლობას. 2018-2019 წლებში კომპანიის მარჟა 30%-მდე მერყეობდა.

მონდოსა” და “ჩერის” შემთხვევაში, საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 23%-30%-ის ფარგლებშია. “მეამას” იგივე მაჩვენებელი კი 117%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის ყოველ მიღებულ ₾1-ზე ₾1.17 ხარჯია. ეს დისბალანსი ძირითადად გამოწვეულია მაღალი სახელფასო და მარკეტინგული ხარჯებით.

2023 წელს “მეამამ₾5.1 მილიონი დახარჯა თანამშრომელთა ხელფასებზე, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის 36%-ს შეადგენს. იმავე წელს “მონდოს” და “ჩერის” შემთხვევაში სახელფასო ხარჯების წილი მხოლოდ 9% და 4% იყო, შესაბამისად.

ასევე მაღალია “მეამას” მარკეტინგული დანახარჯები. 2020-’23 წლებში კომპანიამ მარკეტინგულ აქტივობებში ₾4.6 მილიონის ხარჯი გაწია, რაც საშუალოდ შემოსავლების 12%-ს წარმოადგენს.

შემოსავლების პროპორციულად მაღალი საოპერაციო ხარჯების ფონზე, “მეამა” და “ჩერი” ზარალიანი კომპანიები არიან. აღნიშნული კომპანიების ზარალიანობას ამწვავებს კომპანიების მაღალი ლევერიჯიც.

მონდოს” შემთხვევაში კი საოპერაციო ხარჯები შემოსავლების პროპორციულად დაბალია, ასევე დაბალია კომპანიის ლევერიჯიც, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს საკმაოდ მაღალ მომგებიანობაზე გავიდეს სექტორის გათვალისწინებით. კომპანიის EBITDA მარჟა 27%-ს შეადგენს, წმინდა მოგების მარჟა კი 18%-ს.

შედეგად, “მონდო” კონკურენტებს შორის ერთადერთია, რომელიც დივიდენდის გაცემას ახერხებს. 2019-’23 წლებში, “მოდნომ” მფლობელზე ₾915 ათასი გასცა.


განხილული ყავის მწარმოებლების შემოსავლების დინამიკა 2018-2023 წლებში:





კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "მეამა" (Meama)
💼 კომპანიის მფლობელები:
- სულიკო ვარსემაშვილი: 85%
- თამაზ ხარაიძე: 10%
- გიორგი ჭელიძე: 5%

2️⃣ შპს "ბბ კომპანი" (მონდო • Mondo)
💼 კომპანიის მფლობელი:
- ალექსანდრე ბერიძე: 100%

3️⃣ შპს "ჩერი" (Cherie)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ირაკლი ლომთათიძე: 95%
- მარიამ ბოჭორიშვილი: 5%