გავეცნოთ შოკოლადისა და ტკბილეულის წარმოების ბიზნესს საქართველოში 3 კომპანიის მაგალითზე:
შპს “ბარამბო” (Barambo)
შპს “ტკბილი ქვეყანა” (Sweet Country)
შპს “ვასაძის პური” (სანდომი • Sandomi)
ზოგადი მიმოხილვა
სამივე კომპანიის ძირითადი საქმიანობა საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაა. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე საცალო სავაჭრო ქსელების მეშვეობით. თუმცა, “ბარამბოს” შემოსავლების მცირე წილი, 4% გენერირდება ექსპორტიდან.
ბარამბო ფოკუსირებულია შოკოლადის, ნაყინისა და ვაფლის წარმოებაზე, ტკბილი ქვეყანა და სანდომი კი ძირითადად სხვადასხვა ტიპის ორცხობილებსა და მშრალ ნამცხვრებს აწარმოებენ. ბარამბო 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს, ტკბილი ქვეყანა 180-ს, სანდომი კი დაახლოებით 100 სახეობის პროდუქტით არის წარმოდგენილი ბაზარზე.
ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ძირითად კონკურენციას იმპორტირებული საქონელი ქმნის, ვინაიდან თითქმის ყველა ცნობილი გლობალური ბრენდი წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე.
მძაფრი კონკურენციის პირობებში, ქართული ტკბილეულის მწარმოებლები კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას შედარებით დაბალი საფასო პოლიტიკით აღწევენ.
წარმოდგენილ კონკურენტებს შორის, ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი და საუკეთესო მომგებიანობის მაჩვენებლები ტკბილ ქვეყანას აქვს. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი ყველაზე დიდი ინვესტიცია საწარმოში ბარამბომ გაწია – ჯამში ₾21 მილიონის ღირებულების capex-ი.
ფინანსური მიმოხილვა
ბარამბოს 2021 წლის შემოსავლებმა ₾48 მილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც ტკბილი ქვეყნის და სანდომის შემოსავლები ₾32 და ₾22 მილიონი იყო შესაბამისად.
ტკბილ ქვეყანას უკვე გამოქვეყნებული აქვს 2022 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავლები 16%-ით გაიზარდა და ₾37 მილიონი შეადგინა.
კონკურენტებს შორის ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი ტკბილ ქვეყანას აქვს. 2018-2021 წლებში კომპანია საშუალოდ წლიურად (CAGR) 15%-ით იზრდებოდა, მაშინ როდესაც სანდომის ზრდის ტემპი 9% იყო, ხოლო ბარამბოსი მხოლოდ 2%.
2018 წელს ტკბილი ქვეყნის შემოსავლები 24%-ით აღემატებოდა სანდომის შემოსავლებს. 2021 წელს კი ტკბილ ქვეყანას კონკურენტზე უკვე 48%-ით მეტი ბრუნვა ჰქონდა.
სექტორში მონაწილე კომპანიებს შორის, ყველაზე მაღალი, 48%-იანი საერთო მოგების მარჟა (gross margin) სანდომს უჭირავს. შედარებისთვის, ტკბილი ქვეყანა 37%-იანი საერთო მოგების მარჟით ოპერირებს, ბარამბოს მარჟა კი მხოლოდ 17%-ია. ბარამბოს საერთო მარჟებზე დიდ წნეხს ახდენს ის ფაქტი, რომ საწარმო სრული დატვირთვით ჯერ ვერ მუშაობს. შესაბამისად კომპანიას აქვს გამოუყენებელი სიმძლავრის გამო გადაუნაწილებელი ზედნადები ხარჯები. თუ ამ ზედნადებ ხარჯებს გამოვაკლებთ, ბარამბოს საერთო მოგების მარჟა 2021 წელს 25% იქნებოდა.
ოპტიმალური საერთო მოგების მარჟისა და საოპერაციო ხარჯების დამსახურებით, ტკბილ ქვეყანას საუკეთესო მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს (მაგ: EBITDA მარჟა, საოპერაციო მოგების მარჟა). სანდომის მაღალ საერთო მოგების მარჟას ანეიტრალებს მაღალი საოპერაციო ხარჯები და მაღალი ლევერიჯი, რაც საბოლოო მომგებიანობაზე ნეგატიურად აისახება.
სექტორის მონაწილეების შესაფასებლად მნიშვნელოვანია გავიგოთ რამდენად ეფექტურად იყენებენ კომპანიები ძირითად საშუალებებს (PP&E) შემოსავლების გენერირებისთვის.
ამ მხრივ ტკბილ ქვეყანას საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ტკბილი ქვეყანა ₾32 მილიონის გენერირებას მხოლოდ ₾6 მილიონის ღირებულების ძირითადი საშუალებებით ახერხებს. უხეშად რომ ვთქვათ, ძირითად საშუალებებზე დახარჯული ₾1-დან, ₾5 ლარის შემოსავალს იღებს. ბარამბოს შემთხვევაში კი იგივე მაჩვენებელი დაბალია, რადგან საწარმოო დანადგარები სრული დატვირთვით ვერ მუშაობს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბოლო წლებში ბარამბოს კონკურენტებზე გაცილებით მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული ძირითად საშუალებებში და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში FAT და ROCE მაჩვენებლებლების გაუმჯობესების დიდი პოტენციალიც აქვს გრძელვადიან პერიოდში.
სანდომი კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალლევერიჯიანია. კომპანიის სესხის მოცულობა ₾10 მილიონს შეადგენს (მთლიანი აქტივების 69%), რაც აღემატება ძირითადი საშუალებების მთლიან საბალანსო ღირებულებას (₾8 მილიონი).
ტკბილ ქვეყანას ყველაზე მეტი მარკეტინგული დანახარჯები აქვს როგორც აბსოლუტური, ასევე პროცენტული მაჩვენებლებით. კომპანიების მარკეტინგული დანახარჯები 2021 წელს შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
ბარამბო: ₾0.5 მილიონი (შემოსავლების 1%)
ტკბილი ქვეყანა: ₾3.4 მილიონი (შემოსავლების 11%)
სანდომი: ₾2.0 მილიონი (შემოსავლების 9%)
დივიდენდები 2018-2021 წლებში კუმულატიურად:
ბარამბო: ₾0 (მოცულობითი კაპიტალური ინვესტიციებისა და მაღალი ლევერიჯის ფონზე, კომპანიას არ რჩება საკმარისი free cash flow დივიდენდების გასაცემად)
ტკბილი ქვეყანა: ₾5.1 მილიონი (₾7.0 მილიონი 2018-2022 წლებში კუმულატიურად)
სანდომი: ₾0.9 მილიონი
დამატებითი ინფორმაცია
🟢 არსებული პროდუქციით საექსპორტო ბაზრებზე ხელშესახები კონკურენტუნარიანობის მოპოვება რთული ამოცანა იქნება. განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში იქნება ექსპორტი რთული, სადაც ჯანსაღი კვების და ნაკლები შაქრის მოხმარების ტენდენცია ყოველწლიურად მატულობს. ვაფლით, ლუქუმით და შოკოლადით საექსპორტო ბაზარს ვერ გააოცებ. მაგრამ შესაძლებელია შესთავაზო განსხვავებული პროტეინ ბარი, ქართული twist-ით. საერთაშორისო პროტეინ ბარების ბაზა ხშირ შემთხვევაში არის ფინიკი ან შვრია. ქართული პროტეინ ბარის ბაზა იქნება თათარა/ფელამუში, გამდიდრებული პროტეინით, კოფეინით, კოლაგენით და ა.შ.
Just thinking out loud..
🟢 არა მხოლოდ საექსპორტოდ, ადგილობრივ ბაზარზეც ასათვისებელი რჩება ჯანსაღი სნექების/ტკბილეულის ნიშა.
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "ბარამბო"
💼 კომპანიის მფლობელები:
- მარი ჩოჩელი: 66.25%
- უჩა კაპანაძე: 22.50%
- ინგა ხუციშვილი: 11.25%
2️⃣ შპს "ტკბილი ქვეყანა"
💼 კომპანიის მფლობელი:
- ამირან ქორთიაშვილი: 100%
3️⃣ შპს "ვასაძის პური" (სანდომი)
💼 კომპანიის მფლობელები:
- მერაბი ვასაძე: 92%
- ბიძინა ვასაძე: 8%