განვაგრძოთ ავტომობილების ბიზნესის მიმოხილვა დამატებით 5 საშუალო და მცირე ზომის ავტო-დილერის მაგალითზე:
შპს “კია საქართველო” (Kia Georgia)
შპს “კავკასუს მოტორსი” (Mitsubishi Motors Georgia)
შპს “იბერია ავტო” (Volkswagen Georgia)
სს “სკანდინავიან ავტო თეგეტა” (Volvo Car Sakartvelo)
შპს “მათემოტორსი” (MateMotors)
ზოგადი მიმოხილვა
განხილული კომპანიები წარმოადგენენ ცალკეული მანქანის ბრენდების ავტორიზებულ იმპორტიორებს და/ან დილერებს, ასევე ეწევიან ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას და სათადარიგო ნაწილების რეალიზაციას.
ნარდის ვიდეოს ნახვის შემდეგ გულდგრილად ვერ ჩავუარე MateMotors-ს და ამ ანალიზში დავამატე – მიუხედავად იმისა, რომ კომპანია პირდაპირ შესადარისი არ არის წარმოდგენილ კომპანიებთან. განხილული კომპანიებისგან განსხვავებით, “მათემოტორსი” მულტიბრენდულია და, ამავდროულად, მცირე ზომის ავტო-დილერია.
წარმოდგენილი კომპანიების უმეტესობის გაყიდვების მნიშვნელოვანი წილი მოდის ავტომობილების გაყიდვაზე. ავტომობილების გაყიდვებში კი კორპორატიულ და სახელმწიფო სექტორებს მნიშვნელოვანი წილი უკავიათ.
ამ მხრივ გამონაკლისია Volkswagen Georgia და MateMotors, რომელთა შემთხვევაშიც შემოსავლების მხოლოდ მცირე წილს წარმოადგენს ავტომანქანის გაყიდვები. Volkswagen-ის გაყიდვების თითქმის 90% მოდის ავტო ნაწილების რეალიზაციაზე, “მათემოტორსის” შემოსავლების 73% კი ავტოტექმომსახურებაზე.
როგორც მოცემულ ანალიზში ნახავთ, პირველი 4 კომპანიის 2022 წლის მომგებიანობის მაჩვენებლები თანხვედრაშია წინა პოსტში გამოქვეყნებული ავტო-დილერების მაჩვენებლებთან. EBITDA მარჟები 9-15%-ის ფარგლებშია. თუმცა, ისტორიულ ჭრილში თუ შევხედავთ, კომპანიების უმეტესობა ფინანსური გამოწვევბის წინშე იდგა გასულ წლებში.
კომპანიების მიმოხილვა
Kia Georgia:
“კია საქართველოს” გაყიდვები ყოველწლიურად დაღმავალ ტრენდზე იყო 2017-20 წლებში. ამავდროულად, კომპანია ზედმეტად მაღალი ლევერიჯით ოპერირებდა და საბალანსო უწყისი უფრო საკრედიტო ინსტიტუტს გავდა ვიდრე ავტო-დილერის ფინანსებს.
მაგალითად, 2018 წლის მონაცემებით, კომპანიის მთლიანი აქტივების 93%-ს შეადგენდა კომპანიის მიერ გაცემული სესხები ₾52 მილიონის მოცულობით. კომპანიის მოკლევადიანი სასესხო ვალდებულებები კი შეადგენდა ₾37 მილიონს. ამ პირობებში, 2019 წლის დეკემბერში, კომპანიის მფლობელმა “იბერია ბიზნეს ჯგუფმა” კომპანიის 50% გაასხვისა, 2024 წლის მარტში კი დანარჩენი 50%-იც გაყიდა. ამჟამინდელ მფლობელებზე ინფორმაცია იხილეთ დასკვნით სექციაში. კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა ამ ტრანზაქციის შემდგომ.
Mitsubishi Motors Georgia:
კომპანიის მომგებიანობა გაუმჯობესდა 2021-22 წლებში, რაც შემოსავლების დრამატულ ზრდას უკავშირდება. სავარაუდოდ, კომპანიამ ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო ტენდერის მოგება მოახერხა, რამაც კომპანიის შემოსავლები 7-ჯერ გაზარდა 2019-22 წლებში.
Volkswagen Georgia:
Volkswagen-ის ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდა 2022 წელს, რაც ძირითადად საერთო მოგების მარჟის გაზრდით მოახერხა. მაღალი საერთო მოგების მარჟისა და ეფექტური საოპერაციო ხარჯების კონტროლის მეშვეობით, კომპანიის Levered Free Cash Flow (FCF)-მ ₾1.6 მილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელს იგივე მაჩვენებელი უარყოფითი -₾3.3 მილიონი იყო.
Volvo Car Sakartvelo:
“ვოლვო საქართველოს” მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ჰქონდა 2022 წლის მომგებიანობის მაჩვენებლებში, რაც ძირითადად საერთო მოგების მარჟის ზრდის ხარჯზე იყო გამოწვეული. “თეგეტა მოტორსმა” (“ვოლვო საქართველოს” მშობელი კომპანია) 2022 წელს სრულად შეისყიდა შპს “კავკასუს ავტომოტივი“, რომელიც საქართველოში ვოლვოს ავტორიზებული იმპორტიორი კომპანია იყო. შესაბამისად, ერთი მშობელი კომპანიის ქვეშ იქნება გაერთიანებული იმპორტიორიც და ოფიციალური დილერიც, რაც მარჟების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებაში დაეხმარება კომპანიას.
MateMotors:
ერთადერთია ამ და წინა პოსტში გამოქვეყნებულ ავტო-დილერებს შორის, რომელიც მნიშვნელოვან ზარალზე ოპერირებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 32%-იანი მარჟა უჭირავს, საოპერაციო ხარჯების მართვას ვერ ახერხებს. საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავლებს.
მაღალი საოპერაციო ხარჯების ძირითადი მიზეზი კი მაღალი ადმინისტრაციული ხელფასებია. “მათემოტორსის” ადმინისტრაციული ხელფასები შემოსავლების 16%-ს შეადგენს, სხვა ავტო-დილერების იგივე მაჩვენებელი კი საშუალოდ 2%-ია. საინტერესოა, რომ “მათემოტორსი” უფრო მეტს იხდის ადმინისტრაციულ ხელფასებში (₾1.0 მილიონი), ვიდრე მასზე 14x-ჯერ დიდი ბრუნვის მქონე “თეგეტა პრემიუმ ვიიქელს” (₾0.9 მილიონი). ეს უკანასკნელი პორშეს და მაზდას ავტორიზებული დილერია.
“მათემოტორსის” საოპერაციო ხარჯებზე ასევე უარყოფითად აისახება მაღალი საიჯარო ხარჯი, რაშიც კომპანია შემოსავლების თითქმის 11%-ს იხდის.
კომპანია ასევე ერთადერთია განხილულ კომპანიებს შორის, რომლის შემოსავლებიც შემცირდა 2019-22 წლების განმავლობაში. ბრუნვის შემცირების მიზეზი ავტოტექმომსახურებიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაა, რამაც ამავე პერიოდში ავტომობილების გაყიდვების ზრდა გადაწონა და საერთო ჯამში კომპანიას შემოსავლები შეუმცირდა.
დამატებითი ინფორმაცია
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ Kia Georgia
💼 კომპანიის საბოლოო მფლობელები:
- ზურაბ ტუკვაძე: 20% (შპს "ბუტიკგრუპის" გავლით)
- დავით გოგორიშვილი: 20% (შპს "ბუტიკგრუპის" გავლით)
- ზურაბ კორძაძე: 30% (შპს "ნიუ ინვესტ კომპანის" გავლით)
- ეკატერინე თხინვალელი: 30% (შპს "რეინვესტის" გავლით)
2020 წლამდე Kia Georgia-ს სრულად ფლობდა შპს "იბერია ბიზნეს ჯგუფი". 2019 წლის დეკემბერში "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" გაყიდა 50%-იანი წილი, 2024 წლის მარტში კი დარჩენილი 50%-იც.
2️⃣ Mitsubishi Motors Georgia
💼 კომპანიის მფლობელი:
- შპს "იბერია ბიზნეს ჯგუფი": 100% (საბოლოო მაკონტროლებელი მხარეები: დავით ხეჩიკაშვილი: 40% | ნიკოლაი ფრეიტაკ: 20% | თამარ გვაზავა: 15% | მადონა თანაზაშვილი: 11% | დავით ფერაძე: 9% | სნეჟანა კოტოვა: 5%)
3️⃣ Volkswagen Georgia
💼 კომპანიის მფლობელი:
- შპს "იბერია ბიზნეს ჯგუფი": 100% (საბოლოო მაკონტროლებელი მხარეები: დავით ხეჩიკაშვილი: 40% | ნიკოლაი ფრეიტაკ: 20% | თამარ გვაზავა: 15% | მადონა თანაზაშვილი: 11% | დავით ფერაძე: 9% | სნეჟანა კოტოვა: 5%)
4️⃣ Volvo Car Sakartvelo
შპს "თეგეტა მოტორსი": 100% (საბოლოო მაკონტროლებელი მხარე: თემურ კოხოძე)
5️⃣ MateMotors
💼 კომპანიის მფლობელი:
- გელა ბარკალაია: 100%