გავეცნოთ პურის წარმოების ბიზნესს 3 მსხვილი მწარმოებლის მაგალითზე:
შპს “იფქლი” (იფქლი / Ipkli)
შპს “იფქლი დიღომი” (იფქლი დიღომი • ipkli digomi)
შპს “ლიტვური საცხობი +” (Lithuanian Bakery • ლიტვური საცხობი)
ზოგადი მიმოხილვა
იფქლი და იფქლი დიღომი ძირითადად მასიური წარმოების თეთრ პურს უწევენ რეალიზაციას. Lithuanian Bakery • ლიტვური საცხობი წარმოდგენილ კონკურენტებთან შედარებით მაღალფასიან პროდუქციას ყიდის.
ვინაიდან პური პირველადი მოხმარების პროდუქტია, კომპანიებმა კოვიდის პერიოდშიც (2020 და 2021 წლებში) შეძლეს გაყიდვების ზრდა. ასევე შთამბეჭდავი იყო პურის მწარმოებლების ბრუნვის ზრდა 2022 წლის განმავლობაში:
– 2022 წელს წარმოდგენილი კომპანიების საშუალო შეწონილი ზრდა 38% იყო;
– 2019-22 წლების განმავლობაში კი კომპანიების ბრუნვები მინიმუმ 2-ჯერ ან მეტჯერ გაიზარდა.
სექტორის გათვალისწინებით, პურის წამყვანი მწარმოებლების მომგებიანობის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია. EBITDA მაჩვენებლები საშუალოდ 14%-ია, წმინდა მოგების მარჟები საშუალოდ 12%-ი, ამონაგები აქტივებზე (ROAA) კი 24%-30%-ის ფარგლებშია.
პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გაძვირებული ნედლეულის მიუხედავად, პურის კომპანიებმა ფასების ზრდით მოახერხეს საერთო მოგების მარჟების შენარჩუნება. შესაბამისად, 2019 წელთან შედარებით მომგებიანობის მაჩვენებლები თითქმის იგივე ნიშნულზეა.
აღსანიშნავია, რომ სექტორის მონაწილეებს საკმაოდ დაბალი ლევერიჯი აქვთ. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, საკმარისი ფულადი ნაკადები რჩებათ დივიდენდის გასაცემად და/ან კაპიტალური დანახარჯებისთვის.
საქართველოში პურის ბიზნესის ძირითად მოთამაშეებზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დამატებითი ინფორმაცია.
ფინანსური მიმოხილვა
იფქლი უმსხვილესი პურფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ ₾83 მილიონი შეადგინა 2022 წელს და მეორე მოთამაშეს იფქლი დიღომს 34%-ით აღემატება. ლიტვური საცხობი კი ₾13 მილიონიანი ბრუნვით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება უმსხვილეს მწარმოებლებს.
2022 წელს შემოსავლების საკმაოდ მაღალი ზრდა შენარჩუნდა და თითოეული წარმოდგენილი კომპანია წლიურად დაახლოებით 30%-40%-ით გაიზარდა. 2019 წელთან შედარებით კი კომპანიების ბრუნვა 2-ჯერ და მეტჯერ გაიზარდა.
კომპანიების საერთო მოგების მარჟა (gross profit margin) 36%-ია. ვფიქრობ, “ლიტვური საცხობის” საერთო მოგების მარჟა და საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში არ არის შესადარისი კონკურენტებთან და კომპანია განსხვავებული მეთოდით აკეთებს ხარჯების ალოკაციას თვითღირებულებასა და საოპერაციო ხარჯებს შორის. ამიტომ, “ლიტვური საცხობის” შემთხვევაში, უმჯობესია შევადაროთ საოპერაციო მოგებისა და EBITDA მარჯები.
საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში 25%-28%-ის ფარგლებშია “იფქლისა” და “იფქლი დიღომის” შემთხვევაში. ამ ხარჯების უმსხვილეს ცალკეულ კომპონენტებს წარმოადგენს დასაქმებულთა ანაზღაურება, სარეკლამო ხარჯი და ტრანსპორტირება
– 2022 წელს სარეკლამო აქტივობებში ₾3.8 მილიონი და ₾3.4 მილიონი დახარჯეს იფქლიმ და იფქლი დიღომმა შესაბამისად.
ბოლო წლების განმავლობაში წამყვანმა პურის კომპანიებმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადეს საწარმოების გაფართოება-განვითარებისთვის. “იფქლისა” და “იფქლი დიღომის” მიერ გაწეულმა კაპიტალურმა დანახარჯებმა ბოლო 5 წლის განმავლობაში ₾20 მილიონი და ₾16 მილიონი შეადგინა შესაბამისად.
კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2018-2022 წლებში კუმულატიურად შემდეგნაირად გამოიყურება:
– იფქლი: ₾9.8 მილიონი
– იფქლი დიღომი: ₾2.9 მილიონი (₾5.6 მილიონი 2017 წლის ჩათვლით)
– ლიტვური საცხობი: ₾1.8 მილიონი
პურის ბაზარზე არსებული კონკურენციის უკეთ შესაფასებლად იხილეთ დამატებითი ინფორმაცია, სადაც 9 პურის მწარმოებლი კომპანიის შემოსავლებია წარმოდგენილი
დამატებითი ინფორმაცია
პურის სექტორის ბაზრის მონაწილეები
ქვედა გრაფიკში წარმოდგენილია 9 მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის პურის მწარმოებელი კომპანია.
როგორც ხედავთ, 2 უმსხვილესი პურის კომპანია ბრუნვით ჩრდილავს დანარჩენ მოთამაშეებს.
პურის ბაზარზე არსებულ მაღალ კონცენტრაციაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ “იფქლი-1” და “იფქლი პირველი” 2012 წელს გამოეყვნენ “იფქლი დიღომს”. დღემდე საერთო თანამფლობელები ჰყავთ “იფქლი-1” და “იფქლი დიღომს”.
ქვედა გრაფიკში არ არის წარმოდგენილი ტოპ 10-ში შემავალი პურის მწარმოებელი შპს “ლიგა +” (ბებოს ლავაში), ვინაიდან კომპანიას 2020 წლის შემდეგ არ გამოუქვეყნებია ფინანსური ანგარიშგება. ცნობისთვის, 2020 წელს კომპანიის შემოსავლები ₾6 მილიონამდე იყო.

კომპანიის მფლობელები
1️⃣ შპს "იფქლი"
💼 კომპანიის მფლობელები:
- შაქრო ბაკურაძე: 40%
- ვასილ ბაკურაძე: 30%
- ბაქარ ბაკურაძე: 30%
2️⃣ შპს "იფქლი დიღომი"
💼 კომპანიის მფლობელები:
- ნისან იოსებაშვილი: 70%
- დანიელ იოსებაშვილი: 30%
3️⃣ შპს "ლიტვური საცხობი +"
💼 კომპანიის მფლობელი:
- თინათინ ხუციშვილი: 100%