სასმელი წყლის მწარმოებლები (2022)

💡 გავეცნოთ სასმელი წყლის წარმოების ბიზნესს შემდეგი 4 კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ შპს “აქვა გეო” (სნო | კობი)

2️⃣ შპს “საირმე მინერალ ვოთერს” (საირმე | ნაკადული)

3️⃣ შპს “ვოთერლენდი” (წყალი გუდაური)

4️⃣ შპს “სუფთა წყალი” (წყაროს წყალი ბინული)

ზოგადი მიმოხილვა

მინერალური და მტკნარი წყლები ქვეყნის ექსპორტის მნიშვნელოვან კომპორნენტს წარმოადგენს და 10 უმსხვილეს საექსპორტო საქონელში შედის.

მინერალური და მტკნარი წყლების ძირითადი ექსპორტიორები მსხვილი მწარმოებლები არიან: “IDS ბორჯომი საქართველო” (Borjomi | ლიკანი | ბაკურიანი) და “წყალი მარგებელი” (ნაბეღლავი | ბახმარო). თუმცა, ამ კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები რამდენიმე წელია აღარ გამოქვეყნებულა (მიზეზი არ ვიცი). ამიტომ, შევხედოთ საშუალო და მცირე ზომის მწარმოებლებს.

განხილული კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მინერალური და/ან მტკნარი წყლის ჩამოსხმა და საბითუმო რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ “სუფთა წყალს” კონკურენტებისგან განსხვავებული ბიზნეს მოდელი აქვს.

  • პირველი სამი კომპანია (“აქვა გეო”, “საირმე” და “ვოთერლენდი”) ძირითადად აწარმოებს წყალს ერთჯერადი გამოყენების და მცირე მოცულობის ბოთლებით. “აქვა გეო” ასევე ეწევა 19 ლიტრიანი ბალონებით და დისპენსერებით მომსახურებას, თუმცა ეს შემოსავლების საკმაოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.
  • “სუფთა წყალი” (წყაროს წყალი ბინული) კი სრულად ფოკუსირებულია დიდი მოცულობის ბალონებითა და დისპენსერებით მომსახურებაზე. შესაბამისად, კომპანია განმეორებადი შემოსავლის მოდელით (recurring revenue model) ოპერირებს, რაც გულისხმობს მომხმარებლის მხრიდან 19-ლიტრიანი ბალონის განმეორებითი შესყიდვის ვალდებულებას თვეში მინიმუმ 3-ჯერ. კომპანიის ძირითადი მომხმარებლები იურიდიული პირები არიან, ვინაიდან ფიზიკური პირების მიერ მსგავსი სერვისით სარგებლობა საკმაოდ იშვიათია საქართველოში და ხელშეკრულების პირობებიც უფრო იურიდიული პირების საჭიროებებსაა მორგებული.

განხილული კომპანიების უმეტესობა ზარალზე ოპერირებს. ძირითად შემთხვევაში, ზარალიანობის მიზეზი საოპერაციო ხარჯების არაეფექტური მართვა და/ან საწარმოს არასრული დატვირთვით მუშაობაა.

კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.

ფინანსური მიმოხილვა

წარმოდგენილ კომპანიებს შორის ლიდერობს “სნოს” და “კობის” მწარმოებელი კომპანია “აქვა გეო“. “აქვა გეოს” შემოსავლებმა ₾25 მილიონი შეადგინა 2022 წელს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დანარჩენი კონკურენტების შემოსავლებს.

შემოსავლების ზრდის კუთხით, “სუფთა წყალი” ერთადერთი კომპანიაა, რომელიც 2019 წლის ბრუნვას კვლავ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ამის ძირითადი მიზეზი, სავარაუდოდ, პანდემიის შედეგად ოფისების დაკეტვა/ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლა იყო, რამაც დისპენსერების ბოცებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა.

კომპანიების საერთო მოგების მარჟები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და 30%-65%-ის ფარგლებში მერყეობს.

ერთადერთი კომპანია, რომლის საერთო მოგებაც აღემატება საოპერაციო ხარჯებს არის “სუფთა წყალი”. დანარჩენი კომპანიები კი საოპერაციო ზარალზე ოპერირებენ.

საოპერაციო ხარჯების ყველაზე დიდ ცალკეულ კომპონენტებს წარმოადგენენ ხელფასები და მიწოდების ხარჯები (მაგ.: საწვავი, ტრანსპორტირების მომსახურება). რაც შეეხება კომპანიების მიერ მარკეტინგულ აქტივობებში გაწეულ ხარჯებს, მხოლოდ 2 კომპანიას აქვს ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული, რის მიხედვითაც კომპანიები მარკეტინგში შემოსავლების 1%-3%-მდე ხარჯავენ.

აქვა გეოს” და “საირმეს” შემთხვევაში, დადებითი წმინდა მოგება გამოწვეულია საკურსო სხვაობით მიღებული მოგებით.

“სუფთა წყალის” გარდა, კომპანიები მაღალი ლევერიჯით გამოირჩევიან. მიუხედავად იმისა რომ სესხის წილი აქტივებში უმეტესად 20%-35%-ის ფარგლებშია, დადებითი ფულადი ნაკადების სიმცირე კომპანიების გადახდისუნარიანობას რისკის ქვეშ აყენებს.

ზარალიანი ოპერაციების და მაღალი ლევერიჯის ფონზე, კომპანიებს არათუ საკმარისი ფულადი ნაკადები არ რჩებათ დივიდენდების გასაცემად, არამედ, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი კაპიტალის შეტანასაც საჭიროებენ.

ეს არ ეხება “სუფთა წყალს”, რომელმაც 2017-2022 წლებში მფლობელებზე ჯამურად გასცა ~₾665 ათასი. აღსანიშნავია, რომ ამ თანხის თითქმის 90% გაცემულია 2017-2019 წლებში. პანდემიის შემდეგ კი კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა და მომგებიანობის მაჩვენებლები გაუარესდა. შესაბამისად, დივიდენდის გაცემის შესაძლებლობაც მინიმუმამდე დავიდა.

🟢 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის ბოთლის წყალი შეიცავს გაცილებით მეტ ჯანმრთელობისთვის საზიანო პლასტმასის მიკრო ნაწილაკებს, ვიდრე ძველი კვლევებით იყო ეს დადასტურებული. ამავდროულად, მომხმარებლების მხრიდან გაზრდილია ინტერესი წყლის ხარისხზე/უსაფრთხოებაზე და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ კომპანიების დამოკიდებულებას გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებაში - განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში. 
- შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ამ ტენდენციამ მომავალში გაზარდოს მოთხოვნა დიდი მოცულობის და შედარებით უსაფრთხო მასალისგან დამზადებულ წყლის ბოცებზე, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში.

🟢 წყლის წარმოებისა და რეალიზაციის ინდუსტრია მაღალი კონკურენციით და დიფერენციაციის ნაკლები შესაძლებლობით ხასიათდება. შესაბამისად, ახალი მოთამაშეებისთვის თავის დამკვიდრება და ხელშესახები ბაზრის წილის მოპოვება დიდი გამოწვევაა.

- თუმცა, ეს გამოწვევა წარმატებით გადალახა 2017 წელს ამერიკაში დაფუძნებულმა წყლის კომპანიამ Liquid Death, რომელიც ამჟამად ყველაზე სწრაფად მზარდი სასმელი წყლის ბრენდია. მიუხედავად იმისა რომ კომპანიას მდგრადი მომგებიანობისთვის ჯერ არ მიუღწევია, ბოლო მონაცემებით, კომპანიის ღირებულება $1.4 მილიარდს შეადგენს.

- Liquid Death ლუდის ქილის შესახედაობის ბოთლში ჩამოსხმული ჩვეულებრივი წყალია. თუმცა, ინოვაციური მარკეტინგული სტრატეგიით და გარემოს მიმართ მეგობრული შეფუთვით, კომპანიამ ძალიან მოკლე დროში მოახერხა ამერიკის ბაზარზე თავის დამკვიდრება.

- სტანდარტული რეკლამირების დროს, წყლის კომპანიები აქცენტს აკეთებენ წყლის წარმომავლობაზე, გემოვნურ თვისებებსა და ხარისხის უნიკალურობაზე. ფაქტობრივად, commodity პროდუქტზე ყველა ამტკიცებს, რომ უნიკალური და განსხვავებულია. სწორედ ეს პარადოქსი გამოიყენა Liquid Death-მა თავის მარკეტინგულ სტრატეგიაში და სრულიად განსხვავებული, იუმორისტული და სარკასტული ბრენდის იმიჯით წარსდგა ბაზარზე.

- ჩემი აზრით, ეს კომპანია წარმოადგენს ერთ-ერთ საინტერესო case study-ის, როგორც ბიზნესის, ასევე მარკეტინგისა და ბრენდინგის თვალსაზრისით.

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "აქვა გეო" (სნო | კობი)
💼 საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი (სს "ინტელლეგენს ჰოლდინგ აგ"-ს გავლით):
- თენგიზ ხარებავა

2️⃣ შპს "საირმე მინერალ ვოთერს" (საირმე | ნაკადული)
💼 კომპანიის მფლობელები:
- იაკოვ გვიჩია: 92%
- გია გვიჩია: 4%
- ხათუნა გვიჩია: 4%

3️⃣ შპს "ვოთერლენდი" (წყალი გუდაური)
💼 კომპანიის მფლობელები:
- გიორგი გოგუაძე: 99%
- შპს "მიკრო ინვესტი": 1%

4️⃣ შპს "სუფთა წყალი" (წყაროს წყალი ბინული)
💼 კომპანიის მფლობელი:
- გრიგოლ გოგოლაძე: 65%
- ბექა ქარსიძე: 35%