შპს ალმა (2022)

💡 გავეცნოთ გარე რეკლამის ბიზნესის უპირობო ლიდერს, შპს “ალმას” (ALMA), რომელიც “ვისოლ ჯგუფში” შემავალი კომპანიაა.

ზოგადი მიმოხილვა

ალმას” ძირითად საქმიანობას წარმოადგენს რეკლამის განთავსება ბილბორდებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, გარე მონიტორებზე, საერთაშორისო აეროპორტებში და თბილისის გზის გადასასვლელ ხიდებზე.

ჯამში კომპანიას ეკუთვნის 1,400-მდე ბილბორდი თბილისში და 500-მდე რეგიონებში, ასევე ათობით ციფრული მონიტორი (DOOH) ქვეყნის მაშტაბით. დამატებით, კომპანიას აქვს რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება 800 ავტობუსის მოსაცდელზე, 550 ავტობუსზე, 23 მეტროსადგურზე, თბილისის/ქუთაისის/ბათუმის აეროპორტებში, შარდენის ტერიტორიაზე, სამთო-საკურორტო ზონებში და ა.შ.

მიღებული მრავალწლიანი ლიცენზიებისა და ექსკლუზიური ნებართვების ფონზე, კომპანიას რეალური კონკურენტი არ ჰყავს და ქვეყანაში არსებული გარე რეკლამის უმეტესობა ამ კომპანიას ეკუთვნის. ლიცენზიების დეტალები იხილეთ “დამატებით ინფორმაციაში”👇.

გარე სარეკლამო ბაზრის დომინირების გარდა, “ალმა” აქტიურადაა ჩართული უძრავი ქონების და სხვა ტიპის ბიზნესებში. კომპანია სარეკლამო სფეროს მიღმა ბიზნესებში აქტიურად ჩაერთო 2019-2022 წლების განმავლობაში:

  • შპს “ლომსია”, შპს “კოსტავა თაუერსი” (2022 წელს კომპანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან შეისყიდა მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით ₾65 მილიონად), შპს “საკენი ბიოგრაფი” ბიოგრაფი ლივინგ • Biograpi Living, შპს “ალმა ლისი”, შპს “ისანი თაუერსი”, შპს “წერეთელი თაუერსი” – ყველა ეს შვილობილი/მეკავშირე საწარმო უძრავი ქონების ბიზნესშია ჩართული. თითოეულ კომპანიაში 50% ან მეტი წილობრივი მონაწილეობა აქვს.
  • კომპანია ასევე ფლობს წილებს სხვა სარეკლამო ბიზნესებში: შპს W-მედია (50%), შპს აუთდორ.ჯი (10%), შპს “კრაკენი 8” / Kraken (75%). ეს უკანასკნელი “ალმამ” 2021 წელს იყიდა და მომხმარებლებს სთავაზობს სოციალური მედიაში გვერდების მართვისა და სხვა სარეკლამო მომსახურებას.
  • “ალმამ” 2022 წელს დააფუძნა შპს “სტარტაპ სტუდიო”, რომლის მიზანიც დამწყები ბიზნესების თანადაფინანსებაა.
  • კომპანიას ასევე ეკუთვნის სს “ლაგუნა”, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრს იმერეთში. აღნიშნული კომპანია “ლაგუნამ” 2019 წელს ₾10 მილიონად შეიძინა “ვისოლ ჯგუფში” შემავალი კომპანიისგან.

რატომ არის ამდენი არადაკავშირებული ბიზნესი გაერთიანებული ALMA • ალმა-ს ქვეშ? იმ პირობებში რომ გარე რეკლამის ბიზნესში კონკურენცია მინიმუმამდეა დაყვანილი, “ალმა” საკმაოდ მომგებიანია. ფაქტობრივად, “cash printing” მანქანაა. კომპანიას სარეკლამო საქმიანობიდან დაახლოებით 65%-იანი EBITDA მარჟა უჭირავს და ₾20 მილიონიანი unlevered free cash flow აქვს (2022 წლის მონაცემები). ამ თავისუფალი ფულის და დამატებით საბანკო სექტორიდან აღებული სესხების დიდ ნაწილს კი იყენებს არა მხოლოდ კომპანიის ძირითადი საქმიანობისთვის (გარე რეკლამის ლიცენზიების მისაღებად, ოპერაციების დასაფინანსებლად), არამედ სხვა ბიზნესებში ინვესტირებისთვის და უძრავი ქონების შესაძენად / დეველოპერული პროექტების დასაფინანსებლად.

ალმა” ფაქტიურად ბანკის ფუნქციასაც ითავსებს სხვა მეკავშირე საწარმოებთან და ფიზიკურ პირებთან მიმართებაში. კომპანიის მიერ გაცემული სესხების მოცულობა ₾42 მილიონს შეადგენს. აქედან, ₾28 მილიონი გაცემული აქვს შვილობილ და დაკავშირებულ დეველოპერულ/სამშენებლო კომპანიებზე, ₾9 მილიონი “ვისოლ პეტროლიუმზე” და ₾4.3 მილიონი “ალმას” საბოლოო მფლობელებზე (“გლობალ ინვესტორს ლიმიტედის” გავლით).

საინტერესოა, რომ “ალმას” საბოლოო მფლობელებზე ₾4.3 მილიონიანი სესხი 12%-ში აქვს გაცემული. თუმცა, თითქმის იგივე მოცულობის და ვადიანობის ₾4.6 მილიონიანი სესხი მიღებული აქვს სოსო ფხაკაძისგან (საბოლოო მფლობელი) 18.2%-ში. ანუ კომპანია 12% სარგებელს იღებს მფლობელისგან და უკან უხდის 18%-ს (?)👀

საბოლოო ჯამში, სარეკლამო კომპანია, რომელსაც clean balance sheet-ი უნდა ჰქონდეს, ვიღებთ მაღალლევერიჯიან და ლიკვიდურობის პრობლემის მქონე ბიზნესს. საინვესტიციო ქონება და სხვა დაკავშირებულ საწარმოებში განხორციელებული ინვესტიცია (ძირითადად კომერციული უძრავი ქონება / დეველოპერული ბიზნესები) მთლიანი აქტივების 48%-ს წარმოადგენს. მთლიანი სესხის მოცულობა კი ₾151 მილიონს შეადგენს, რაც აქტივების 50%-ს წარმოადგენს. ამ ყველაფრის ფონზე, “ალმას” არაერთი საბანკო შეზღუდვა აქვს დარღვეული მთავარი მსესხებლის, “საქართველოს ბანკის” მიმართ, თუმცა კრედიტორთან მოხდა შეთანხმება, რომ ბანკი ამ დარღვევების გამო არ მოითხოვს სესხის ნაწილობრივ ან სრულად დაფარვას.

ფინანსური მიმოხილვა

კომპანიამ რეკორდულ შემოსავალს მიაღწია 2022 წელს. მთლიანმა ბრუნვამ ₾44 მილიონი შეადგინა, რაც 51%-ით აღემატება 2021 წლის შემოსავალს და 2019 წლის მაჩვენებელსაც გაასწრო.

2017-2022 წლებში კომპანია საშუალოდ წლიურად (CAGR) 14%-ით იზრდებოდა. ზრდის ტემპზე უარყოფითი გავლენა მოახდინა პანდემიის პირველ წელს შემოსავლების 40%-ით შემცირებამ (ლოქდაუნები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების შემცირება და, შესაბამისად, ნაკლები მოთხოვნა გარე რეკლამაზე).

კომპანიას საკმაოდ მაღალი, 45%-იანი საოპერაციო მოგების მარჟა აქვს.

საოპერაციო ხარჯებში ყველაზე დიდი წილი მოდის შრომის ანაზღაურებაზე, ჯამში ₾2.9 მილიონი. აქედან, ₾1.6 მილიონი გაიცა უმაღლესი ხელმძღვანელობის ანაზღაურებაზე. საინტერესოა რომ უმაღლეს ხელმძღვანელობაზე გაცემულ თითქმის მთლიან წილს აკლასიფიცირებენ როგორც “პროფესიულ მომსახურებას” და არა როგორც “შრომის ანაზღაურებას”.

კომპანიის სარეკლამო საქმიანობიდან მიღებულმა EBITDA-მ ₾29 მილიონი შეადგინა, EBITDA მარჟამ კი 65%.

აღებული სესხის ბალანსმა 2022 წლის ბოლოს ₾151 მილიონი შეადგინა, რაც მთლიანი აქტივების 50%-ს წარმოადგენს. მიღებული სესხები მოიცავს ₾107 მილიონს “საქართველოს ბანკიდან”, ₾19 მილიონს “თიბისი ბანკიდან” და ₾18 მილიონს საბოლოო მფლობელებისგან და დაკავშირებული საწარმოებიდან.

კომპანიის ლევერიჯ და ლიკვიდურობის კოეფიციენტები:

– Total Debt / EBITDA: 5.2x

– Total Debt / Equity: 2.0x

– Total Liabilities / Equity: 3.0x

– EBITDA / Interest Expense: 2.4x

– Current Assets / Current Liabilities: 0.7x

🟢 როგორც ზემოთ აღვნიშნე, ექსკლუზიური ნებართვების პირობებში, გარე რეკლამის ბიზნესი მაღალი მომგებიანობის მარჟებითა და პოზიტიური cash flow-თი გამოირჩევა.

🟢 რეალურად "ალმას" სარეკლამო ბიზნესიც კომერციულ უძრავი ქონების ბიზნესში გადის. 20 კვადრატულ მეტრს გააქირავებ ბილბორდის სახით, თუ 70 კვადრატულ საცხოვრებელ ბინას, პრინციპი იგივეა. კითხვა მდგომარეობს, რამდენად ხდება ინტერესთა კონფლიქტის მინიმიზაცია იმის ფონზე რომ "ვისოლ ჯგუფი" ათობით კომპანიას ფლობს სხვადასხვა სექტორში და, ამავდროულად, ფაქტობრივად ექსკლუზიურად მართავს გარე რეკლამის ბიზნესს ქვეყნის მაშტაბით. ამ სარეკლამო ბიზნესს კი ძირითადად იყენებს ისევ "ვისოლ ჯგუფის" ბიზნესების გასაფართოვებლად

🟡 გარე ციფრულ მონიტორზე (DOOH) რეკლამის განთავსების საფასური 1 თვის განმავლობაში (დღეში მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში) რამდენიმე ლოკაციის მაგალითზე შემდეგნაირად გამოიყურება:
- კოსტავას ქ.(ტელევიზიასთან): ₾6,500 + დღგ
- პეკინი-საბურთალოს ქუჩის კვეთა: ₾5,000 + დღგ
- თამარაშვილის ქ. (ვაკე-საბურთალოს კვეთა): ₾9,000 + დღგ
- რეგიონებში: ₾1,500-₾3,500 + დღგ (გააჩნია ქალაქს/ლოკაციას)
- თბილისის აეროპორტი (ბარგის ზონა): ₾15,000 + დღგ
- ბათუმის აეროპორტი: ₾4,000 + დღგ

კომპანიის საბოლოო მფლობელები:
- ლევან ფხაკაძე: 50%
- სამსონ (სოსო) ფხაკაძე: 50%