გადამზიდავი კომპანიები (2023)

💡 გავეცნოთ ამანათების და ტვირთების ტრანსპორტირების ბიზნესს, ხუთი კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ შპს “ინექს გრუპი” (Inex Group)

2️⃣ შპს “MGL Georgia” (MGL Parcel)

3️⃣ შპს “ამანათი” (Amanati)

4️⃣ შპს “სფეის კარგო” (Space Cargo)

5️⃣ შპს “ფორსა” (Forsa Express)

*აღსანიშნავია, რომ ბაზრის მსხვილი მოთამაშე USA2GEORGIA ანალიზში ვერ მოხვდა, რადგან კომპანიის ბოლო ფინანსური ანგარიშგება 2018 წელს გამოქვეყნდა. ასევე, შპს „ფოსტალონის“ (Postalon) ბოლო საჯარო ანგარიში 2021 წლით თარიღდება, როდესაც შემოსავლებმა ₾4.1 მილიონი შეადგინა. უახლესი მონაცემების არქონის გამო აღნიშნული კომპანიები ძირითად ანალიზში არ არის წარმოდგენილი.


ზოგადი მიმოხილვა

კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ამანათების ტრანსპორტირება საზღვარგარეთიდან და მასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური სერვისების მიწოდება. გადამზიდავი კომპანიების უმეტესობა ემსახურება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

ამანათების საერთაშორისო ტრანსპორტირების სერვისი მნიშვნელოვან საჭიროებას აკმაყოფილებს, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით მათ ფინანსურ ანგარიშგებებზე. კომპანიების ფინანსური რეპორტინგი ხშირად არასრული და მწირია, რაც ანალიზის შესაძლებლობას ზღუდავს.

2023 წელს წარმოდგენილი ხუთი კომპანიის ჯამური შემოსავლები 48%-ით გაიზარდა, რაც გაზრდილ მოთხოვნაზე მიუთითებს. თუმცა, სექტორში ყოველწლიურად ჩნდებიან ახალი მოთამაშეები, რაც მარჟებზე დამატებით წნეხს ქმნის. მაღალი ზრდისა და კონკურენციის პირობებში ბევრმა კომპანიამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო ხარჯების ოპტიმიზაცია და სტაბილური მომგებიანობის მიღწევა. ამჟამად 50-ზე მეტი მოთამაშე ოპერირებს უცხოეთიდან ამანათების ტრანსპორტირების ბიზნესში, რომელთა უმეტესობის ბრუნვა ₾5 მილიონს არ აღემატება. მასშტაბის ეკონომიის არქონა კი იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მხოლოდ ნაწილი შეძლებს ბაზარზე თავის დამკვიდრებას.

წარმოდგენილი ხუთი კომპანიიდან ორმა (Inex Group და Forsa Express) 2023 წელი ზარალით დახურა. Inex Group-ისთვის ეს გამონაკლისია, რადგან წინა წლებში კომპანია სტაბილურად მომგებიანი იყო. 2023-ში ახალი საზღვაო მარშრუტების (ჩინეთიდან და რუმინეთიდან) დამატებამ შემოსავლებთან ერთად ხარჯებიც მნიშვნელოვნად გაზარდა, რაც, სავარაუდოდ, დროებითი ეფექტია.

Forsa Express კი ზარალიანია უკვე წლების განმავლობაში. “ფორსას” საოპერაციო ხარჯები სტაბილურად აღემატება შემოსავალს. იმის გათვალისწინებით, რომ საკუთარი კაპიტალი ამ პერიოდში არ გაზრდილა, ხოლო ყველა ვალდებულება (საგადასახადო ვალდებულების გარდა) გაერთიანებულია “სხვა ვალდებულებების” კატეგორიაში, დიდი ალბათობით დანაკლისის დაფინანსება სესხებით ხდება, რაც კომპანიას საკმაოდ მაღალლევერიჯიანს ხდის.

დანარჩენ სამ კომპანიას — MGL Parcel, Amanati და Space Cargo — მომგებიანი ოპერაციები ჰქონდა და მათი საოპერაციო მოგების მარჟა საშუალოდ 10%-ს შეადგენს. ამავე დროს, მათ აქვთ უფრო მაღალი ლიკვიდურობა და დაბალი ლევერიჯი, რაც კონკურენტებთან შედარებით ფინანსურად უფრო მდგრად მოდელს ქმნის.

კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2023 წლის მონაცემებს.


ფინანსური მიმოხილვა

Inex Group წარმოდგენილ კომპანიებს შორის ყველაზე მაღალშემოსავლიანია. 2023 წელს კომპანიის ბრუნვა ₾46.5 მილიონს შეადგენდა, რაც დანარჩენი ოთხი კომპანიის ჯამურ შემოსავალსაც აღემატება. იმავე წელს შემოსავლები 117%-ით გაიზარდა, რაც დიდწილად სავარაუდოდ ჩინეთიდან და რუმინეთიდან საზღვაო ტრანსპორტირების სერვისების დამატებამ განაპირობა. Inex Group-ს გასულ წლებშიც საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპი ჰქონდა. სულ რაღაც 2019 წელს კომპანიის შემოსავლები ₾9.6 მილიონს შეადგენდა.

MGL Parcel წარმოდგენილი კომპანიებიდან ერთადერთია, რომლის შემოსავლებიც 2023 წელს შემცირდა და ბრუნვამ ₾13.8 მილიონი შეადგინა. უფრო მეტიც, ეს მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულსაც (₾15.7 მილიონი) ჩამორჩება.

Amanati, Space Cargo და Forsa Express-ის შემოსავლები 2023 წელს 32%-37%-ის ფარგლებში გაიზარდა და შესაბამისად ₾12.0 მილიონი, ₾9.6 მილიონი და ₾7.2 მილიონი შეადგინა.

წარმოდგენილი კომპანიების საოპერაციო მოგების მარჟა საშუალო შეწონილით მხოლოდ 1.9%-ს შეადგენს. თუმცა Inex Group-ის გამოკლებით ეს მაჩვენებელი 6.9%-მდე იზრდება, რაც მსგავსი ტიპის საკურიერო კომპანიებისათვის სტანდარტული მაჩვენებელია. ცნობისთვის, გლობალური ლიდერები (UPS, FedEx, DHL) 6%-12%-იანი საოპერაციო მოგების მარჟით ოპერირებენ.

კომპანიების სახელფასო ხარჯები შემოსავლების 10%-17%-ის ფარგლებში მერყეობს. Forsa Express გამონაკლისია, რომლის იგივე მაჩვენებელიც 29%-ს აღწევს და რაც კომპანიის ზარალიანობის ერთ-ერთი მიზეზია. “ფორსას” რეპორტში არ აქვს ჩაშლილი რა ნაწილი მოდის თანამშრომლებზე და რა უმაღლეს მენეჯმენტზე/დამფუძნებელზე.

წარმოდგენილი ხუთი კომპანიიდან ორმა — Inex Group და Forsa Express — 2023 წელი ზარალით დახურა. Inex-ის შემთხვევაში ეს გამონაკლისი იყო, რაც ძირითადად ახალი საზღვაო მარშრუტების დამატებით გაზრდილ ხარჯებს უკავშირდება.

Inex-ისგან განსხვავებით, Forsa Express წლების განმავლობაში სტაბილურად ზარალიანია და ამ დანაკლისს დიდი ალბათობით დამატებითი სესხებით აფინანსებს. კომპანიას ვალდებულებები დეტალურად არ აქვს გაშლილი და, საგადასახადო ვალდებულების გარდა, ყველა მათგანი “სხვა ვალდებულებების” ქვეშ არის გაერთიანებული.

MGL Parcel, Amanati და Space Cargo-მ კი მოგებით დახურეს 2023 წელი, ისევე როგორც გასული წლები. ამ სამიდან მინიმალური საოპერაციო მოგება აქვს MGL Parcel-ს. კომპანიის საოპერაციო მოგების მარჟა ბოლო ხუთ წელში საშუალოდ მხოლოდ 1.8%-ს შეადგენდა.


ამანათების საერთაშორისო ტრანსპორტირების სექტორში შემავალი 8 კომპანიის (განხილული ხუთი და დამატებითი სამი კომპანია) შემოსავლების დინამიკა 2019-'23 წლებში წარმოდგენილია ქვედა ცხრილში: 

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "ინექს გრუპი" (Inex Group)
💼 კომპანიის მფლობელები:
- შპს "გაერთიანებული საფინანსო ჯგუფი": 85%*
- ქეთევან ქართველიშვილი: 15%
*საბოლოო მაკონტროლებელი მხარე: ლია ასლანიდი (საბერძნეთი)

2️⃣ შპს "MGL Georgia" (MGL Parcel)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ლალი ოყუჯავა: 34%
- გერგანა ვასილევა(ბულგარეთი): 33%
- მანოლ იგნატოვი (ბულგარეთი): 33%

3️⃣ შპს "ამანათი" (Amanati)
💼 კომპანიის მფლობელები:
- გიორგი მანიჟაშვილი: 50%
- ილია მანიჟაშვილი: 50%

4️⃣ შპს "სფეის კარგო" (Space Cargo)
💼 კომპანიის მფლობელი:
- თეონა ქობალია: 100%

5️⃣ შპს "ფორსა" (Forsa Express)
💼 კომპანიის მფლობელი:
- სიმონ ბედოიძე: 100%