გავეცნოთ მედია ბიზნესს შემდეგი ახალი ამბების, ბიზნესისა და სპორტული მედია კომპანიების მაგალითზე:
1️⃣ შპს “ტელეიმედი” (TV Imedi)
2️⃣ სს “მედია ჰოლდინგ” (Rustavi 2 | რუსთავი 2)
3️⃣ შპს “მთავარი არხი” (Mtavari Arkhi)
4️⃣ შპს “პოსტვ” (POSTV)
5️⃣ შპს “ტელეკომპანია პირველი” (TV Pirveli)
6️⃣ შპს “ფორმულა” (Formula)
7️⃣ შპს “ბი ემ ჯი” (BMG)
8️⃣ შპს აჭარა.ქომ (Setanta | სეტანტა)
ზოგადი მიმოხილვა
საქართველოში არსებული წამყვანი ტელევიზიები წლების განმავლობაში ზარალზე მუშაობენ. ფინანსური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ მდგრადი კომერციული ბიზნეს მოდელი პრაქტიკულად არ აქვთ. უმეტეს შემთხვევაში, რეკლამიდან მიღებული შემოსავლები ვერ ფარავს თანამშრომელთა ხელფასებსაც კი, ადმინისტრაციულ და საკრედიტო ხარჯებზე საუბარიც ზედმეტია.
მაგალითად, 2023 წელს “იმედმა” ₾31 მილიონი გამოიმუშავა, მაგრამ ₾53 მილიონიანი ზარალი დააფიქსირა. “რუსთავი 2“-მა ₾14 მილიონი შემოსავლის ფონზე ₾31 მილიონი დაკარგა, ხოლო “ფორმულას” ₾5 მილიონამდე შემოსავალზე ₾42 მილიონი ზარალი ჰქონდა. ანუ ხშირად ზარალი შემოსავლებს რამდენჯერმე აღემატება.
ასეთი შედეგების გამო წამყვან ტელეკომპანიებს დაგროვილი აქვთ ათობით და ზოგ შემთხვევაში ასობით მილიონი ლარის ზარალი. ოპერაციების გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ მფლობელების ან დაკავშირებული მხარეების მიერ კაპიტალში შენატანით და/ან სესხით. პრაქტიკულად, ეს არის პოლიტიკური გავლენის შესანარჩუნებლად გაწეული ხარჯი და არა კომერციული ინვესტიცია.
გამონაკლისია რამდენიმე მედია კომპანია, რომლებიც ქმნიან ან ცდილობენ შექმნან მომგებიანი ბიზნეს მოდელი. მაგალითად, ბიზნეს მედია “ბიემჯი” და სპორტული მედია “აჭარა.ქომ” (“სეტანტა”).
“ბიემჯის” შემოსავლის ძირითადი წყაროა სარეკლამო და დასპონსორებული სეგმენტების გაყიდვა ტელეეთერში, ასევე დამკვეთების შესახებ მომზადებული კონტენტის გავრცელება სოციალურ ქსელებში. ასეთი კონტენტი პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს და კომპანიას საშუალებას აძლევს საოპერაციო მოგებაზე გავიდეს.
რაც შეეხება “აჭარა.ქომს“, კომპანია 2019 წელს დაფუძნდა და “აჭარასპორტის” სახელით მაუწყებლობდა. 2021 წელს კომპანიამ შეიძინა და მართვის უფლება მოიპოვა Setanta Sports Eurasia-ს ბრენდზე, ლიცენზიებსა და არხებზე ევროპისა და აზიის 13 ქვეყანაში, ხოლო 2022 წელს უკრაინული “სეტანტაც” შეისყიდა. შედეგად, “აჭარა.ქომი” არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში უმსხვილეს სპორტულ მედიად ჩამოყალიბდა.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 20231 წლის მონაცემებს.
- აღსანიშნავია, რომ კომპანიების 2024 წლის ფინანსური ანგარიშგებები (გარდა “ბიემჯისა”) ამ დროისთვის გამოქვეყნებული არ არის. თუმცა, ტელევიზიების შემოსავლების ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემები კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე ასახავს, რომ შემოსავლების მიხედვით კომპანიების რანგირება 2024 წლის განმავლობაში უცვლელი დარჩა და იგივე დინამიკა ნარჩუნდება 2025 წელსაც. სატელევიზიო ბაზარზე ძირითადი ცვლილება მოხდა 2025 წლის მაისში, როდესაც “მთავარი არხმა” შეწყვიტა მაუწყებლობა. ↩︎
ფინანსური მიმოხილვა
ახალი ამბების მედია (ტელევიზიები)
“იმედი” სატელევიზიო ბაზარზე დომინანტურ პოზიციას იკავებს. ტელეკომპანიის 2023 წლის ₾31 მილიონიანი შემოსავალი 2.2-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე მყოფ “რუსთავი 2”-ის შემოსავლებს და 4-ჯერ “მთავარი არხის” მაჩვენებელს. ამ უკანასკნელმა 2025 წლის მაისიდან მაუწყებლობა შეწყვიტა.
პოლიტიკური ტელეკომპანიების უმეტესობას შემოსავლები 2023 წელს შეუმცირდა. ზრდა დააფიქსირეს მხოლოდ “რუსთავი 2“-მა (+40%), და “POSTV“-იმ (+48%).
ხარჯების უდიდესი ნაწილი თანამშრომელთა ხელფასებზე მოდის. ექვსი ტელეკომპანიიდან ოთხში სახელფასო ხარჯები მთლიან შემოსავალს მნიშვნელოვნად აღემატება და საშუალო შეწონილით შემოსავლების 140%-ს შეადგენს.
თავისუფალი ფულადი ნაკადების არარსებობის პირობებში, თანამშრომელთა მიმართ სახელფასო დავალიანებები და საგადასახადო ვალდებულებები მაღალია. 2023 წლის ბოლოს “იმედის” საგადასახადო ვალდებულება ₾34 მილიონს შეადგენდა, ხოლო “მთავარი არხისა” და “ტვ პირველის” — სათითაოდ ₾9 მილიონს.
ხელფასებთან ერთად, ტელევიზიებს სხვა მოცულობითი ადმინისტრაციული ხარჯებიც აქვთ (მაგალითად, გადაცემების წარმოება, კომუნალური გადასახადები, იჯარა, მაუწყებლობის ხარჯები და ა.შ.). მთლიანი საოპერაციო ხარჯები, ხელფასების ჩათვლით, საშუალო შეწონილით შემოსავლების 248%-ს შეადგენს.
ბიზნეს მედია
ბიზნეს მედია “ბიემჯიმ” დაარსებიდან მალევე შეძლო მოგებაზე გასვლა. 2019 წელს მისი შემოსავლები ₾2.5 მილიონი იყო, 2023 და 2024 წლებში კი ₾4.5 მილიონსა და ₾4.9 მილიონს მიაღწია. თუმცა, ამ პერიოდში საოპერაციო მოგების მარჟა 26%-დან 3%-მდე შემცირდა, ძირითადად სახელფასო ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო. თუ 2019 წელს ხელფასებზე იხარჯებოდა შემოსავლების 56% (₾1.4 მილიონი), 2023 წელს ეს მაჩვენებელი 75%-მდე (₾3.4 მილიონი) გაიზარდა.
სპორტული მედია
“სეტანტამ” 2023 წელს EBITDA-ს დონეზე მიაღწია მომგებიანობას (ერთჯერადი არამატერიალური აქტივების ჩამოწერის გამოკლებით). წლიური ₾25 მილიონიანი ზარალი ძირითადად განპირობებული იყო უკრაინაში პრემიერ ლიგის ლიცენზიის ავანსის ჩამოწერით, რადგან აღნიშნულ პერიოდში ტრანსლირება ქვეყნის ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა.
2021 წლიდან “სეტანტამ” განახორციელა მოცულობითი კაპიტალური ინვესტიციები, მათ შორის მსხვილი ლიცენზიური ავანსები უკრაინისთვის. 2021–2023 წლებში კაპიტალურმა დანახარჯებმა, ლიცენზიების ჩათვლით, ₾95 მილიონი შეადგინა, რაც დამატებითი კაპიტალის მოზიდვას საჭიროებდა. შესაბამისად, ამავე პერიოდში მფლობელმა კაპიტალში ₾100 მილიონამდე შენატანა განახორციელა.
დამატებითი ინფორმაცია
🟢 საქართველოში პოლიტიკური ნიუსების ტელევიზიების მთავარი მიზანი მასობრივ აუდიტორიაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენაა. ეს ბუნებრივია, რადგან პოლიტიკაში მხარდაჭერა და ძალაუფლება მასობრივი ელექტორატის მობილიზებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, არხები ქმნიან სწრაფ, სენსაციურ და ემოციურად დამუხტულ სიუჟეტებს, რომლებიც მარტივად იპყრობს ფართო მასების ყურადღებას და ქმნის სასურველ საზოგადოებრივ ფონს. თუმცა, ეს მოდელი ფინანსურად ზარალიანია. სენსაციური მასალები იზიდავს მაყურებელს, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს საკმარის მონეტიზაციას. ამას ემატება გლობალური მედიის ტენდენციები, რაც დამატებით ნეგატიურ გავლენას ახდენს შემოსავლებზე: ნდობის შემცირება, აუდიტორიის კლება და სარეკლამო ხარჯების გადამისამართება ტელევიზიებიდან ციფრულ პლატფორმებზე. ამის პარალელურად გვაქვს ნიშური მედია, რომელიც ორიენტირებულია ლოიალურ და შედარებით მაღალი გადახდისუნარიან აუდიტორიაზე. ასეთ მოდელზე მუშაობს "ბიემჯი", რომლის მიზნობრივი აუდიტორია ბიზნესსექტორია. ნიშურ მედიას წარმოადგენს "სეტანტაც", თუმცა მისი მიზნობრივი აუდიტორია გაცილებით ფართოა. სპორტით დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა და მათი მზადყოფნა ამ კონტენტზე თანხის გადასახდელად, სპორტულ მედიას კომერციულად განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ "სეტანტას" ფინანსური სტაბილიზაციისთვის ჯერ არ მიუღწევია, უკვე შექმნილია მყარი საფუძველი გრძელვადიანი და მომგებიანი ბიზნესმოდელისთვის.
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "ტელეიმედი" (TV Imedi)
💼 კომპანიის მფლობელი:
- შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“: 100%
2️⃣ სს "მედია ჰოლდინგ" (Rustavi 2 | რუსთავი 2)
💼 კომპანიის მფლობელები:
- შპს "პრაიმ თაიმ": 90%
- შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2": 10%
3️⃣ შპს "მთავარი არხი" (Mtavari Arkhi)
*კომპანიამ შეწყვიტა მაუწყებლობა 2025 წლის მაისიდან.
4️⃣ შპს "პოსტვ" (POSTV)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ვიქტორ ჯაფარიძე: 52%
- შალვა რამიშვილი: 24%
- თემურ ჭარელაშვილი: 24%
5️⃣ შპს "ტელეკომპანია პირველი" (TV Pirveli | ტელეკომპანია პირველი)
💼 კომპანიის მფლობელი:
- ვახტანგ წერეთელი: 100%
6️⃣ შპს "ფორმულა" (Formula)
💼 კომპანიის მფლობელები:
- მიხეილ მშვილდაძე: 38.25%
- ზურაბ გუმბარიძე: 32.25%
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისუფლების ფორმულა: 25%
- ირაკლი საღინაძე: 2.25%
- გიორგი ლიფონავა: 2.25%
7️⃣ შპს "ბი ემ ჯი" (BMG)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ანნა ლაპიაშვილი: 66%
- ეკატერინე ბაშარული: 34%
8️⃣ შპს აჭარა.ქომ (Setanta | სეტანტა)
💼 კომპანიის მფლობელი:
- შპს PA Holding: 100%
*კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი: თეიმურაზ უგულავა