გავეცნოთ ორ წამყვან ჰიპერმარკეტს და ერთ პრემიუმ FMCG რითეილერს:
1️⃣ შპს “აგროჰაბი” (Agrohub) – ჰიპერმარკეტი
2️⃣ სს “გუდვილი” (Goodwill) – ჰიპერმარკეტი
3️⃣ შპს “სილქ გასტრონომი” (Gastronome) – პრემიუმ რითეილერი
შედარებისთვის, ანალიზში ასევე მოცემულია ტოპ 5 სუპერმარკეტის (ნიკორა, 2 ნაბიჯი, კარფური, მაგნიტი, სპარი) საშუალო ფინანსური მონაცემებიც.
ზოგადი მიმოხილვა
„აგროჰაბი“ და „გუდვილი“ ორიენტირებული არიან საშუალო და მაღალშემოსავლიან მომხმარებლებზე. მათი ჰიპერმარკეტები რაოდენობრივად მცირეა, მაგრამ ფართო კომერციული ფართებით გამოირჩევა. აქვთ მაღალი საშუალო ჩეკი, მზა საკვების ფართო არჩევანი და საკუთარი ბრენდით წარმოებული (private label) პროდუქცია.
2023 წლის ბოლოს “გუდვილს” ჰქონდა 5 ჰიპერმარკეტი და 3 გურმეს ფორმატის მაღაზია. “აგროჰაბი” იმავე პერიოდში ოპერირებდა 4 ჰიპერმარკეტით, ხოლო ამჟამად უკვე 7 ფილიალს ფლობს, რაც კომპანიის სწრაფ ზრდაზე მიუთითებს.
“გუდვილი” 2014 წლიდან იმყოფება რეაბილიტაციის რეჟიმში. 2023 წლის ბოლოს, რეაბილიტაციის ვალდებულებების ბალანსი შეადგენდა ₾19.5 მილიონს. კომპანიას დამატებით აქვს ვადაგადაცილებული სავაჭრო ვალდებულებები.
მაღალი დავალიანების გამო, “გუდვილს” განვითარებისთვის კაპიტალური ინვესტიციების განხორციელების შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. 2019-2023 წლებში, “აგროჰაბმა” ₾45 მილიონის კაპიტალური დანახარჯები განახორციელა, მაშინ როდესაც “გუდვილის” CapEx ₾8 მილიონზე ნაკლები იყო.
ეს აშკარად აისახება შედეგებშიც – “აგროჰაბს” ზრდისა და მომგებიანობის კუთხით მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს კონკურენტთან შედარებით.
დაბალი ლევერიჯისა და მაღალი მომგებიანობის დამსახურებით, “აგროჰაბს” საკმარისი თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) ჰქონდა, რომ დაკავშირებულ კომპანიებზე ₾28 მილიონი სესხის გაეცა. სესხის ძირითადი ნაწილი გაიცა შპს “არეკ”-ზე.
შპს “არეკ” (Athome/ეთჰოუმ) ეწევა დეველოპერულ საქმიანობას და ეკუთვნის “აგროჰაბის” მფლობელს. კომპანია აშენებს ორ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს (19-სართულიანი და 16-სართულიანი) საბურთალოზე – უნივერსიტეტისა და ოთარ ჭილაძის ქუჩებზე. ორივე პროექტის პირველ სართულზე უკვე ფუნქციონირებს “აგროჰაბის” ჰიპერმარკეტი.
ჰიპერმარკეტებისა და ტრადიციული სუპერმარკეტებისგან განსხვავებით, პრემიუმ სეგმენტზე ფოკუსირებულ “გასტრონომს” გაცილებით მაღალი მარჟები აქვს. კომპანიის სარეალიზაციო მარჟა 41%-ს აღწევს, რაც თითქმის ორჯერ მეტია ტრადიციულ FMCG რითეილერებთან შედარებით.
მიუხედავად ამისა, “გასტრონომის” საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში მნიშვნელოვნად მაღალია. თუმცა ეს შედარება სრულად ობიექტური არ არის, რადგან კომპანია საიჯარო ხარჯებს უშუალოდ საოპერაციო ხარჯებში ასახავს. მეორე მხრივ, “აგროჰაბი” და “გუდვილი” საიჯარო ვალდებულებებს IFRS 16-ის შესაბამისად ბალანსზე და საიჯარო საპროცენტო ხარჯებად აღრიცხავენ, რაც საოპერაციო ხარჯების წილს ბუღალტრულად ამცირებს.
აღსანიშნავია, რომ “გასტრონომი” ბაზარზე მხოლოდ 2019 წლიდან ოპერირებს და განვითარების ადრეულ ეტაპზეა. მიუხედავად ამისა, 2020 წლიდანვე მოახერხა დადებითი EBITDA-ს დაფიქსირება. მართალია, ტრადიციული ჰიპერმარკეტების შემოსავლის მასშტაბის მიღწევა რთული იქნება, მაგრამ სტაბილიზაციის შემდეგ “გასტრონომს” მომგებიანობის გაცილებით მაღალი მაჩვენებლები შეიძლება ჰქონდეს.
ფინანსური და ოპერაციული მაჩვენებლების ანალიზი ცხადყოფს, რომ “აგროჰაბი” ჰიპერმარკეტების სეგმენტში სტაბილურად წამყვან პოზიციაზეა, “გუდვილს” კი შეზღუდული აქვს განვითარების რესურსი მაღალი ლევერიჯის და სარეაბილიტაციო ვალდებულებების გამო. “გასტრონომი”, მიუხედავად მცირე მასშტაბის, გამოირჩევა მაღალი მარჟით და პრემიუმ სეგმენტის პოტენციალით.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2023 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
“აგროჰაბის” შემოსავლებმა ₾262 მილიონს მიაღწია 2023 წელს, რაც 41%-ით აღემატება “გუდვილის” შემოსავლებს.
შემოსავლების ზრდის ტემპით “აგროჰაბი” მნიშვნელოვნად უსწრებს კონკურენტს. 2019-2023 წლებში “აგროჰაბის” საშუალოდ წლიური ზრდა 34% იყო, “გუდვილის” კი მხოლოდ 7%.
„აგროჰაბის“ სარეალიზაციო მარჟა 28%-ია, რაც “გუდვილის” ანალოგიურ მაჩვენებელზე 6 პროცენტული პუნქტით მეტია. შედარების მიზნით, „აგროჰაბის“ სარეალიზაციო მარჟა ისეა დათვლილი, რომ პირდაპირი ხელფასები ასახულია საოპერაციო ხარჯებში და არა თვითღირებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ხელფასები შევიდოდა თვითღირებულებაში, კომპანიის სარეალიზაციო მარჟა 23%, ხოლო საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 16% იქნებოდა.
“გასტრონომის” შემოსავლები მნიშვნელოვნად ჩამორჩება FMCG სექტორის წამყვან მოთამაშეებს და 2023 წელს ₾25 მილიონი შეადგინა. ეს შედეგი ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული: კომპანია 2019 წელს დაარსდა და ოპერირებს შედარებით ვიწრო, პრემიუმ სეგმენტზე, რაც ბუნებრივად ზღუდავს მასშტაბის ზრდის შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კომპანიის ბრუნვა 11%-ით შემცირდა, თუმცა ამის მიზეზი საჯარო ანგარიშგებაში დეტალურად არ არის განმარტებული.
„გასტრონომის“ სარეალიზაციო მარჟა 41%-ს შეადგენს – ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამ ანალიზში წარმოდგენილ კომპანიებს შორის. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს “გასტრონომმა” სარეალიზაციო მარჟა 12 პუნქტით გაზარდა, რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შემოსავლების კლება გამოწვეულია მომხმარებელთა რაოდენობის ან საშუალო ჩეკის შემცირებით.
მომგებიანობა და ლევერიჯი
“აგროჰაბის” მომგებიანობის მაჩვენებლები (საოპერაციო მოგების მარჟა, EBITDA მარჟა, წმინდა მოგების მარჟა) და ლევერიჯ კოეფიციენტები არა მხოლოდ უშუალო კონკურენტზე, არამედ ბევრ წამყვან FMCG საცალო ვაჭრობის მოთამაშეზეც უკეთესია.
რეაბილიტაციის რეჟიმის გამო, “გუდვილის” მომგებიანობის მაჩვენებლები კონკურენტზე მნიშვნელოვნად დაბალი იყო როგორც 2023 წელს, ასევე ისტორიულ ჭრილში.
„გასტრონომს“ ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი მოგებიანობის მაჩვენებლები აქვს, განსაკუთრებით მაღალია სარეალიზაციო მარჟა.
თავისუფალი ფულადი ნაკადები (Free Cash Flow)
2019–23 წლებში, წარმოდგენილმა კომპანიებმა შემდეგი მოცულობის თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF)1 გამოიმუშავეს:
- კომპანიის საოპერაციო საქმიანობიდან დარჩენილი ფულადი სახსრები (i) სასესხო/საიჯარო ვალდებულებების გადახდამდე (net of debt raise), და (ii) დივიდენდის გაცემამდე. ↩︎
1️⃣ “აგროჰაბი“: ₾45 მილიონი
“აგროჰაბმა“ 2019–23 წლებში ჯამურად გამოიმუშავა ₾45 მილიონი თავისუფალი ფულადი ნაკადები, რაც – დამატებით აღებულ სესხთან ერთად – საკმარისი იყო როგორც სასესხო და საიჯარო ვალდებულებების მომსახურებისთვის, ისე დაკავშირებულ კომპანიებზე ₾28 მილიონის სესხის გასაცემად. 2023 წელს “აგროჰაბმა” მფლობელზეც გასცა ₾1.4 მილიონის მოცულობის დივიდენდი.
2️⃣ “გუდვილი“: ₾44 მილიონი
“გუდვილმა“ 2019–23 წლებში ჯამურად გამოიმუშავა ₾44 მილიონი თავისუფალი ფულადი ნაკადები. ვინაიდან კომპანია სარეაბილიტაციო რეჟიმშია, დამატებითი სესხი არ აუღია და ამ თანხიდან ₾37 მილიონი სასესხო და საიჯარო ვალდებულებების მომსახურებისთვის გამოიყენა. დანარჩენილი თანხა კი ბალანსზე არსებული ქეშის გასაზრდელად გამოიყენა.
3️⃣ “გასტრონომი“: ₾1.4 მილიონი (2022-23 წლებში)
“გასტრონომი” 2019 წელს დაარსდა და შესაბამისად ბოლო 5 წლის მონაცემები სრულად არ არის ხელმისაწვდომი. 2022–23 წლებში კი კომპანიამ ჯამურად გამოიმუშავა ₾1.4 მილიონი თავისუფალი ფულადი ნაკადები, საიდანაც თითქმის ₾1 მილიონი სესხის პროცენტის გადახდას მოხმარდა, დანარჩენი თანხა კი სესხის სახით გაიცა დაკავშირებულ მხარეზე. სესხის ძირის გადახდა ახალი სესხის აღებით დაფინანსდა. დივიდენდი კომპანიას ჯერ არ გაუცია.
დამატებითი ინფორმაცია
🟢 FMCG სექტორის კიდევ ერთი საინტერესო, მაღალშემოსავლიანი და განსაკუთრებით მაღალმომგებიანი მოთამაშეა "ევროპროდუქტი". მსგავსი მომგებიანობის მაჩვენებლები (მაგ.: EBITDA მარჟა, ამონაგები აქტივებზე) არ აქვს არცერთ წამყვან საცალო ვაჭრობის ობიექტს თუ FMCG დისტრიბუტორს.
"ევროპროდუქტმა" ოპერირება ევროპაში წარმოებული პროდუქციის დისტრიბუციით დაიწყო და ამჟამად 2,600 სავაჭრო ობიექტს ამარაგებს. 2014 წლიდან კი გახსნა საკუთარი საცალო ქსელიც, რომელიც 2023 წლის ბოლოს 38 მაღაზიას აერთიანებდა. სავარაუდოდ, კომპანიის შემოსავლების უდიდესი ნაწილი დისტრიბუციაზე/საბითუმო ვაჭრობაზე მოდის და სხვა FMCG მოთამაშეებთან პირდაპირ შესადარისი არ არის.
"ევროპროდუქტის" შემოსავლებმა ₾130 მილიონი შეადგინა და 2019-23 წლებში საშუალო წლიურად (CAGR) 27%-ით იზრდებოდა. სარეალიზაციო მარჟა 40%-ია, EBITDA მარჟა 23%, ამონაგები აქტივებზე კი 42%. სექტორში მსგავსი მაჩვენებლების მიღწევა იშვიათია, მათი ამ დონეზე შენარჩუნება კი კიდევ უფრო რთული.
მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები ითარგმნება კომპანიის მიერ გაცემულ დივიდენდებშიც. 2019-23 წლებში "ევროპროდუქტმა" მფლობელებზე ₾55 მილიონი გასცა.
"ევროპროდუქტის" მფლობელები:
- ნინო ბრეგვაძე: 50%
- გიორგი გველესიანი*: 17%
- გიორგი თავდიშვილი*: 16.5%
- თემურ უსტიაშვილი*: 16.5%
*შპს „ჯი-თი გრუპი“-ს გავლით
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს “აგროჰაბი” (Agrohub)
- აკაკი ახვლედიანი: 100%
2️⃣ სს “გუდვილი” (Goodwill)
- ირინე ქოსაშვილი: 95%
- დავით გლუნჩაძე: 5%
სითი მოლში არსებული "გუდვილის" ფილიალი ცალკე იურიდიულად პირად არის რეგისტრირებული, რომლის 70%-ს სს "გუდვილი" ფლობს, 30%-ს კი მინდია საბანაძე.
3️⃣ შპს “სილქ გასტრონომი”
– ლუიზა ბერიანიძე: 100%