სატელეკომუნიკაციო კომპანიები (2023)

💡 გავეცნოთ წამყვან სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს შემდეგი სამი კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ შპს “მაგთიკომი” (Magticom)

2️⃣ სს “სილქნეტი” (Silknet)

3️⃣ შპს “სელფი მობაილი” (Cellfie)


ზოგადი მიმოხილვა

მაგთიკომი” და “სილქნეტი” საქართველოს უმსხვილეს კონვერგენტულ სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს წარმოადგენენ, “სელფი” (ყოფილი “ბილაინი”, რომელმაც რებრენდინგი 2023 წელს განახორციელა) კი – მხოლოდ მობილურ ოპერატორს.

წარმოდგენილი სამი კომპანიის ჯამურმა შემოსავლებმა ₾1.4 მილიარდი შეადგინა 2023 წელს, 43%-ით მეტი, ვიდრე 2019 წელს. ზრდის მთავარი წყარო იყო მომხმარებელთა გაზრდილი მოთხოვნა ინტერნეტზე და ფასების თანმდევი კორექტირება.

სატელეკომუნიკაციო სექტორი საქართველოში მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა. მობილური აბონენტების რაოდენობის მიხედვით, “მაგთიკომსა” და “სილქნეტს” ერთობლივად ბაზრის 75% უკავიათ. ხოლო ბაზრის მესამე მოთამაშის, „სელფის“ ჩათვლით, სამ ოპერატორს ერთად 99%-ზე მეტი წილი უჭირავთ.

სატელეკომუნიკაციო ბაზარზე “მაგთიკომი” ლიდერობს როგორც აბონენტების რაოდენობით, ასევე შემოსავლების მოცულობით. ამავდროულად, კომპანიის კორპორატიული კლიენტების პორტფელში შედიან საქართველოს ძირითადი სამთავრობო უწყებები და სახელმწიფო სტრუქტურები.

სილქნეტმა” ბაზარზე მნიშვნელოვან ზრდას მიაღწია 2018 წლიდან, როდესაც $152 მილიონად (EV/EBITDA დაახლოებით 4.5x) შეისყიდა 35% ბაზრის წილის მქონე ოპერატორი “ჯეოსელი“. შედეგად, კომპანიამ გააერთიანა მობილური და ფიქსირებული ინფრასტრუქტურა და ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონვერგენტული მოთამაშე გახდა.

სელფის” ქსელის ხარისხი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბაზრის წამყვან მოთამაშეებს, რაც აისახება მის ფასებშიც. “სელფი” თითოეული მომხმარებლისგან თვეში საშუალოდ ₾9.8 შემოსავალს (ARPU) იღებს, “სილქნეტი₾13.4-ს, ხოლო “მაგთიკომი₾15-ს. ბოლო 3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი კომპანიების ARPU მაჩვენებელი საშუალოდ 38%-ით გაიზარდა. ARPU (Average Revenue per User) წარმოადგენს კომპანიების მობილური აბონენტებისგან მიღებული საშუალო თვიურ შემოსავლს.

ბოლო წლებში, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, მობილური ინტერნეტი გახდა ოპერატორების შემოსავლის მთავარი წყარო. ხმოვანი ზარების შემცირება და ინტერნეტზე დაფუძნებული კომუნიკაციის ზრდა კომპანიებს “ინტერნეტკომპანიებად” აქცევს – განსაკუთრებით “მაგთიკომი” და “სილქნეტი“, რომელთა შემოსავლის ძირითადი ნაწილი დღეს უკვე ფიქსირებულ და მობილურ ინტერნეტზე მოდის.

კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ორი უმსხვილესი მოთამაშის. “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” EBITDA მარჟები 60%75%-ის ფარგლებშია, რაც საგრძნობლად აღემატება ევროპის და ამერიკის სატელეკომუნიკაციო კომპანიების საშუალო მაჩვენებლებს. “სელფი“, მიუხედავად ბაზარზე დაბალი ფასებით პოზიციონირებისა, 45%-იანი EBITDA მარჟით ოპერირებს, რაც არაერთი საერთაშორისო კონკურენტის მაჩვენებელს აჭარბებს.

კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2023 წლის მონაცემებს.

ფინანსური მიმოხილვა

“მაგთიკომის” შემოსავლებმა ₾693 მილიონს მიაღწია 2023 წელს, რაც 11%-ით აღემატება წინა წლის შემოსავლებს. 2019-’23 წლებში “მაგთიკომი” საშუალო წლიურად (CAGR) 10%-ით იზრდებოდა, რაც უშუალო კონკურენტებს შორის ყველაზე მაღალი ტემპია. შედეგად, “მაგთიკომმა” კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერის პოზიცია როგორც ბრუნვაში, ისე ბაზრის წილში.

“სილქნეტის” შემოსავლები 2023 წელს ₾536 მილიონი იყო, ბაზრის ლიდერის მაჩვენებელზე დაახლოებით 23%-ით ნაკლები. წინა წელთან შედარებით ზრდამ 13% შეადგინა, ხოლო 2019–2023 წლებში საშუალო წლიური ზრდა (CAGR) 8% იყო. ზრდის ტემპი სტაბილურია, თუმცა შედარებით ზომიერი. კომპანიამ მოახერხა პოზიციის შენარჩუნება, თუმცა არსებული ზრდის ტემპი ბაზრის ლიდერთან დაახლოებისთვის აშკარად არასაკმარისია.

“სელფის” შემოსავლები ₾154 მილიონი იყო 2023 წელს, წლიური ზრდა კი 9%-ს შეადგენდა. თუმცა 2019-2023 წლებში კომპანიის საშუალო წლიური ზრდა (CAGR) 8%-ის ფარგლებში რჩება. არსებული ზრდის ტემპით, კომპანიას გაუჭირდება ბაზრის წილის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, განსაკუთრებით არსებული ქსელის ხარისხისა და დაფარვის პირობებში.

მომგებიანობა და ლევერიჯი

მაგთიკომი” ლიდერია არა მხოლოდ აბონენტების რაოდენობითა და ბრუნვით, არამედ მომგებიანობის თითქმის ყველა პარამეტრით. კომპანიის საოპერაციო და EBITDA მარჟები, შესაბამისად, 59% და 76%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სექტორის საშუალო ნიშნულს.

ამასთანავე, “მაგთიკომს” აქვს ყველაზე დაბალი ლევერიჯი: კომპანიის სესხები მთლიანი აქტივების მხოლოდ 3%-ს შეადგენს. მისი FCF Conversion კოეფიციენტი (FCF / EBITDA) საშუალოდ 70%-ზე მეტი იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც საერთაშორისო ოპერატორებში იშვიათად გვხვდება. შედეგად, “მაგთიკომი” პრაქტიკულად ჩამოყალიბებულია როგორც მაღალი ლიკვიდურობის მქონე, სტაბილური ფულადი ნაკადების მქონე კომპანია, კლასიკური cash cow“.

სილქნეტსაც” ძლიერი მომგებიანობის პროფილი აქვს: კომპანიის EBITDA მარჟა ბაზრის სტანდარტით მაღალია და 58%-ს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ თავად “სილქნეტი” ანგარიშგებაში 64%-იან EBITDA მარჟას აჩვენებს, რაც გარკვეულ კორექტირებებს მოიცავს. კერძოდ, EBITDA დაკორექტირებული/გაზრდილია ₾30 მილიონით, რომელიც ძირითადად მოიცავს გარკვეულ პროფესიულ მომსახურებას, საკონსულტაციო ხარჯებს და ერთჯერად ბონუსებს ტოპ მენეჯმენტისთვის. ვინაიდან სხვა ოპერატორები ასეთ გამიჯვნას არ აკეთებენ, შესადარებლად ყველგან ერთიანი მეთოდოლოგიით დათვლილი EBITDA გამოვიყენე.

კონკურენტებს შორის ყველაზე დაბალმომგებიანი “სელფია“, რომლის EBITDA მარჟაც 45%-ს შეადგენს. ძირითადი მიზეზი შემოსავლებთან მიმართებაში კომპანიის მაღალი საოპერაციო ხარჯებია: სერვისის მიწოდების თვითღირებულების ხარჯები და მარკეტინგული დანახარჯები. “სელფი” მარკეტინგში ხარჯავს ₾8 მილიონს, რაც არა მხოლოდ ფარდობითი (შემოსავლების 5%), არამედ აბსოლუტური მაჩვენებლითაც ყველაზე მაღალია სამ ოპერატორს შორის. ეს ასახავს კომპანიის მცდელობას, ქსელური ინფრასტრუქტურის შედარებით სუსტი პირობების ფონზე ბრენდის ცნობადობის გაზრდით და დაბალი ფასებით მოიზიდოს მომხმარებლები.

დივიდენდები

კომპანიების მაღალი მომგებიანობიდან გამომდინარე, ქართულ სატელეკომუნიკაციო სექტორში მნიშვნელოვანი თავისუფალი ფულადი ნაკადები გენერირდება, რაც მათ საშუალებას აძლევს მოცულობითი დივიდენდები გაუნაწილონ მფლობელებს. 2019–2023 წლებში სამი ოპერატორის მიერ კუმულაციურად გაცემული დივიდენდები ასეთია:

1️⃣ მაგთიკომი“: ₾875 მილიონი

2️⃣ სილქნეტი“: ₾166 მილიონი

3️⃣ სელფი“: დივიდენდი არ გაუცია

სელფის” დივიდენდის გაცემა ჯერ არ დაუწყია, ვინაიდან კომპანია თავისუფალი ფულადი ნაკადების უმეტეს ნაწილს ლევერიჯის შესამცირებლად იყენებდა. კომპანიის სესხებისა და საიჯარო ვალდებულებების მოცულობა ₾402 მილიონს შეადგენდა 2019 წელს, 2023 წელს კი სასესხო ვალდებულებები ₾110 მილიონამდე შეამცირა.

მიუხედავად იმისა, რომ “სელფს” ჯერ არ დაუწყია დივიდენდის გაცემა, 2019-2023 წლებში მისმა ჯამურმა თავისუფალმა ფულადმა ნაკადმა (Unlevered Free Cash Flow) ₾101 მილიონს გადააჭარბა. ამ ფონზე, ლევერიჯის მკვეთრი შემცირების შემდეგ, მომდევნო წლებში დივიდენდის გადახდაც უკვე რეალური პერსპექტივაა.


წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიების შემოსავლების დინამიკა 2018-'23 წლებში:

🟢 სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმატების ისტორია ჰოლივუდს უკავშირდება. მსახიობმა Ryan Reynolds-მა 2019 წელს ინვესტიცია ჩადო აშშ-ში მოქმედ დაბალბიუჯეტიან მობილურ ოპერატორში, Mint Mobile-ში. კომპანია მუშაობდა MVNO მოდელით, რაც ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდა საკუთარი ინფრასტრუქტურა და მომხმარებლებს მომსახურებას უკვე არსებული ქსელის (ამ შემთხვევაში T-Mobile-ის) მეშვეობით აწვდიდა.

ასეთ მოდელში ბიზნესი შენდება ბრენდინგზე, ფასებზე, მომხმარებლის გამოცდილებასა და ციფრულ ინოვაციებზე. Ryan Reynolds-ი მხოლოდ ინვესტორი არ ყოფილა. ის აქტიურად მონაწილეობდა ბრენდის მარკეტინგსა და პოზიციონირებაში, რაც დაეხმარა კომპანიას ორ მილიონზე მეტი აბონენტის მოზიდვასა და სწრაფ, მომგებიან ზრდაში. საბოლოოდ, T-Mobile-მა Mint Mobile 2024 წელს $1.35 მილიარდად შეიძინა.

საქართველოში MVNO მოდელის დანერგვა შედარებით ახალია. პირველმა ვირტუალურმა ოპერატორმა "ეკლექტიკმა", ბრენდული სახელით "ჰალო", ოპერირება 2022 წლის ბოლოს დაიწყო Silknet-ის ქსელის გამოყენებით. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, "ჰალოს" მომხმარებელთა რაოდენობა 30,000 აბონენტს აღწევს, ხოლო საბაზრო წილი 0.5%-ია.

მიუხედავად მოკრძალებული მოცულობისა, ეს მიანიშნებს, რომ MVNO მოდელისთვის საჭირო ტექნიკური და რეგულაციური ჩარჩო უკვე არსებობს. ეს მოდელი, მინიმალური კაპექსით, შესაძლოა მიმზიდველი გახდეს მცირე მოთამაშეებისთვის, განსაკუთრებით ფასზე ორიენტირებულ სეგმენტებში.

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს “მაგთიკომი” (Magticom)
💼 საბოლოო მაკონტროლებელი მხარე:
- გიორგი ჯოხთაბერიძე

2️⃣ სს “სილქნეტი” (Silknet)
💼 საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები:
- გიორგი რამიშვილი: 36.3% (საბოლოო მაკონტროლებელი მხარე)
- იერკინ ტატიშევი: 36.3%
- ალექსი თოფურია: 16.8%
- დევიდ ფრანც ბორგერი: 5.6%
- დავით მამულაიშვილი: 5.0%

3️⃣ შპს “სელფი მობაილი” (Cellfie)
💼 საბოლოო ბენეფიციარი მფლობელები:
- ხვიჩა მაქაცარია: 59.1%
- მამუკა ტოგონიძე: 38.4%
- კონსტანტინ სახოკია: 1.25%
- იულია დედოვა: 1.25%