გავეცნოთ კოსმეტიკისა და სუნამოების საცალო ბაზარს შემდეგი 4 კომპანიის მაგალითზე:
1️⃣ შპს “პრესტიჟი” (ICI PARIS | ისი-პარი)
2️⃣ შპს “ივერია ფრანსი” (Lutecia | ლუტეცია)
3️⃣ შპს “სტაილი” (Voulez-Vous | ვულე ვუ)
4️⃣ შპს “ინფინიტი პრო” (Qalta Bedniereba | ქალთა ბედნიერება)
ზოგადი მიმოხილვა
განხილული კომპანიების ძირითადი საქმიანობაა კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქციის იმპორტი და რეალიზაცია საკუთარი საცალო ქსელების მეშვეობით. პირველი სამი კომპანია ასევე ახდენს საბითუმო გაყიდვებსაც, როგორც უშუალოდ კონკურენტებთან, ასევე სააფთიაქო ქსელებთან და სხვა საცალო სავაჭრო ობიექტებთან.
სილამაზის საცალო ვაჭრობის სექტორი საკმაოდ სწრაფად მზარდია. წარმოდგენილი კომპანიების ჯამური შემოსავალები 5 წელში ორჯერ და მეტჯერ გაიზარდა და ₾131 მილიონი შეადგინა 2023 წელს (2018: ₾63 მილიონი). კომპანიების სწრაფ ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სარეალიზაციო მარჟების ზრდამ. 2018-23 წლებში, კომპანიების საერთო მოგების მარჟა (gross profit margin) საშუალოდ 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
წამყვან იმპორტიორებსა და რეალიზატორებს მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვთ. წარმოდგენილი კომპანიების საერთო მოგების მარჟა (gross profit margin) საშუალო შეწონილით 50%-ია, საოპერაციო მოგების მარჟა 18%, წმინდა მოგების მარჟა კი 12%.
მაღალი მარჟები, დაბალი კაპიტალური დანახარჯების საჭიროება (მაღაზიების უმეტესობა იჯარით აქვთ აღებული) და დაბალი ლევერიჯი ამ სექტორს ფინანსურად მიმზიდველ და შედარებით დაბალრისკიან ბიზნესმოდელად აყალიბებს. კომპანიების ძირითადი საზრუნავი კი ხდება საბრუნავი კაპიტალის ეფექტური მართვა, რათა კომპანიებმა განაგრძონ ზრდა და საკმარისი მოკლევადიანი ლიკვიდურობის შექმნა.
ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია მასშტაბის ეკონომიის მიღწევა, ვინაიდან საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაცია კომპანიების გრძელვადიანი მომგებიანობის და თავისუფალი ფულადი ნაკადების გენერირების მნიშვნელოვანი წყაროა. ეს კი ნათლად ჩანს წარმოდგენილ ანალიზშიც, სადაც ორი დომინანტი კომპანია ახერხებს ხარჯების ოპტიმალურ მართვას და, შესაბამისად, საკმარისი ფულადი ნაკადები რჩება დივიდენდების გასაცემადაც.
არსებული და ახალი კონკურენტების ფონზე, ძლიერი ბრენდი და მომხმარებელთა გამოცდილება გადამწყვეტი ხდება გრძელვადიანი მოგებიანობისთვის.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2023 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
წარმოდგენილ კომპანიებს შორის, “ისი-პარი” ყველაზე მაღალშემოსავლიანი პარფიუმერული კომპანიაა. 2023 წელს კომპანიის ბრუნვამ ₾59 მილიონი შეადგინა. ბოლო 5 წელში, “ისი-პარი“-ს შემოსავლები გაორმაგდა (CAGR: 16%). ამავდროულად, ბაზრის ლიდერს ყველაზე მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები და, ორ უშუალო კონკურენტთან შედარებით, საუკეთესოდ მართული საბრუნავი კაპიტალი აქვს.
“ლუტეციას” ბრუნვა ბაზრის ლიდერს 17%-ით ჩამოუვარდება და 2023 წელს ₾49 მილიონი შეადგინა. 2018-23 წლებში კომპანია საშუალოდ წლიურად (CAGR) 20%-ით იზრდებოდა და 5 წლის განმავლობაში ბრუნვა 2.5-ჯერ გაზარდა.
“ვულე ვუ” მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ბაზრის დომინანტ მონაწილეებს და მისმა შემოსავლებმა ₾16 მილიონი შეადგინა 2023 წელს. “ვულე-ვუ“-მ ყველაზე მეტად გაზარდა სარეალიზაციო მარჟები, თუმცა მაინც ყველაზე ნელი შემოსავლების ზრდა აჩვენა. ბოლო 5 წელში კომპანიის ბრუნვა საშუალოდ წლიურად (CAGR) მხოლოდ 7%-ით იზრდებოდა.
“ქალთა ბედნიერება” კი ყველაზე მცირე მასშტაბის მქონეა, თუმცა ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპი აქვს: 2023 წელს კომპანიის ბრუნვამ ₾7 მილიონი შეადგინა, ხოლო ბოლო 5 წელში საშუალო წლიური ზრდა (CAGR) 21% იყო.
სილამაზის სექტორის მონაწილეების საერთო მოგების მარჟები 42%-55%-ის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წელში კომპანიების საერთო მოგების მარჟები საშუალოდ 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომპანიების ბრუნვის ზრდაში.
საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში საშუალო შეწონილით 35%-ია. კომპანიების საოპერაციო ხარჯების ყველაზე დიდი ცალკეული კომპონენტი ხელფასებია, რაც საშუალო შეწონილით შემოსავლების 16%-ს შეადგენს. მარკეტინგულ დანახარჯებში კი ტოპ 3 კომპანიამ ₾0.8-₾2.3 მილიონი დახარჯა წელიწადში, რაც საშუალო შეწონილით ბრუნვის 3.2%-ს წარმოადგენს. გამონაკლისია “ქალთა ბედნიერება“, სადაც მარკეტინგული ხარჯი მინიმალურია (₾19 ათასი).
მომგებიანობა და ლევერიჯი
საოპერაციო მოგების და EBITDA მარჟები საშუალო შეწონილით 14% და 18%, შესაბამისად — რაც საცალო სექტორისთვის მაღალი მაჩვენებელია.
ლევერიჯის შედარებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ სააღრიცხვო სტანდარტებში განსხვავება. კერძოდ, “ლუტეცია” და “ვულე ვუ” იყენებენ IFRS 16 სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც საიჯარო ვალდებულებებს ბალანსზე ასახავენ, რაც მათ ლევერიჯს მაღლა წევს. დანარჩენი კომპანიები კი IFRS for SMEs სტანდარტს მისდევენ, რაც საშუალებას აძლევს იჯარა სრულად საოპერაციო ხარჯად განიხილონ და შესაბამისი ვალდებულებები ბალანსში არ აისახოს. აღრიცხვის სტანდარტებში სხვაობა არამხოლოდ ლევერიჯზე, არამედ EBITDA-ზე, აქტივების მოცულობასა და საოპერაციო ხარჯების სტრუქტურაზეც ახდენს გავლენას.
თავისუფალი ფულადი ნაკადების მოცულობა მკაფიოდ ასახავს საბრუნავი კაპიტალის მართვის და მასშტაბის ეკონომიის ეფექტიანობას. ამ მხრივ, ყველაზე ძლიერი პოზიცია “ისი პარის” უკავია — აქვს ყველაზე ეფექტიანი ფულის ბრუნვის ციკლი, ხოლო მასშტაბი აძლევს საშუალებას ოპტიმიზირებული ხარჯებით იმუშაოს. სწორედ ამ ფუნდამენტური ფაქტორების გამო, კომპანია ახერხებს ყველაზე მოცულობითი დივიდენდების გადახდებს, მაშინ როდესაც ორი წარმოდგენილი კონკურენტი 2023 წლის ჩათვლით დივიდენდებს არ გასცემდა.
დივიდენდები
კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2018-23 წლებში კუმულატიურად:
1️⃣ ICI PARIS: ₾21.3 მილიონი
2️⃣ Lutecia: ₾4.1 მილიონი
3️⃣ Voulez-Vous: ₾– (არ გაუცია დივიდენდი)
4️⃣ Qalta Bedniereba: ₾– (არ გაუცია დივიდენდი)
დამატებითი ინფორმაცია
🟢 ქვედა გრაფიკში წარმოდგენილია კოსმეტიკური და პარფიუმერული სექტორის ოთხი მოთამაშის შემოსავლების დინამიკა 2018-2023 წლებში. სექტორს ჰყავს ორი დომინანტი კომპანია, რომლებიც წლების განმავლობაში ინარჩუნებენ მოწინავე პოზიციებს.

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "პრესტიჟი" (ICI PARIS | ისი-პარი)
💼 კომპანიის მფლობელები:
- პაატა გიგაური: 25%
- გიორგი მედულაშვილი: 25%
- დავით მედულაშვილი: 25%
- ნინო ალიბეგაშვილი: 25%
2️⃣ შპს "ივერია ფრანსი" (Lutecia | ლუტეცია)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ლერი ფხაკაძე: 60%
- გოჩა ჯიხვაშვილი: 40%
3️⃣ შპს "სტაილი" (Voulez-Vous | ვულე ვუ)
💼 კომპანიის მფლობელი:
- გიორგი კეკელიძე: 100%
4️⃣ შპს "ინფინიტი პრო" (Qalta Bedniereba | ქალთა ბედნიერება)
💼 კომპანიის მფლობელი:
- დოდო რაზმაძე: 100%