გავეცნოთ ცხოველთა საკვების მწარმოებლებსა და რითეილერებს 6 კომპანიის მაგალითზე:
შპს “ნუტრიმაქსი” (Nutrimax • ნუტრიმაქსი)
შპს “ინვეტი” (Invet Group • ინვეტ ჯგუფი)
შპს “ზოომარტი” (Zoomart – ზოომარტი)
შპს “აქვა-ტერრა” (ZooCity • ზოოსითი)
შპს “ზოოლაიფი +” (ZooLife • ზოოლაიფი)
შპს “ზოოჰაბი” (Zoohub • ზოოჰაბი)
ზოგადი მიმოხილვა
“ნუტრიმაქსის” და “ინვეტის” ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფერმის ცხოველების და ფრინველების საკვების წარმოება და რეალიზაცია. კომპანიები ასევე უწევენ რეალიზაციას შინაური ცხოველების საკვებს:
- “ინვეტი” შინაური ცხოველებისთვის ძირითადად იმპორტირებულ საკვებს ყიდის საკუთარი მაღაზიათა ქსელის მეშვეობით.
- “ნუტრიმაქსმა” კი 2023 წელს გახსნა ახალი საწარმო კომპანიონი ცხოველებისთვის საკვების დამზადების შესაძლებლობით.
დანარჩენი 4 კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს შინაური ცხოველების იმპორტირებული საკვების რეალიზაცია საკუთარი მაღაზიათა ქსელების მეშვეობით.
კომპანიებს საკმაოდ ჯანსაღი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვთ. EBITDA მარჟა საშუალო შეწონილით 13%-ია, წმინდა მოგების მარჟა კი 10%. აღსანიშნავია, რომ კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები მათი საქმიანობიდან და მიმართულებებიდან გამომდინარე განსხვავებულია.
კომპანიები, რომელთა შემოსავლების ძირითად წყაროს ფერმის ცხოველების/ფრინველების საკვების რეალიზაცია წარმოადგენს, გაცილებით დაბალ მარჟას იღებენ, ვიდრე შინაური ცხოველების საკვების რეალიზატორი კომპანიები. მომხმარებელი კომპანიონი ცხოველების საკვებზე მზადაა უფრო მეტი გადაიხადოს. ამასთანავე, შინაური ცხოველების საკვები პრემიუმიზაციის და ბრენდინგის მეტ შესაძლებლობას იძლევა, რაც მაღალ მარჟებშიც ითარგმნება.
ჯანსაღი მომგებიანობის მარჟებიდან გამომდინარე, განხილული კომპანიების უმეტესობას საკმარისი ფულადი ნაკადები რჩება დივიდენდების გასაცემად. დეტალები იხილეთ ქვემოთ.
თითეული კომპანიის ფილიალების რაოდენობა 11-35-ის ფარგლებშია. “ნუტრიმაქსს” კი განსხვავებული რეალიზაციის მოდელი აქვს, რის ფარგლებშიც კომპანია საკუთარ წარმოებულ პროდუქციას დილერების მეშვეობით ყიდის.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2023 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
წარმოდგენილ კომპანიებს შორის, “ნუტრიმაქსი” ყველაზე მაღალშემოსავლიანი ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი კომპანიაა. 2023 წელს კომპანიის შემოსავლებმა ₾76 მილიონი შეადგინა, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატებოდა 2019 წლის ბრუნვას, თუმცა 18%-ით ჩამოუვარდებოდა 2022 წლის მაჩვენებელს.
“ინვეტ ჯგუფის” შემოსავლებმა ₾61 მილიონი შეადგინა, საიდანაც შემოსავლის უმეტესობა (~₾39 მილიონი) გენერირდება შპს “ინვეტ ფიდის” მიერ (დანარჩენი კი ძირითადად ვეტერინარულ მომსახურებასა და პრეპარატებზე, და შინაური ცხოველების საკვების დისტრიბუცია-რეალიზაციაზე მოდის). “ინვეტ ფიდი” წარმოადგენს “ინვეტის” 100%-იან შვილობილს, რომლის ძირითად საქმიანობასაც ფერმის ცხოველთა საკვების წარმოება/რეალიზაცია წარმოადგენს.
ვინაიდან დანარჩენი 4 კომპანია ძირითადად მხოლოდ შინაური ცხოველების საკვების და მოვლის საშუალებების დისტრიბუცია-რეალიზაციას ეწევა, მათი შემოსავლები ₾5-₾20 მილიონის ფარგლებშია. აქედან, შემოსავლების კუთხით, ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა “ზოომარტი“.
ცხოველთა საკვების მწარმოებლების/რეალიზატორების საერთო მოგების მარჟები (gross profit margin) ერთმანეთისგან განსხვავდება. ვინაიდან, “ნუტრიმაქსის” და “ინვეტის” შემოსავლების დიდი წილი მოდის ფერმის ცხოველთა და ფრინველთა საკვების წარმოებაზე, მათი მარჟები შედარებით დაბალია (22%-24%). ის კომპანიები კი, რომლთა ძირითადი საქმიანობაც კომპანიონი ცხოველების საკვების წარმოებაა, უფრო მაღალი საერთო მოგების მარჟებით გამოირჩევიან (30%-50%).
საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში საშუალო შეწონილით 17%-ია (მხოლოდ კომპანიონ ცხოველებზე ფოკუსირებული კომპანიების – 26%).
- კომპანიების საოპერაციო ხარჯების ყველაზე დიდი ცალკეული კომპონენტები ძირითადად ხელფასები და იჯარაა.
საოპერაციო მოგების მარჟა საშუალო შეწონილით 12%-ია (მხოლოდ კომპანიონ ცხოველებზე ფოკუსირებული კომპანიების – 19%).
დივიდენდები
“ნუტრიმაქსის” გარდა, კომპანიებს საკმაოდ დაბალი ლევერიჯი აქვთ ან საერთოდ არ აქვთ სესხი. შესაბამისად, მაღალი მომგებიანობის და დაბალი ლევერიჯის ფონზე კომპანიები ახერხებენ დივიდენდის გაცემას. კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები 2019-23 წლებში კუმულატიურად:
Nutrimax • ნუტრიმაქსი: ₾7.3 მილიონი
“ნუტრიმაქსს” დივიდენდი თითქმის სრულად აღებული სესხით დაფინანსდა. კომპანიას საოპერაციო თავისუფალი ფულადი ნაკადები კაპიტალური დანახარჯების დასაფარდაც არ ჰყოფნიდა, ამიტომ დამატებით სესხს იღებდა ნაწილობრივ კაპიტალური დანახარჯების დასაფინანსებლად, სესხზე მომსახურებისთვის და დივიდენდის გასაცემად.
Invet Group • ინვეტ ჯგუფი: ₾4.0 მილიონი.
Zoomart – ზოომარტი: ₾3.1 მილიონი.
ზოოსითი • ZooCity: ₾1.6 მილიონი.
ZooLife ზოოლაიფი: ₾0.6 მილიონი (მოიცავს 2021-23 წლებს).
Zoohub • ზოოჰაბი: ₾0.5 მილიონი (მოიცავს 2022-23 წლებს).
დამატებითი ინფორმაცია
🟢 მსოფლიო მასშტაბით შინაური ცხოველების ინდუსტრია საკმაოდ მზარდია - განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის შემდგომ. არსებული პროგნოზებით, აღნიშნული ბაზრის მოცულობა $500 მილიარდს მიაღწევს 2030 წლისთვის. მხოლოდ ამერიკელებმა თავიანთ შინაურ ცხოველებზე $150 მილიარდზე მეტი დახარჯეს 2024 წელს, 55%-ით მეტი ვიდრე ხუთი წლის წინ. მსგავსი ტენდენციის გათვალისწინებით, არაერთი მსხვილი გლობალური კომპანია ცდილობს ამ ინდუსტრიაში შესვლას. მაგალითად, Mars-ი, რომელსაც უმეტესობა იცნობს, როგორც ტკბილეულის (Snickers, Twix, M&Ms, Skittles და ა.შ) უმსხვილეს კონგლომერატს, თავისი შემოსავლების უდიდეს ნაწილს ვეტერინარული კლინიკებიდან იღებს. Nestle და Colgate - ტკბილეულისა და კბილის პასტის მწარმოებლები - შემოსავლების დაახლოებით 20%-ს იღებენ შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული ბიზნესებიდან.
ქვედა გრაფიკში შეგიძლიათ გაეცნოთ ცხოველთა საკვების მწარმოებლების/რეალიზატორების შემოსავლების დინამიკას 2019-23 წლებში:

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "ნუტრიმაქსი" (Nutrimax • ნუტრიმაქსი)
- ბექა ბექაია: 63.7%
- ხათუნა ლიპარტელიანი: 33.3%
- სააქციო საზოგადოება სინერჯი კაპიტალი: 3.0%
2️⃣ შპს "ინვეტი" (Invet Group • ინვეტ ჯგუფი)
- დავით შალამბერიძე: 100%
3️⃣ შპს "ზოომარტი" (Zoomart - ზოომარტი)
- თორნიკე ელიზბარაშვილი: 100%
4️⃣ შპს "აქვა-ტერრა" (ზოოსითი • ZooCity)
- გიორგი მედულაშვილი: 50%
- დავით მედულაშვილი: 50%
5️⃣ შპს "ზოოლაიფი +" (ZooLife ზოოლაიფი)
- თამარ ცობეხია: 50%
- ნატალია ოჩიგავა: 50%
6️⃣ შპს "ზოოჰაბი" (Zoohub • ზოოჰაბი)
- დავით ჟღენტი: 70%
- შალვა პეტრიაშვილი: 30%