ტურისტულ სააგენტოები (2022)

💡 გავეცნოთ ტურისტულ სააგენტოებს შემდეგი 4 კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ შპს “Georgian Travel Group”

2️⃣ შპს “ეს სი თრეველ” (Travelshop)

3️⃣ შპს “ტურისტული სააგენტო ვიზიტ ჯორჯია” (VisitGeorgia)

4️⃣ შპს “ჯორჯიან ჰოსფითალითი გრუპ” (Explore Georgia | Caucasus Travel)

ზოგადი მიმოხილვა

წარმოდგენილი ტურისტული სააგენტოები ძირითადად ფოკუსირდებიან შემომყვან ტურიზმზე (უცხოელი ტურისტების შემოყვანა საქართველოში). თუმცა, რამდენიმე მათგანი ჩართულია გამყვან ტურიზმშიც (ავიაბილეთების და ტურების გაყიდვა საქართველოს მოქალაქეებზე).

ცხადია, ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სფერო აღმოჩნდა პანდემიურ პერიოდში, რასაც დაემატა 2022 წელს დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომი, აზერბაიჯანის ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარი და რეგიონში შექმნილი რთული მდგომარეობა.

განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური გავლენა იქონია საერთაშორისო ვიზიტორების აღდგენის დინამიკაზე და ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა დასავლეთ ევროპიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა.

ეს ფონი კი ბრუტალური შედეგის მომტანი აღმოჩნდა ბევრი შემომყვანი ტუროპერატორისთვის. მაგალითისთვის, განხილული კომპანიების ჯამური შემოსავლები ₾114 მილიონი იყო 2019 წელს, 2022 წელს კი ეს მაჩვენებელი თითქმის 60%-ით შემცირდა ₾47 მილიონამდე.

საერთაშორისო ვიზიტორების აღდგენასთან ერთად, ვითარება შედარებით გაუმჯობესდა 2023 წელს. აქ წარმოდგენილი კომპანიებიდან, ორს (Georgia Travel Group და Visit Georgia) უკვე გამოქვეყნებული აქვს 2023 წლის შედეგები, რის მიხედვითაც კომპანიების შემოსავლები წლიურად 15% და 32%-ით გაიზარდა, შესაბამისად. თუმცა, 2023 წლის შემოსავლები კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებლებს.

შემცირებული ტურისტული ნაკადი, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპიდან შემომავალი მაღალბიუჯეტიანი ტურისტების ნაკლებობა, ნეგატიურად აისახა როგორც კომპანიების შემოსავლების მოცულობაზე, ასევე მომგებიანობაზე. მომგებიანობის კოეფიციენტები (e.g. საოპერაციო მოგების მარჟა), უმეტეს შემთხვევაში, 2x-ჯერ და მეტჯერ არის შემცირებული 2019 წელთან შედარებით.

კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.

ფინანსური მიმოხილვა

წარმოდგენილი ტურისტული სააგენტოებიდან ყველაზე მაღალშემოსავლიანი Georgian Travel GROUP-ია. კომპანიის შემოსავლებმა თითქმის ₾14 მილიონი შეადგინა, საიდანაც ~90% მოდის უცხოელი ტურისტების ორგანიზებულ შემოყვანაზე, დანარჩენი კი გამყვან და შიდა ტურიზმზე. 2019 წელთან შედარებით, კომპანიის შემოსავლები 70%-ით იყო აღდგენილი 2022 წელს (2023 წელს კი 80%-ით).

Travelshop-ის შემოსავლებმა ₾12.2 მილიონი შეადგინა და ერთადერთი კომპანიაა წარმოდგენილ ტუროპერატორებს შორის, რომელმაც 2019 წელთან შედარებით შემოსავლების ზრდა დააფიქსირა.

VisitGeorgia-ს შემოსავლებმა ₾12 მილიონს მიაღწია 2022 წელს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ Visit Georgia-მ მიიღო, რომელიც ერთ დროს ქვეყნის უმსხვილესი მოთამაშე იყო გამყვანი ტურიზმის სფეროში და რომლის შემოსავლებმაც 2019 წელს ₾52 მილიონი შეადგინა. 2022 და 2023 წლის შემოსავლები კი 77%-ით და 70%-ით ჩამოუვარდება პრე-პანდემიურ შემოსავლებს, შესაბამისად. კომპანიის შემოსავლების ასეთი დრამატული შემცირება სავარაუდოდ დაკავშირებულია შედარებით მაღალშემოსავლიანი ტურისტების შემოდინების კლებაზე. კომპანია 2019 წლამდე ძირითადად ფოკუსირებული იყო ტურისტებზე გერმანიიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან, ჰოლანდიიდან, ინგლისიდან და საფრანგეთიდან. 2022/2023 წლებში კი ამ ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინება მნიშვნელოვნად შემცირებულია პრე-პანდემიურ პერიოდთან შედარებით.

პანდემიამდე ასევე ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული სააგენტო Explore Georgia (Caucasus Travel) იყო, რომლის შემოსავლებმაც 2022 წელს ₾9.2 მილიონი შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელს კომპანიის შემოსავლები ₾31 მილიონზე მეტი იყო. კომპანიას ტურისტები შემოჰყავდა ძირითადად სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და გერმანიიდან. ამ ქვეყნებიდან კი ტურისტების შემოდინება მნიშვნელოვნადაა შემცირებული, რაც ნეგატიურად აისახა ბიზნესზე.

კომპანიების საერთო მოგების მარჟები საშუალო შეწონილით 22%-ს შეადგენს.

ყველაზე მაღალი საერთო მოგების მარჟა VisitGeorgia-ს აქვს, რაც აიხსნება კომპანიის მიერ მაღალბიუჯეტიან ტურისტებზე ფოკუსირებით.

კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში, საშუალო შეწონილით 17%-ს შეადგენს.

  • საოპერაციო ხარჯების ყველაზე მსხვილი ცალკეული კომპონენტი ხელფასებია (მენეჯმენტი, გიდები, მძღოლები და ა.შ.), რომელიც საშუალოდ შემოსავლების 10%-ს შეადგენს.

შემცირებული საერთო მოგების მარჟებიდან გამომდინარე, კომპანიების უმეტესობა დაბალი საოპერაციო მოგების მარჟით ოპერირებს, რამაც 2022 წელს საშუალოდ 5% შეადგინა.

დაბალი მომგებიანობიდან გამომდინარე, კომპანიებს შეუმცირდათ თავისუფალი ფულადი ნაკადები დივიდენდის გასაცემად. მაგალითისთვის, Explore Georgia (Caucasus Travel)-ს 2018-19 წლებში მფლობელებზე ჯამურად გაცემული ჰქონდა ₾7.8 მილიონი, 2020-22 წლებში კი ₾1.2 მილიონი. VisitGeorgia-ს შემთხვევაში, კომპანიას 2017-19 წლებში მფლობელებზე ჯამურად გაცემული ჰქონდა ₾5.2 მილიონი, 2020-22 წლებში კი ₾1.1 მილიონი.

კომპანიების კაპიტალის სტრუქტურა (თითქმის ნულოვანი ლევერიჯი) იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რამაც ტუროპერატორების ბიზნესი კოვიდ-პანდემიას გადაარჩინა. ტრადიციული ტიპის ტუროპერატორებს არ სჭირდებათ დიდი საწყისი კაპიტალი და არც განგრძობით კაპიტალურ ინვესტიციებს (CapEx) საჭიროებენ. შესაბამისად, შემოსავლების შემცირების/არარსებობის დროს, კომპანიებს არ დააწვათ სესხზე მომსახურების ვალდებულება.

🟢 რამდენად დრამატულად აისახა კოვიდ პანდემია და რეგიონში მიმდინარე მოვლენები სექტორის მოთამაშეებზე, მათ შემოსავლებსა და ბაზრის წილების გადანაწილებაზე, შეგიძლიათ იხილოთ ქვედა გრაფიკში. 

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "Georgian Travel Group"
💼 კომპანიის მფლობელები:
- პაატა კვიჟინაძე: 50%
- კონსტანტინე დავითიძე: 25%
- რატი ძერია: 25%

2️⃣ შპს "ეს სი თრეველ" (Travelshop)
💼 კომპანიის მფლობელი:
- ნიკოლოზ მანჯგალაძე: 100%

3️⃣ შპს "ტურისტული სააგენტო ვიზიტ ჯორჯია" (VisitGeorgia)
💼 კომპანიის მფლობელი:
- ალექსანდრე მამულაშვილი: 100%

4️⃣ შპს "ჯორჯიან ჰოსფითალითი გრუპ" (Explore Georgia | Caucasus Travel)
💼 კომპანიის მფლობელები:
- სოფო მამარდაშვილი 45%
- საბა კიკნაძე 40%
- ნიკოლოზ ერქომაიშვილი 10%
- მაია კიკნაძე 5%