ესთეტიკური მედიცინა (2022)

💡 გავეცნოთ ესთეტიკური მედიცინის ბიზნესს 3 კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ შპს “Beauty Life” (კლინიკა ნუაჟი/Nuage Clinique & კეონი/Keune)

2️⃣ შპს “ტოტალ შარმ” (Total Charm Tbilisi)

3️⃣ შპს “კუზანოვის კლინიკა” (Kuzanov Clinic)

ზოგადი მიმოხილვა

წარმოდგენილი კომპანიები სამედიცინო ესთეტიკის სფეროში ოპერირებენ. თუმცა, განსხვავდებიან შეთავაზებული სერვისებით და ძირითადი მიმართულებებით.

სამივე კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ესთეტიკური დერმატოლოგიის სერვისებს. ესთეტიკური დერმატოლოგია მოიცავს სახის გაახალგაზრდავებაზე ორიენტირებულ პროცედურებს: დერმალური ფილერები, ბოტულინოტოქსინის ინექციები/ბოტოქსი, ბიორევიტალიზაცია და ა.შ.

მსგავსების მიუხედავად, კომპანიების შეთავაზებული სერვისები და ძირითადი ფოკუსი ერთმანეთისგან განსხვავდება.

ტოტალ შარმისა და კუზანოვის კლინიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება პლასტიკური ქირურგიაა. Beauty Life-ი კი არაქირურგიულ სამედიცინო ესთეტიკურ სერვისებზე ფოკუსირდება კლინიკა ნუაჟის მეშვეობით და, პარალელურად, სილამაზის სალონურ მომსახურებას ეწევა Keune-ის საშუალებით.

ესთეტიკური დერმატოლოგიის სერვისების პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო წლებში. ამაზე მეტყველებს კომპანიების ზრდის ტემპიც. 2022 წელს სამივე მათგანმა შემოსავლები გააორმაგა 2019 წელთან შედარებით.

სამივე კომპანიის შემთხვევაში შეინიშნება მომგებიანობის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ბოლო წლებში. ამჟამად, კომპანიების EBITDA მარჟები 11%-28%-ის ფარგლებშია, წმინდა მოგების მარჟები კი 11%-25%-ის ფარგლებში.

კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.

ფინანსური მიმოხილვა

წარმოდგენილი კომპანიების შემოსავლები დაახლოებით ₾7-₾10 მილიონის მიდამოებშია.

კომპანიებს შემოსავლების ზრდის ტემპი თითქმის ერთნაირი აქვთ. 2019-22 წლებში კომპანიები საშუალოდ წლიურად 25%-27%-ით იზრდებოდნენ. ზრდას ხელი შეუწყო პოსტ-პანდემიურ პერიოდში ესთეტიკურ მედიცინაზე მოთხოვნის ზრდამ.

კომპანიების საერთო მოგების მარჟები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთამანეთისგან, რაც დიდწილად კომპანიების შეთავაზაბული სერვისების სხვაობით იქნება გამოწვეული. მაგალითად, Beauty Life-ი ფლობს Keune Georgia-ს სილამაზის სალონებს. სილამაზის სალონურ მომსახურებას კი საკმაოდ მაღალი საერთო მარჟები ახასიათებს.

  • რაც შეეხება კუზანოვის კლინიკას, არ ვიცი ხარჯების ალოკაციას როგორ აკეთებენ თვითღირებულებასა და საოპერაციო ხარჯებს შორის, მაგრამ საკმაოდ უცნაურად გამოიყურება 92%-იანი საერთო მოგების მარჟა (SAAS კომპანიებს არ აქვთ ასეთი მაღალი საერთო მარჟა).

კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 33%-38%-ის ფარგლებშია Beauty Life-ისა და ტოტალ შარმის შემთხვევაში. კუზანოვის კლინიკის საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში კი 80%-ზე მეტია.

  • საოპერაციო ხარჯების ყველაზე მსხვილ კომპონენტს დასაქმებულთა ანაზღაურება წარმოადგენს. პირველი ორი კომპანიის შემთხვევაში, თანამშრომელთა ანაზღაურება ₾1.7-₾1.9 მილიონს შეადგენს, რაც შემოსავლის 19%-ს წარმოადგენს. “კუზანოვის კლინიკის” შემთხვევაში კი დასაქმებულთა ანაზღაურება ₾4.3 მილიონს შეადგენს, რაც შემოსავლების 60%-ზე მეტია. გაურკვეველია, ამ ანაზღაურებიდან რამდენი მოდის კლინიკის მენეჯმენტსა და დამფუძნებლებზე, რომლებიც ამავე კლინიკის ქირურგები არიან.

2019-22 წლებში სამივე კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებლები (EBITDA / საოპერაციო მოგების მარჟები) მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. Beauty Life-ისა და კუზანოვის კლინიკის შემთხვევაში ეს გაუმჯობესება ხარჯების ოპტიმიზაციითაა გამოწვეული, ტოტალ შარმის შემთხვევაში კი საერთო მოგების მარჟების ზრდით.

აქტივების უტილიზაციის შესაფასებლად, Fixed Asset Turnover (FAT)-ს შევხედოთ. FAT გვიჩვენებს რამდენად ეფექტურად იყენებენ კომპანიები არსებულ ძირითად საშუალებებს

  • ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი კუზანოვის კლინიკას აქვს. უხეშად რომ ვთქვათ, ძირითად საშუალებებზე დახარჯული ₾1-დან, კუზანოვის კლინიკა ₾4.4 შემოსავლის გენერირებას ახერხებს. კუზანოვის კლინიკის აქტივები ₾3.1 მილიონს შეადგენს, აქედან ძირითად საშუალებებზე კი მხოლოდ ₾1.7 მილიონი მოდის. შედარებისთვის, კონკურენტებს ₾7-₾11 მილიონის ღირებულების ძირითადი საშუალებები აქვთ ბალანსზე.

ლევერიჯის კუთხით, კომპანიები საკმაოდ დაბალ-ლევერიჯიანები არიან და სესხზე მომსახურებას კომფორტულად ახერხებენ.

🟢 ესთეტიკური მედიცინა შედარებით ახალგაზრდა ინდუსტრიაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურადაც.

🟢 სამედიცინო-ესთეტიკურ ინდუსტრიაში ზრდის პოტენციალი არის როგორც (i) მიზნობრივი მომხმარებლების რაოდენობრივ ზრდაში, ასევე (ii) სერვისების დახვეწასა და გამრავალფეროვნებაში:

(i) ამჟამად, ძირითადი მომხმარებლები არიან საშუალოზე მაღალი და მაღალშემოსავლიანი ახალგაზრდა და შუახნის ქალები. მიუხედავად იმისა, რომ კაცების მიერ ესთეტიკური დერმატოლოგიის მოხმარება ბაზრის უმნიშვნელო წილს იკავებს, მოსალოდნელია ამ სეგმენტზე მომხმარებლების ზრდა. McKinsey-ის კვლევის თანახმად, გლობალურ ბაზარზე მოსალოდნელია როგორც ქალი მომხმარებლების რაოდენობრივი ზრდა, ასევე კაცების მიერ ინექციების მოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა მომდევნო 5 წლის განმავლობაში;

(ii) ტექნოლოგიურ განვითარებასთან და სექტორში მომუშავე პროფესიონალების ზრდასთან ერთად, დაიხვეწება მიწოდებული სერვისებიც. უკეთესი და უფრო ეფექტური სერვისების შეთავაზება კი სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაზრდის მოთხოვნასაც. მაგალითად, პოტენციურად შესაძლებელია განვითარდეს ცელულიტის მოშორების ეფექტური გზა, "გაყინული"/"ხელოვნური" გამომეტყველების მიღების გარეშე ინექციების და პროცედურების ჩატარება. მსგავსი განვითარება კი მიზნობრივი მომხმარებლების არეალს მნიშვნელოვნად გააფრთოებს.

🟢 სამედიცინო-ესთეტიკის სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, მომხმარებლები ლოიალურები არიან ინდივიდუალური დერმატოლოგის/სპეციალისტის მიმართ, და ნაკლებად - კლინიკის/პროვაიდერის მიმართ. შესაბამისად, ახალი მოთამაშეებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სპეციალისტების სწორი შერჩევა, რადგან მომხმარებლების ბაზის შექმნა და მათი შენარჩუნება დიდწილად სწორედ ამ სპეციალისტებზეა დამოკიდებული.

"ტოტალ შარმმა" 2021 წელს ფილიალი გახსნა ვაკეში, რომელიც, "ნუაჟის" მსგავსად, ესთეტიკურ დერმატოლოგიაზეა ფოკუსირებული. თუმცა ეს ობიექტი ცალკე იურიდიულ პირად (შპს "ტოტალ შარმ ვაკე") არის დარეგისტრირებული და "ტოტალ შარმის" ფინანსურ ანალიზში არ არის ასახული.

შპს "ტოტალ შარმ ვაკე"-ს ფინანსები საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა, ვინაიდან, ამჟამინდელი ზომიდან და ბრუნვიდან გამომდინარე, კომპანიას ფინანსური უწყისების გასაჯაროების ვალდებულება ჯერ არ აქვს.

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ შპს "Beauty Life" (კლინიკა ნუაჟი/Nuage Clinique & კეონი/Keune)
💼 კომპანიის მფლობელი:
- ლია ობოლაშვილი: 100%

2️⃣ შპს "ტოტალ შარმ" (Total Charm Tbilisi)
💼 კომპანიის მფლობელები:
- მარლენი სულამანიძე: 34%
- გიორგი სულამანიძე: 33%
- კონსტანტინე სულამანიძე: 33%

3️⃣ შპს "კუზანოვის კლინიკა" (Kuzanov Clinic)
💼 კომპანიის მფლობელები:
- ივანე კუზანოვი: 75.5%
- ალექსანდრე კუზანოვი: 24.5%