საახალწლოდ გავეცნოთ ჩურჩხელის წარმოების ბიზნესს 2 კომპანიის მაგალითზე:
შპს “ბადაგი” (Badagi)
შპს “ნუგბარი” (Nugbari)
ზოგადი მიმოხილვა
წარმოდგენილი კომპანიების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ქართული ტრადიციული ნუგბარის, ჩურჩხელის წარმოება.
კომპანიები პროდუქციის რეალიზაციას ახდენენ როგორც საკუთარი მაღაზიების, ასევე სხვადასხვა ქსელური საცალო სავაჭრო ობიექტების მეშვეობით.
ბადაგი ლიდერია ჩურჩხელის ინდუსტრიულ წარმოებაში, რომელიც დღეში საშუალოდ დაახლოებით 6,000-7,000 ჩურჩხელას აწარმოებს.
ნუგბარი მხოლოდ შეფუთულ ჩურჩხელას აწარმოებს და ძირითადად საექსპორტო ბაზრებზე ფოკუსირდება. უმსხვილეს კონკურენტთან შედარებით, კომპანიას მცირე წლიური ბრუნვა აქვს და საშულო დღიური წარმოება 1,000 ჩურჩხელაზე ნაკლები იყო 2022 წელს. ვინაიდან ნუგბარი კონცენტრირებულია ექსპორტზე, პანდემიამ და შემდგომ რუსეთ-უკრაინის ომმა ნეგატიური გავლენა იქონია კომპანიის გაყიდვებზე.
წარმოდგენილ ორ კონკურენტს საკმაოდ განსხვავებული მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანიას თითქმის ერთნაირი აქტივების მოცულობა აქვს, ნუგბარი, ექსპორტის მნიშვნელოვნად შემცირების გამო, საწარმოს ოპტიმალურ უტილიზაციას ვერ ახერხებს. შესაბამისად, ფიქსირებული ხარჯების წილი ნაწილდება შემცირებული გაყიდვების მოცულობაზე, რაც უარყოფით საოპერაციო მოგებას იძლევა.
ბადაგმა კი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მოცულობით გაყიდვებს აწარმოებს და კონკურენტთან შედარებით ნაკლებად არის ექსპორტზე დამოკიდებული, მოახერხა (2020 წლის გარდა) დადებით მომგებიანობის მარჟებზე გასვლა.
კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.
ფინანსური მიმოხილვა
ბადაგი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანიაა ქვეყანაში. 2022 წელს ბადაგის შემოსავლებმა ₾7.1 მილიონი შეადგინა, რაც თითქმის 21%-ით აღემატება 2019 წლის შემოსავლებს. ნუგბარის შემოსავლებმა ₾855 ათასს მიაღწია, რაც 47%-ით ჩამოუვარდება პრე-პანდემიური წლის შემოსავლებს.
- ბადაგის შემოსავლების ზრდაში, სავარაუდოდ, დიდი წვლილი შეიტანა კომპანიის გაყიდვის წერტილების ზრდამ ადგილობრივ ბაზარზე.
- ნუგბარის შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, დიდწილად საექსპორტო ბაზრებზე განვითარებულმა მოვლენებმა და შიდა შეფუთვასთან დაკავშირებულმა საოპერაციო პრობლემებმა განაპირობა. ექსპორტზე შემცირებული გაყიდვების კომპენსირება კი ადგილობრივი ბაზრით ვერ მოხერხდა.
საერთო მოგების (gross profit) კუთხით, ნუგბარს 50%-იანი მარჟა უჭირავს, ბადაგს კი 41%-იანი. მაღალი საერთო მარჟის მიუხედავად, ნუგბარს დაბალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს, რაც მაღალი საოპერაციო ხარჯების წილით აიხსნება.
ბადაგის საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლში 27%-ს შეადგენს, ნუგბარის კი 70%-მდეა. სავარაუდოდ, ნუგბარის ასეთი მაღალი საოპერაციო ხარჯები საწარმოს დაბალი უტილიზაციითაა გამოწვეული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ექსპორტზე მოთხოვნის შემცირების გამო, კომპანიის ბრუნვა შემცირდა, საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაცია კი მაღალი ფიქსირებული ხარჯების გამო ვერ მოხერხდა.
ჩურჩხელის წარმოება კაპიტალურად ინტენსიური ბიზნესია, სადაც მთლიანი აქტივების მნიშვნელოვანი წილი მოდის ძირითად საშუალებებზე (შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები და ა.შ.). გრძელვადიანი ვალდებულებებისა და ჩაბრუნებული კაპიტალის ძირითადი რესურსიც სწორედ ამ აქტივების შეძენას ან გაუმჯობესებას ხმარდება. შესაბამისად, სექტორის მონაწილეების შესაფასებლად მნიშვნელოვანია გავიგოთ რამდენად ეფექტურად იყენებენ კომპანიები არსებულ ძირითად საშუალებებს შემოსავლების გენერირებისთვის. ამისათვის შევხედოთ Fixed Asset Turnover (FAT)-ს.
- ამ მხრივ ბადაგს უკეთესი მაჩვენებელი აქვს. უხეშად რომ ვთქვათ, ძირითად საშუალებებზე დახარჯული ₾1-დან, “ბადაგი” ₾5 შემოსავლის გენერირებას ახერხებს. ნუგბარის შემთხვევაში კი იგივე მაჩვენებელი ₾1.2-ია, რადგან საწარმოო დანადგარების სრული დატვირთვით მუშაობას ვერ ახერხებს და ფიქსირებული აქტივების ოპტიმალური უტილიზაციისთვის ჯერ არ მიუღწევია.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ბადაგს დადებითი EBITDA (15%) და საოპერაციო მოგების მარჟები (14%) აქვს. კონკურენტის იგივე მაჩვენებლები კი უარყოფითია.
საბრუნავი კაპიტალის მართვის კუთხით, ბადაგს გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები აქვს. ბადაგი მარაგების ამოყიდვას (DIO) საშუალოდ 50 დღეზე ნაკლებ დროში ახერხებს. შექმნილი საექსპორტო და შიდა საოპერაციო პრობლემების ფონზე კი ნუგბარს ჭარბად დაუგროვდა გასაყიდი საქონელი და უარყოფითად აისახა საბრუნავ კაპიტალზე.
დაბალმომგებიანობისა და საბრუნავ კაპიტალში შექმნილი პრობლემების ფონზე, ნუგბარი მაღალლევერიჯიანი კომპანიაა. კომპანიის მიერ აღებული სესხი მთლიანი აქტივების 62%-ს შეადგენს. ბადაგის იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 22%-ს შეადგენს, რადგან კომპანია საოპერაციო ფულადი ნაკადებით ახერხებს კაპიტალური დანახარჯების (CapEx) დაფინანსებას.
ამავდროულად, ბადაგი დივიდენდების გაცემასაც ახერხებს. კომპანიამ 2018-2022 წლებში კუმულატიურად ნახევარი მილიონ ლარზე მეტი გასცა დივიდენდების სახით.
დამატებითი ინფორმაცია
🟢 წარმოდგენილი კომპანიების მაგალითზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრადიციული ჩურჩხელის ინდუსტრიული წარმოება წარმატებით ხორციელდება და ზრდის პოტენციალიც აქვს.
🟢 ტრადიციულ ჩურჩხელას ყოველთვის ეყოლება ქართველი მომხმარებელი და პოსტ-საბჭოთა სივრცეშიც შევძლებთ პროდუქციის გაყიდვას. მაგრამ პოტენციურად რა შეიძლება იყოს ჩურჩხელის უფრო ფართომასშტაბიანი განვითარება? ან როგორ შეიძლება ახალი კატეგორიის შექმნა ჩურჩხელის ბაზაზე?
🟢 როგორც ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიების ("ბარამბო", "ტკბილი ქვეყანა" და "სანდომი") მიმოხილვისას აღვნიშნე, საქართველოს აქვს პოტენციალი საერთაშორისო ბაზარზე მორგებული, ჩურჩხელის შთაგონებით შექმნილი ენერჯი ბარის წარმოების. შესაძლებელია შეიქმნას ნუტრიციულად გამორჩეული პროტეინ/ენერჯი ბარი, რომელიც, თავის მხრივ, ქართული ღვინის მრავალათასწლიან ისტორიასაც გამოიყენებს მარკეტინგული მიზნებისთვის. ამისათვის, ალბათ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადასადმელი, მათ შორის:
- ბრენდის სტრატეგიის განვითარება, რომელიც მორგებული იქნება გლობალური სნექების ტენდენციებს;
- კვების ტექნოლოგებთან ერთად პროდუქტის ნუტრიციულად გამდიდრება სხვადასხვა დამატებითი ინგრედიენტებით;
- შეფუთვის სიმარტივე. შეფუთვა ისეთი არ უნდა იყოს რომ პროდუქტის ნაწილს არ ფარავდეს ან შესაფუთ მასალას ეწებებოდეს, რაც მომხმარებლის გამოცდილებაზე უარყოფითად აისახება. არც ისე საგულდაგულოდ შეფუთული, რომ გახსნა დაგენანოს;
- ფორმის ცვლილება. არ არის აუცილებელი ტრადიციული ფორმის და მაინცდამაინც ძაფზე აცმული, სანთლის ფორმის იყოს;
- ადგილობრივ ბაზარზე პენეტრაციის ზრდა. ვერ ვფიქრობ მიზეზს რატომ არ უნდა იყოს ჩურჩხელით ინსპირირებული ენერჯი ბარი ყველა ფიტნეს დარბაზში და მარკეტების checkout დახლებზე ერთ-ერთ ალტერნატივად წარმოდგენილი, გლობალური ბრენდების გვერდით.
კომპანიის მფლობელები:
1️⃣ ბადაგი
💼 კომპანიის მფლობელები:
- ვახტანგ ყაჯრიშვილი: 50%
- მიხეილ ბლიაძე: 50%
2️⃣ ნუგბარი
💼 კომპანიის მფლობელები:
- ბიძინა ფხოველიშვილი: 80%
- ბექა საბეკია: 10%
- ეკა ბოქოლიშვილი: 10%