სწრაფი კვების რესტორნების ფრანჩაიზები (2022)

💡 გავეცნოთ საერთაშორისო სწრაფი კვების რესტორნების ფრანჩაიზებს საქართველოში 5 კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ შპს “თ და კ რესტორნები” (McDonald’s Georgia / მაკდონალდსი )

2️⃣ შპს “იბერია ფუდ კომპანი” (KFC Georgia / ქეი ეფ სი)

3️⃣ სს “ვენჯორჯია” (Wendy’s Georgia / ვენდისი)

4️⃣ სს “დი ენდ ბი საქართველო” (Dunkin’ Georgia / დანკინი)

5️⃣ შპს “თი ეი ბი ჯორჯია” (Burger King Georgia / ბურგერ ქინგი & Usta Dönerci / უსტა დონერჯი)

* Dunkin’-ს ჯერ არ გამოუქვეყნებია 2022 წლის ანგარიშგება, შესაბამისად კომპანიის ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლები ასახვს 2021 წელს.

ზოგადი მიმოხილვა

განხილული კომპანიებიდან, ამ ეტაპზე, მხოლოდ Mcdonald’s და KFC ოპერირებენ მომგებიანი ბიზნეს მოდელით. Wendy’s, Dunkin’ და Burger King კი წლებია ზარალზე ოპერირებენ.

Wendy’s და Dunkin’ ერთი მფლობელობის ქვეშაა და თითქმის იდენტური ფინანსური პრობლემები აქვთ.

  • Wendy’s-მა მხოლოდ 2022 წელს მოახერხა საოპერაციო მოგებაზე გასვლა, თუმცა ზედმეტად მაღალი ლევერიჯის ფონზე დადებითი თავისუფალი ფულადი ნაკადების გენერირება მაინც ვერ მოახერხა.
  • Dunkin’-ის შემთხვევაში უფრო მძიმე ვითარებაა, ვინაიდან კომპანია მოცულობით საოპერაციო ზარალზეა. Dunkin’-ის საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება საერთო მოგებას. შესაბამისად, კომპანიის საოპერაციო ზარალის მარჟა 2017-21 წლების განმავლობაში საშუალოდ უარყოფითი -23%-ია.
  • წლების განმავლობაში ორივე კომპანიას სესხის მომსახურების და კოვენანტების შესრულების პრობლემები აქვს. კომპანიების ფინანსური კრიზისი კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა, რომ არა Opic-თან მიღწელი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც კომპანიებს Opic-ის მიმართ სასესხო დავალიანება გაუნულდათ. Wendy’s-ის შემთხვევაში, $9.5 მილიონის გადახდის სანაცვლოდ, კომპანიას გაუნულდა ₾54 მილიონის მოცულობის სესხი. Dunkin’-ის შემთხვევაში კი $4 მილიონის გადახდის სანაცვლოდ გაუნულდა ₾30 მილიონის მოცულობის სესხი. Opic-ისთვის აღნიშნული თანხების გადახდა კომპანიებმა შეძლეს ძირითადად საქართველოს ბანკიდან აღებული სესხით. უზრუნველყოფაში კი ბანკს დამატებით ჩაუდეს საერთო კონტროლის ქვეშ არსებული კომპანიების, “ალმას” და სხვა “ვისოლის ჯგუფში” შემავალი კომპანიების აქტივები.

Burger King-იც ზარალზე ოპერირებს და, Dunkin’-ის მსგავსად, კომპანიის საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება საერთო მოგებას. ამას ემატება კომპანიის ძალიან მაღალი ლევერიჯი. კომპანიის მთლიანი აქტივების ღირებულება ₾8 მილიონს შეადგენს, ნასესხები სახსრები კი ₾22 მილიონს აღემატება.

  • აღსანიშნავია რომ Burger King-ის ფინანსებში გაერთიანებულია თურქული სწრაფი კვების ობიექტის, Usta Dönerci-ის ფინანსებიც. ანგარიშგებაში არ არის მოცემული თუ რა პროპორციულობით ნაწილდება შემოსავლები/ხარჯები ამ ორ კვების ობიექტს შორის.

გასაკვირი არაა, რომ განხილული კომპანიებიდან დივიდენდი მხოლოდ McDonald’s და KFC-ის აქვთ გაცემული. თუმცა, ამ უკანასკნელს მფლობელის მიერ ჩადებული ინვესტიცია ჯერ არ ამოუღია. დანარჩენი რესტორნების შემთხვევაში კი დივიდენდის გაცემა შორეული პერსპექტივა ჩანს.

კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.

ფინანსური მიმოხილვა

McDonald’s Georgia საქართველოს სწრაფი კვების ბაზარზე უპირობო ლიდერია, რომლის შემოსავალებმაც თითქმის ₾200 მილიონი შეადგინა 2022 წელს. ამ ზომის რესტორნის ქსელისთვის ასევე შთამბეჭდავია კომპანიის ზრდის ტემპიც. McDonald’s-მა 2019-22 წლებში შემოსავლები გააორმაგა.

ზომით მეორე სწრაფი კვების ობიექტი KFC-ია, რომელიც წარმოდგენილ რესტორნებს შორის ყველაზე მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა. სულ რაღაც 2019 წელს, KFC-ის Wendy’s-ზე და Dunkin’-ზე მცირე ბრუნვა ჰქონდა. თუმცა, კომპანიამ 2019-22 წლებში, same-store გაყიდვების ზრდითა და ახალი რესტორნების დამატებით, შემოსავლები გააოთხმაგა და მეორე უმსხვილესი სწრაფი კვების რესტორნების პოზიციაზე გადაინაცვლა. 2022 წლის შემდეგ კომპანიამ განაგრძო აგრესიული ზრდა და ამ ეტაპისთვის დაახლოებით 18 ობიექტი აქვს.

კომპანიების საერთო მოგების მარჟები (gross profit margin) 47%-60%-მდე მერყეობს. ყველაზე მაღალი, 60%-იანი საერთო მოგების მარჟა McDonald’s-ს უჭირავს.

კომპანიების საოპერაციო ხარჯების თანაფარდობა შემოსავლებთან 42%-72%-ის ფარგლებშია.

  • საოპერაციო ხარჯების ძირითადი მსხვილი ცალკეული კომპონენტეტები თანამშრომელთა ხელფასები და როიალტის ხარჯებია.

კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები ერთმანეთისგან განსხვავდება. მაღალი საერთო მოგების მარჟის და ოპტიმალური საოპერაციო ხარჯების შედეგად, McDonald’s ყველაზე მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს. KFC და Wendy’s 8%-იანი საოპერაციო მოგების მარჟები აქვთ. Dunkin’-ს და Burger King-ს კი უარყოფითი -16%-იანი და -13%-იანი მაჩვენებლები, შესაბამისად.

მიუხედავად იმისა, რომ Wendy’s და KFC-ის ერთნაირი საოპერაციო მოგების მარჟები ჰქონდათ 2022 წელს, Wendy’s გაცილებით მაღალი ლევერიჯი აქვს და შესაბამისად თავისუფალი ფულადი ნაკადების გენერირებას ვერ ახერხებს კონკურენტისგან განსხვავებით.


🟢 განხილული კომპანიების მაგალითზე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ფრენჩაიზით სწრაფი კვების ობიექტების შემოყვანა საკმაოდ რთული ამოცანაა. სტაბილური მომგებიანობის მიღწევა დაკავშირებულია საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდთან და მოცულობით განგრძობით კაპიტალურ ინვესტიციებთან. ამასთანავე, კომპანიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთო მოგების მარჟებისა და საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაცია, რაც (განხიხლულ მაგალითებზე დაყრდნობით) რთული მისაღწევია.