საშაურმეები (2022)

💡 გავეცნოთ შაურმის ბიზნესს 2 ქსელური კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ შპს “ხარება” (მაკშაურმა • MacShaurma)

2️⃣ შპს “მასტერ ფუდი” (შაურმა ქლაბი • Shaurma Club)

ზოგადი მიმოხილვა

მაკშაურმა 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. ამჟამად, კომპანიის სწრაფი კვების ქსელი 7 ფილიალს მოიცავს. 2019 წელს მაკშაურმას ბიზნესი ორად “გაიყო”, რის შედეგადაც ერთმა დამფუძნებელმა ბრენდი “მაკშაურმა” დაიტოვა (რომლის მიმოხილვაც ამ ანალიზშია წარმოდგენილი), მეორე დამფუძნებელმა კი “მარგეს” ბრენდით განაგრძო ბიზნესის ოპერირება.

შაურმა ქლაბი 2015 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ამჟამად საკუთარ ქსელში 9 ფილიალს აერთიანებს.

ორივე კომპანიის მომგებიანობის მაჩვენებლები მაღალია. EBITDA მარჟა 18%-20%-ის ფარგლებშია, აქტივებზე ამონაგებიც საკმაოდ შთამბეჭდავია. წარმოდგენილ კომპანიებს ფიქსირებულ აქტივებში დიდი მოცულობითი ინვესტიცია არ აქვთ ჩადებული, ამის პროპორციულად კი საკმაოდ მაღალ შემოსავალს იღებენ

  • მაგალითისთვის, შევხედოთ შაურმა ქლაბს. კომპანიის მთლიანი ძირითადი საშუალებების (PP&E) ღირებულება ₾700 ათასამდეა, კომპანიის წლიური ბრუნვა კი ₾18 მილიონზე მეტი;
  • კონკურენტთან შედარებით, მაკშაურმას გაცილებით დიდი ინვესტიცია აქვს ჩადებული როგორც დანადგარებსა და აღჭურვილობაში, ასევე ფილიალების კეთილმოწყობაში. კომპანიის ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებამ ₾3 მილიონი შეადგინა 2022 წლის ბოლოს. თუმცა, ამონაგები აქტივებზე მაკშაურმას შემთხვევაშიც საკმაოდ მაღალია.

კომპანიების ფინანსური ანალიზისთვის შევხედოთ 2022 წლის მონაცემებს.

ფინანსური მიმოხილვა

მაკშაურმას შემოსავლებმა ₾24.4 მილიონი შეადგინა 2022 წელს, რაც 4-ჯერ და მეტჯერ აღემატება 2019 წლის შემოსავლებს. შაურმა ქლაბის შემოსავლებმა ₾18.4 მილიონს მიაღწია, რაც 42%-ით აღემატება 2019 წლის მონაცემებს.

  • როგორც ხედავთ, მაკშაურმას საკმაოდ შთამბეჭდავი შემოსავლების ზრდა ჰქონდა 2019 წლიდან (2020 წელი: +11%; 2021 წელი: +135%; 2022 წელი: +66%). საინტერესოა, რომ 2019 წელს მაკშაურმა 56%-ით ჩამოუვარდებოდა შაურმა ქლაბს შემოსავლების კუთხით. 2022 წელს კი მაკშაურმას შემოსავლები უკვე 33%-ით აღემატებოდა კონკურენტის შემოსავლებს.

2021 წელს მაკშაურმას 135%-იანი ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი საერთო მოგების მარჟის (gross profit margin) მნიშვნელოვანი შემცირება იქნებოდა. როგორც “დასკვნით სექციაში” ქვემოთ ნახავთ, 2021 წელს მაკშაურმამ საერთო მოგები მარჟა 37%-მდე შეამცირა, მაშინ როდესაც კონკურენტს 50%-იანი მარჟა ეჭირა იმავე პერიოდში;

2022 წელს მაკშაურმამ დაასტაბილურა საერთო მარჟა და 48%-მდე აწია, თუმცა შაურმა ქლაბის მარჟას მაინც 5%-ით ჩამოუვარდება;

აღსანიშნავია მაკშაურმას მოცულობითი კაპიტალური ინვესტიციები დანადგარებსა და ფილიალების კეთილმოწყობაში 2019-2022 წლებში, რამაც სავარაუდოდ ასევე პოზიტიური როლი ითამაშა მომხმარებელთა გამოცდილების ამაღლებაში.

საოპერაციო ხარჯების კუთხით, ორივე კომპანიას თითქმის იდენტური სტრუქტურა აქვს. Opex-ის წილი შემოსავლებში 34%-ს შეადგენს.

კომპანიების EBITDA მარჟები 18%-20%-ის ფარგლებშია. არ არის გამორიცხული, კონკურენციის ზრდასთან ერთად, მომგებიანობის მარჟების შემცირების ტენდენცია ვიხილოთ მომდევნო წლებში.

კაპიტალის სტრუქტურის კუთხით, წარმოდგენილი კომპანიები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთამანეთისგან. მაკშაურმას ₾3 მილიონზე მეტი სესხი აქვს ბალანსზე, რაც მთლიანი აქტივების 50%-ს შეადგენს, შაურმა ქლაბს კი საერთოდ არ აქვს სესხი ბალანსზე.

  • მაკშაურმას სესხის აღების ძირითადი მიზეზი მოცულობითი კაპიტალური დანახარჯები იქნებოდა, რომელიც კომპანიამ 2019 წლიდან განახორციელა.

💼 2021-2022 წლებში მაკშაურმას მფლობელზე გაცემულმა დივიდენდმა კუმულატიურად ₾1.5 მილიონი შეადგინა, შაურმა ქლაბმა კი 2023 წელს ₾1 მილიონი გასცა მფლობელებზე დივიდენდის სახით.

🟢 სტანდარტული შაურმის ბიზნესის დასაწყებად არ არის საჭირო დიდი ინვესტიცია მანქანა-დანადგარებში და, ზოგადად, ფიქსირებულ აქტივებში. შესაბამისად, ბიზნესის დაწყების ხარჯი დაბალია სხვა ტიპის სწრაფი კვების ობიექტებთან შედარებით

- სწორედ ამიტომაა, რომ ყოველ ნაბიჯზე არაქსელურ/ინდივიდუალურ საშაურმეებს ვხედავთ. ეს, თავის მხრივ, იწვევს ბაზრის გაჯერებას სხვადასხვა მოთამაშეებით, რომელთა დიფერენციაცია რთულია პროდუქციის მსგავსებიდან გამომდინარე;

- ბაზრის ამჟამინდელი ლიდერებისთვის მნიშვნელოვანი იქნება გეოგრაფიულ დაფარვის ზრდაზე ფოკუსი, ხარისხის სტაბილურობა/კონტროლი და, რაც მთავარია, ბრენდის სწორი პოზიციონირება და ცნობადობის ზრდა;

- ახალი მოთამაშეებისთვის კი უკეთესი იქნება გარკვეული სიახლით შემოსვლა და/ან ნიშურ სეგმენტზე გასვლა. ეს განსაკუთრებით იმ საშაურმეებს ეხება, რომელთაც არ აქვთ დიდი საწყისი ინვესტიციის განხორციელების საშუალება ძირითად საშუალებებსა და ბრენდის განვითარებაში.

წარმოდგენილი კომპანიების შემოსავლების დინამიკის უკეთ გასაცნობად, იხილეთ ქვემოთ მოცემული გრაფიკი:

კომპანიის მფლობელები:
1️⃣ მაკშაურმა • MacShaurma
💼 კომპანიის მფლობელი:
- რამაზ ხარებავა: 100%

2️⃣ შაურმა ქლაბი • Shaurma Club
💼 კომპანიის მფლობელები:
- ტიტალ დასენი (ორმაგი მოქალაქე საქართველო/რუსეთის ფედერაცია): 80%
- არტურ არაბიან(ორმაგი მოქალაქე საქართველო/სომხეთი): 20%